“მთელი ჩემი ცხოვრება ორ წამში გავიარე, გულისფანცქალით ველოდი ამ წამს”

ლაშა ღლონტი: საქართველოში ეკა მაზმიშვილის ხელმძღვანელობით თეატრალური ფესტივალი ჩატარდა. მოწვეულები იყვნენ უცხოელი მსახიობები. მათ შორის ერთ-ერთი ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი აღმოჩნდა. მე და „ალილოს“ ბიჭები „შატო მერეს“ დამფუძნებელ გია პირადაშვილთან ვმეგობრობთ და მისი ხშირი სტუმრები ვართ. ძალიან ხშირად მნიშვნელოვანი ღონისძიებების „აფთერ ფართი“ სწორედ მასთან იმართება ხოლმე და ასე იყო ამჯერადაც. გიამ დაგვირეკა და გვითხრა, დღეს სუფრასთან ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი იქნებაო. რა თქმა უნდა, გიჟივით გავვარდი (იცინის). ძალიან მინდოდა ამ ადამიანის გაცნობა. რომ შევხედე, მაშინვე ვიცანი, გარეგნულად მართლა ძალიან ჰგავს ბაბუას. თუმცა, მერე გაგვაფრთხილეს, ცოტა სხვანაირი მიდგომები აქვს, ამით თავს არ იწონებს და არც აფიშირება უყვარს, ამიტომ ბაბუაზე თქვენც ნუ გააკეთებთ პედალირებასო. თუმცა, ხომ იცით, ქართველები ვართ, ერთი ჭიქა ღვინო დავალევინეთ, მრავალჟამიერი ვუმღერეთ, გავხსენით და რავარი იყო ბაბუაშენი-მეთქი, კი დავიწყეთ ამაზე საუბარი (იცინის). ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. გაგიჟდა, ქართული სიმღერა ისე მოეწონა. ჩვენც თავი გავიგიჟეთ, რომ ჩვენი კულტურის ხიბლი მაქსიმალურად კარგად შეეგრძნო. თვითონაც წარმოგვიდგინა საინტერესო კომპოზიციები ექსპრომტად და ძალიან ვისიამოვნეთ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა იყო.

როგორც ვიცი, თვითონაც მსახიობია. თუმცა სურფასთან ჩვენ იმდენად უშუალო სიტუაცია გვქოდა, მისთვის მსგავსი კითხვები არ დაგვისვამს. ერთად კარგი ქართული ქეიფი გამოგვივიდა (იცინის). კარგად გაითავისა ჩვენი ქართული სუფრა, ისეთი გახურებული ქეიფი მიდიოდა, გადავდგით იქაურობა (იცინის). თქვა, რომ ქართული სიმღერა განსაკუთრებული ფენომენია და სიმართლე გითხრათ, ჩემი და ჩემი მეგობრების მიზანიც სწორედ ეს არის – გვინდა ქართული სიმღერა წარმოვაჩინოთ არა როგორც ეგზოტიკა, არამედ, როგორც მსოფლიო კულტურული ღირებულება. ამის ნათელი დადასტურება იყო ახლახან იტალიაში, ვატიკანში შესრულებული ქართული პოლიფონია. აღფთოვანება მარტო ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილისგან კი არ მინახავს, ძალიან ბევრ ვარსკვლავს შევხვედრივარ, მაგალითად, ლიზა სიმონე ავიღოთ და ვერავინ მალავს ქართული სიმღერის მოსმენით გამოწვეულ აღფრთოვანებას.

– ვის მოუხდენია თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

– ჩემთვის ოცნება იყო ბატონ გია ყანჩელთან ურთიერთობა. ის რამდენადაც დიდებული კომპოზიტორია, იმდენად უბრალოზე უბრალო ადამიანი აღმოჩნდა. ბევრ უნიჭიერეს ადამიანთან მქონია ურთიერთობა და ადამიანი, რაც უფრო დიდია თავის საქმეში, მით უფრო თავმდაბალია პიროვნულად – ეს არის ყველაზე გასაოცარი. ლეგენდაა ადამიანი, მაგრამ უყურებ რომ ძალიან ჩვეულებრივია, ძალიან უბრალოა და სწორედ ამ გულწრფელი უბრალოებით არის ლეგენდა. ლიზა სიმონე მსოფლიო ვარსკვლავია, რომელმაც საოცარი იმპროვიზაციები აკეთა ჩვენს სუფრასთან, იგივე შემიძლია ვთქვა ბობი მაკფერინზე.

მინდა, პატარა ბროშურა გამოვუშვა მომავალი თაობისთვის, ცნობილი და დიდი ადამიანების გამონათქვამებით, თუნდაც სუფრასთან გამოთქმული აზრებით, რომელმაც შეიძლება, ადამიანის ცნობიერებაზე დიდი გავლენა მოახდინოს.

