“პერსონა ნონ-გრატა ვარ და ჩემი მეუღლის საფლავიც კი არ მინახავს დღემდე”

ქისტი ქალი, მექა ხანგოშვილი, სამი შვილის დედაა. საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. რადგან მათ თემში სხვა ერის წარმომადგენელზე გათხოვება ფაქტობრივად აკრძალულია, ჩეჩენი მამაკაცი აირჩია ცხოვრების თანამგზავრად. მისი ქმრის ხელში ჩაგდებას რუსები წლების განმავლობაში ცდილობდნენ და საწადელს მიაღწიეს – რამდენიმე წლის წინ მოწამლეს, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

მექამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. მერე კი თავის მეორე სამშობლოში, ჩეჩნეთში, სამუშაოდ წავიდა, სადაც მალე რუსეთმა ომი დაიწყო. საქართველოში დაბრუნებულმა გაიცნო მომავალი ქმარი, რომელიც ექიმი გახლდათ.

საბოლოოდ რუსეთის იმპერიამ ჩეჩნეთი მიწასთან გაასწორა და 43 ათასზე მეტი ბავშვი ამოხოცა. მექას ახსოვს, როგორი სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ რუსი სამხედროები ჩეჩნებს. ომის საშინელი სურათები მის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა და ახლა  უკრაინაში რუსეთის სისასტიკემ ეს სურათები გააცოცხლა, ჭრილობები განუახლა. ამის შესახებ ის ,,სარკეს” მოუყვა:

–  ამ ყველაფერმა, რაც ხდება, ძალიან იმოქმედა ჩემს ჯანმრთელობაზე. ძალიან ცუდად ვარ. განმიახლდა მთელი 15-წლიანი საშინელი პერიოდი ჩეჩნეთისა. 2003 წელს გაერო-მ ყველაზე განადგურებულ ქალაქად გამოაცხადა ჩეჩნეთის დედაქალაქი გროზნო.

ჩემ თვალწინ გაიარა ჩეჩნეთის ორივე ომმა. მეორე ომი რომ დაიწყო, მე უკვე იქ აღარ ვცხოვრობდი, მაგრამ იქიდან ვინც კი გადმოდიოდა, ყველა ჩემამდე მოდიოდა. საშინელება მაქვს გავლილი. უკრაინა დიდია. ჩეჩნეთი კი სულ 20 ათასი კვადრატული კილომეტრია და მემილიონე ჩეჩენი დაიბადა, როდესაც იქ ომი დაიწყო… ჩემი მეუღლე მოკლეს რუსებმა.

– რა ვითარებაში გარდაიცვალა თქვენი მეუღლე?

– იარაღით პირდაპირ არ დაუხვრეტიათ, მაგრამ მოწამლეს. მთელი 19 წელი ეძებდნენ. ბოლოს მაინც მიაგნეს თურქეთში ერთ-ერთი მივლინების დროს. მოწამლეს და წელიწადნახევრის შემდეგ გარდაიცვალა 45 წლის ასაკში, 2018 წელს.

ჯადოსნური წრის გარშემო ვტრიალებთ გამორჩეულად თავისუფლებისმოყვარე ერები. ჩემი მეუღლე იარაღით ხელში კი არ იბრძოდა, სამხედრო ქირურგი იყო და, განურჩევლად ეთნოსისა და რელიგიისა, ყველა დაჭრილს მკურნალობდა, მათ შორის – რუსებსაც. ბევრ საველე მეთაურს უთქვამს, ომარი ჩვენი ღმერთი იყო ბრძოლის ველზეო.

იფიცებოდა, იგივენაირად ვმკურნალობდი რუსებს, როგორც ჩეჩნებსო. 2014 წელს რომ უკრაინაში ომი დაიწყო, სულ ამბობდა, ჯანმრთელობა რომ ხელს მიწყობდეს, აუცილებლად წავიდოდიო. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს უკრაინელი მოხალისეებიც იბრძოდნენ და ჩემი ქმარი ამბობდა, ძალიან უშიშარი ხალხიაო.

– რუსები რატომ ერჩოდნენ თქვენს ქმარს?

