ლილი იოსელიანმა ერთადერთი მამაკაცის სიყვარული საფლავში ჩაიტანა – ,,ნეტა კი, მანამდე გავატან?” – რაზე ოცნებობდა მხცოვანი რეჟისორი სიკვდილის წინ

,,ქალი რეჟისორი არავის სწამდა. ყველა ასე იძახდა, ქალი და რეჟისორი ვის გაუგიაო. როდესაც რამდენიმე სპექტაკლი დავდგი, მაინც ვერ აღმიქვეს. რატომღაც რეჟისორი აუცილებლად კაცი უნდა ყოფილიყო”, – იხსენებდა რეჟისორი, აკადემიკოსი და სახალხო არტისტი ლილი იოსელიანი. 2014 წლის 25 მარტს მან უკანასკნელად იზეიმა თავისი დაბადების დღე. 92 წლის ქალი გაბრწყინებული თვალებით უყურებდა თავის აღზრდილ მსახიობ-რეჟისორების თაობებს და ბედნიერი იყო იმით, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება მათში გრძელდებოდა. ,,სარკეს” ლილი იოსელიანის შესახებ მისმა უახლოესმა ადამიანებმა უამბეს.

მიმოზა გოგსაძე, ლილი იოსელიანის დეიდაშვილი:

– ლილი შვიდთვიანი დაიბადა. მის დაბადებას დედაჩემი ესწრებოდა და მისგან ვიცი ეს ამბები. ლილის მამიდის ქმარი გახლდათ ალექსანდრე ჯაფარიძე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი. როცა ნოე ჟორდანიას მთავრობა ემიგრაციაში წავიდა, ისიც უცხოეთში გაემგზავრა.

ლილის მამაც ემიგრაციაში აპირებდა წასვლას. დეიდაჩემი ამ დროს 7 თვის ორსული იყო. თურმე როდესაც ბათუმში გემთან მივიდნენ, უცებ ცუდად გახდა. ბიძაჩემმა ცოლი სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანა. ექიმმა გასინჯა თუ არა, უთხრა, ნაყოფი უნდა მოვაშოროთ, თორემ შვიდთვიანის გადარჩენას ვერ შევძლებთო. ბიძაჩემს უარი უთქვამს, რადგან ეს მათი პირველი შვილი იყო. მოკლედ, დეიდა მაინც ამშობიარეს.

მაშინ ინკუბატორი არ არსებობდა, ამიტომ ახალშობილი სახლის პირობებში გაზარდეს. ბოთლებში ცხელ წყალს ასხამდნენ, ბავშვს ბამბებსა და თბილ ბოთლებში ახვევდნენ და ასე ჰყავდათ ორი თვე. გარდა იმისა, რომ შვიდთვიანი დაიბადა, თურმე ექთანს ახალშობილი ხელიდან გაუვარდა და ორივე მენჯიდან ამოვარდა, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა 2 წლის გახდა. ფეხი რომ აიდგა, კოჭლობდა. შემდეგ 3 ოპერაცია ჩაუტარეს, მაგრამ მენჯი სამივეჯერ არასწორად ჩაუსვეს. ეს იყო აუტანელი ტკივილი… მეოთხე ოპერაციას რომ უკეთებდნენ, ბიძაჩემს უთქვამს, ბავშვს მეტად ნუღარ ვაწვალებთ და ასე დავტოვოთო.

ალილი მაინც ლამაზი, კოხტა ქალი იყო, ოღონდ ტანდაბალი. ეს პაწაწინა ქალი ისეთი ძლიერი იყო, რომ კაცს შეშურდებოდა. დიდი მსახიობი სერგო ზაქარიაძე თავის მოგონებებში წერს: ,,გველი რომ შემოგეხვევა ყელზე, ლილი ისე გამგუდავს, დამახრჩობს და მისი მორჩილი ვხდები”.

ერთადერთი სიყვარული

მიმოზა გოგსაძე: ლილი ძალიან პრინციპული იყო და ამიტომაც არ შექმნა ოჯახი. ერთხელ იყო შეყვარებული. ის კაციც ხელოვნების სფეროში მუშაობდა, მაგრამ მისი სახელის და გვარის თქმა არ მინდა. ამ თემაზე ლილიც არ საუბრობდა. მოკლედ, იმ კაცსაც ძალიან უყვარდა. სამწუხაროდ, მათგან წყვილი ვერ შედგა და ამაზე უარი თავად ლილიმ თქვა. ამბობდა ხოლმე, რატომ უნდა დაიჩაგროს ჩემ გამოო. ასე დაშორდა იმ მამაკაცს და მას შემდეგ პირადი ცხოვრებისთვის არ მოუცლია.