სუფრა და ქართული სიმღერა ერთად საოცარი ტანდემია. „ბინა 37“ არის ასეთი ადგილი, სადაც მაღალი გემოვნების საზოგადოება იკრიბება. ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ქალბატონი ნატალია ლუკეზი, ის ეტიკეტის სპეციალისტი გახლავთ და აღფრთოვანებულმა გვითხრა, მაღალი დონის ეტიკეტს ძალიან უხდება ქართული სიმღერაო. იმდენად ელიტარული და კულტურულია ქართული სიმღერა, რომ პარიზის ეტიკეტის სკოლის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმოამადგენელმა, მაღალი რანგის პროფესიონალმა, აღფრთოვანება ვერ დამალა.

– თქვით, რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო უბრალოაო. ჩვენთან რატომ ასოცირდება პოპულარობა, წარმატება და ცხვირის აწევა ერთმანეთთან?

– ჩემთვის ეს ნაკლები ინტელექტის მანიშნებელია. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია. როდესაც პირველად ჩავედი ამერიკაში, აეროპორტში ძალიან ბევრი ხალხი დამხვდა. მაშინ მეუფემ ასეთი რამ მითხრა: ახლა იწყება შენი გამოცდა, იესო როცა შედიოდა იერუსალიმში, ჯორზე იჯდა და მთელი იერუსალიმი ზარით და დიდებით შეხვდა. ჯორს ეგონა, მე მხვდებიანო. ამ ჯორს არასდროს უნდა დაემსგავსო. გახსოვდეს, რომ ყველაფერი უფლისგან მოდის. ნიჭი იქნება თუ დადებითი თვისებები, რის გამოც ხალხი პატივს გცემს, შენი არ არის, უფლის საჩუქარიაო. ქართული სიმღერა – ის, რასაც მე ვემსახურები, ქართველი ხალხისაა, ამიტომ მე მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, მადლობას ვუხდი უფალს და ყოველთვის მახსოვს ეს სიტყვები. მაყურებელსა და მსმენელს ვერ მოატყუებ, ის გულწრფელობასა და ნამდვილობას ყოველთვის აფასებს. ვინც „თავი წამოსწია“, იქვე დაამთავრა კარიერა.

– განსაკუთრებულ ადამიანებთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ და არ შემიძლია, პატრიარქზე არ გკითხოთ…

– პატრიარქთან ურთიერთობის ბედნიერება ძალიან ბევრჯერ მქონია და ეს დუმილში გამოიხატება. მასთან ყველა სიტყვა ზედმეტია, ჩემთვის ასეა. ჩვენ ხშირად მივდივართ მასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ სიმღერას ვემსახურებით და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა. პატრიარქი რომ თავზე ხელს დაგადებს და მოგეფერება, ეს ყველაფერს ნიშნავს. ჩვენ სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით გვეწოდა „ალილო“.

– ხაზი გაუსვით, რომ თქვენი მასთან ურთიერთობა დუმილში გამოიხატება…

– დიახ. საერთოდ, დიდი გრძნობა და სისუფთავე ყოველთვის დუმილში მოდის. სიყვარულის ახსნაც კი დუმილით ხდება, ჩემთვის ამას სიტყვები არ სჭირდება. როდესაც მე იერუსალიმში, ქრისტეს საფლავზე ვიყავი დუმილმა მთელი ჩემი არსება მოიცვა და მთელი ჩემი ცხოვრება ორ წამში გავიარე. არის სიტუაცია, როცა გონება და ლოგიკა იკარგება და ენით აუწერელი რაღაცები ხდება. მე არასდროს მიცდია პატრიარქთან საუბარი. არ და ვერ შევძლებ ამას. მხოლოდ ის შემიძლია, ჩემი სიმღერით მოვეფერო მას.

– თქვენთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ვისთან შეხვედრა იყო ყველაზე ემოციური?

– ჩემი უფროსი მეგობარი თემურ ჭიჭინაძე აწყობს ხოლმე შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან. „ალილოს“ ბიჭები ხშირად ვიკრიბებით მასთან და ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს ჩემი დიდი ოცნება ახდა – ბატონი გია ყანჩელი გავიცანი. ზუსტად ეს შეხვედრა მახსენდება ყველაზე ემოციურად, მართლა გულისფანცქალით ველოდი ამ წამს. ძალიან მოვინდომე და ჯანსუღ კახიძის სიმღერა შევასრულე. ბატონ გიას ძალიან მოეწონა და უცნაური შეფასება გააკეთა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება. ერთადერთი უპირატესობა შენთან შედარებით, მე ჯანოსთან მიმართებაში ის მაქვს, რომ ის ჩემი მეგობარი იყოო. საოცარი იყო მისგან ამ სიტყვების მოსმენა. გია ყანჩელი რომ ამას გეტყვის, ესე იგი, უფლება გაქვს, იმღერო – ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ასევე იხილეთ