თავი ბოლომდე საქმით დაიტვირთა. რაც უნდა ცუდ მდგომარეობაში ყოფილიყო, სახლში მისულ სტუმარს კარგ ხასიათზე ხვდებოდა. როგორც იცით, უამრავი სტუდენტი და აღსაზრდელი ჰყავდა. მის ხელში თაობები აღიზარდნენ. ყველას სახლში იღებდა, სტუდენტებს სანამ არ გამოკვებავდა და არ დაასვენებდა, მანამდე არ ამეცადინებდა. მათზე ისე ზრუნავდა, როგორც საკუთარ შვილებზე. სამწუხაროდ, ლილის საკუთარი შვილი არ ჰყოლია და მთელი თავისი სითბო ახალგაზრდებზე გადაიტანა.

სიცოცხლის უკანასკნელ წელს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობა შერყეული იყო, სპექტაკლ ,,აბსენტის” დადგმა უნდოდა. სცენარი და ესკიზები მზად ჰქონდა, მაგრამ იმ დროს მარჯანიშვილის თეატრის სცენა დაკავებული გახლდათ. ამაზე ძალიან წუხდა და განაწყენებულიც იყო. ბოლოს ტვინში სისხლი ჩაექცა. მაინც არ განელებია ,,აბსენტის” დადგმის სურვილი.

სიცოცხლის მიმწუხრს

თამილა აბაშიძე, ლილი იოსელიანის მომვლელი და ნათესავი: როდესაც პირველად გახდა ცუდად, მასთან საცხოვრებლად გადავედი. ეს ჩემი სურვილიც იყო და მასაც უნდოდა, რომ გვერდით ვყოლოდი. ეს წლები ჩემს ცხოვრებაში ტკბილად მოსაგონარი პერიოდია. ლილი ძალიან მორიდებული და მოკრძალებული ქალი იყო, ზედმეტად არაფერს დამავალებდა.

განსაკუთრებით მახსენდება 25 მარტი – მისი ბოლო დაბადების დღე. უამრავი მსახიობი ესტუმრა, ისინი, ვინც მის ხელში აღიზარდნენ. კულტურის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა, სამინისტროს სპეციალური ჯილდო “ხელოვნების ქურუმი” გადასცა. ლილი უზომოდ გახარებული იყო. ყველა მოწაფეს სათითაოდ უთხრა სიტყვა, დარიგებები მისცა..

სიცოცხლის ბოლო დღეებს რომ ითვლიდა, ორმაგად კეთილშობილი გახდა. სულ მეფერებოდა და მარიგებდა, ყველასთან ლმობიერი იყავი, გულში წყენა არ ჩაიდოო. სახლში სულ წიგნებს კითხულობდა. მიკვირდა, რომ ზეპირად ახსოვდა უამრავი ლექსი. გოგოლის, პუშკინის და სხვა პოეტების ლექსებს მიყვებოდა. ასეთი იყო ლილის ბოლო წლები, დღეები.

იცით, მისი ჩვეული ტრადიცია რა იყო? ყოველ შაბათს დილიდან კარგ ხასიათზე იყო. ადრე ადგებოდა, ემზადებოდა და მერე ორივენი დიდუბის პანთეონში, ჯაბას საფლავზე მივდიოდით…

ბოლო წუთამდე მონდომებული იყო, რომ თავის სფეროში ემუშავა, თუმცა მოწაფეებმა რომ უთხრეს, ზაფხულში სპექტაკლი დავდგათო, უპასუხა: ,,ნეტა კი, მანამდე გავატან?”. როგორც იცით, ბოლო წლებში რეპეტიციებს სახლში ატარებდა. ზოგჯერ დილიდან სუსტად იყო, შემომჩივლებდა, არაფრის თავი მაქვსო. როგორც კი რეპეტიციის დრო მოახლოვდებოდა და მსახიობები მოვიდოდნენ, იმ წამსვე ენერგიით ივსებოდა.

ასევე იხილეთ