– ერთ-ერთი ოპერაციის დროს აიყვანეს და 6 თვის განმავლობაში საფილტრაციო ბანაკში აწამეს. 5 ძმა ჰყავს ჩემს მეუღლეს. რომ მიაგნეს, გადაიხადეს დიდძალი ფული და იქიდან რომ გამოვიდა, სასამართლოს არ დაელოდა, ისე გამოემგზავრა საქართველოში გელაევთან ერთად. ვინც მაშინ მათთან ერთად გადმოვიდა საქართველოში, ყველა დახოცეს. დღეს არც ერთი აღარაა ცოცხალი.

რუსეთში ჩვენზე ამბობდნენ, რომ საქართველოში ყველაზე დიდ ანტირუსულ  პოლიტიკას მექა ხანგოშვილი და მისი მეუღლე აწარმოებდნენ. ჩემი მკვდარი მეუღლისაც კი ეშინიათ. ომარი გარდაიცვალა 2018 წლის 15 ნოემბერს. ერთმა ჩემმა მეგობარმა 2019 წლის 19 მაისს გამომიგზავნა მასალა, სადაც ეწერა, რომ ჩემი მეუღლე ცოცხალია და საქართველოს პარლამენტის დეპუტატია, მე კი – დიდი მეწარმე. ამ დროს თვიდან თვემდე რომ მაღაზიაში ვალი არ მქონდეს, არ მახსოვს ისეთი თვე.

2020 წელსაც იმავე ინფორმაციას ავრცელებდნენ. სანამ ჩემი ქმარი ცოცხალი იყო, ჩვენს სახლთან მუდმივად იდგნენ რუსი სპეცსამსახურების წარმომადგენლები, სულ ვგრძნობდი, როგორ მითვალთვალებდნენ.

კიდევ  ერთ ამბავს მოგიყვებით: ჩეჩენ მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელმა, რომელიც ძალიან ცნობილი პიროვნება გახლავთ, რამზან ბუიტამიროვმა, თავისი თანამოაზრეების დახმარებით  მოახერხა კონგრესის ჩატარება აქ, ჩვენთან, რასაც ბევრი უცხოელიც დაესწრო. აქ იყო ასევე იტალიელი ჟურნალისტი, ანტონიო რუსო. ამ ახალგაზრდა კაცს ძალიან უყვარდა ჩეჩენი ერი და ყველას ეკითხებოდა, რამე ხომ არ გჭირდებათ, რით დაგეხმაროთო. ჩეჩნებს კი თუ ადამიანის მიმართ ნდობა გაუჩნდებათ, ბოლომდე მიჰყვებიან უღალატოდ. რომ გაიგეს, ეს კაცი ძლიერად იყო შეყვარებული ჩეჩნებზე, გადაწყვიტეს, ყველა მასალა გადაეცათ, რაც კი ჰქონდათ.

ჩეჩნეთში რომ ქალები იბრძოდნენ, მათაც ბევრი მასალა გადასცეს ანტონიო რუსოს და ამ მასალებში იყო ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილი იყო, როგორი მასობრივი გენოციდი მიდიოდა ჩეჩენი ერის.

პარტიზანების ლიკვიდაციის მიზნით იყენებდნენ რაღაც ქიმიურ ხსნარს, რომელიც აკრძალულია ყველა კონვენციით. ვერტმფრენებიდან ასხამდნენ ამ სითხეს ტყეებს, 20 წუთის შემდეგ მთლიანად შიშვლდებოდა ტყე და იწყებდნენ პარტიზანების ლიკვიდაციას. ასევე, ვერტმფრენებიდან ყრიდნენ ბრჭყვიალა რაღაცებს, რომლებსაც ბავშვი როგორც კი ხელს მოჰკიდებდა, უვითარდებოდა ალერგია და რამდენიმე დღეში კვდებოდა.

ეს ყველაფერი კადრებზე იყო აღბეჭდილი, ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ერთ-ერთ ფირზე იყო აღბეჭდილი, ცოცხლად როგორ უღებდნენ ორგანოებს პატარა ბავშვებს. ქალი ყვებოდა, სკოლაში არ ვუშვებდით ბიჭებს ან კაბებს ვაცმევდით, რადგან გაჰყავდათ ბიჭები, რაღაც ვაქცინას უკეთებდნენ და კლავდნენო. დედის კალთაში 8 წლის ბიჭს ყელი გამოჭრეს და ა.შ.

ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში,  ოფიციალური სტატისტიკით, 43 ათასი ბავშვი გარდაიცვალა და არაოფიციალურად – ბევრად მეტი. 10 ვიდეოკასეტა იყო, სადაც საშინელი კადრები იყო აღბეჭდილი.

ნანახი მაქვს, ფეხმძიმე ქალს მუცელი როგორ გაუფატრეს და ბავშვი ამოიყვანეს. ერთი უფეხო ჩეჩენი ქალი მოგვიყვა, სარდაფში ვიმალებოდით მთელი ოჯახი, რომ გამოიარეს რუსებმა და შეამჩნიეს, ცოცხლები ვიყავით, ბომბი ისროლეს, ოჯახის 14 წევრი ამომიხოცესო. ძალიან უბედური იყო, რომ მხოლოდ ის გადარჩა.

უარესს თუ არა, ნაკლებს ნამდვილად არ გააკეთებენ უკრაინაში. ისინი არ იცვლებიან, მათთვის უცნობია ცივილიზაცია და ადამიანური ურთიერთობები. იტალიელმა ჟურნალისტმა, ანტონიო რუსომ, მაშინ გამოაცხადა, რომ ეს ყველაფერი მიჰქონდა ევროპაში და მიაწვდიდა გაერო-ს, ევროსაბჭოს თუ ევროპარლამენტს.

პირადად ვუთხარი ამ რუსოს, იქნებ თავი შეიკავოთ-მეთქი, რადგან ვიცოდი, იმავე კონგრესს ბევრი რუსი აგენტი ესწრებოდა. ვთხოვე, არ გამოეცხადებინა და ჩუმად წაეღო, მაგრამ… ზუსტად ორ კვირაში გომბორის გადასასვლელთან, ვაზიანის ბაზასთან, გარდაცვლილი იპოვეს. ნაწამები იყო და მის ცხედარზე სამჯერ იყო გადატარებული ავტომობილი. ასეთი სასტიკი მეთოდებით მხოლოდ რუსული სპეცსამსახურები მუშაობენ. იყო ვერსია, რომ ვაზიანში რომ რუსული ბაზა იყო, იქ მიიყვანეს და აწამეს.

– პანკისში დაიბადეთ და გაიზარდეთ. ფესვებმა გძლიათ, ჩეჩნეთში რომ წახვედით?

– პანკისში, პედაგოგების ოჯახში გავიზარდე. ძალიან ეროვნულ ოჯახში ვიზრდებოდი. 9 აპრილის მოვლენების დროსაც აქ ვიყავი. 9 აპრილის ღამეს არ ვყოფილვარ გარეთ, რადგან, ჩვენი ტრადიციის თანახმად, სანამ დღე-ღამე გაიყრება, ქალი სახლში უნდა იყოს, ღამით აკრძალულია სიარული. მამაჩემს წინ ვინ აღუდგებოდა?! მისი აზრი დღემდე კანონია ჩემთვის. საღამოს 8 საათისთვის წამოვედი რუსთაველის გამზირიდან. 20 წლის ვიყავი მაშინ…

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, 1992 წელს, ჩემი და ჩეჩნეთში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მუშაობდა. აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია, 8 ენას ფლობს. მაშინ ჩეჩნეთი მართლა ყვაოდა, აქ კი პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი იყო და თან იმდენად მონატრებული მქონდა წინაპართა სამშობლო… ჩემი სამშობლო საქართველოც არის და აქ თავი უცხოდ არ მიგრძვნია, მაგრამ ის ნოსტალგია სულ მქონდა.

წავედი ჩეჩნეთში და ბიოფიზიკის კათედრაზე ვიმუშავე. მაშინ დაიწყო მეორე ომი და წამოვედი. მას მერე პერსონა ნონ გრატა ვარ და ჩემი მეუღლის საფლავიც კი არ მინახავს დღემდე.

– ჩეჩნეთში დაკრძალეთ?

– დიახ და დაკრძალვაზეც არ ვყოფილვარ. ბოლოს იმდენად მძიმედ იყო, საფრანგეთში უნდა წაგვეყვანა, მაგრამ მოხუცი მშობლების მონახულება გადაწყვიტა – რამე რომ დამემართოს, მინდა, მოვინახულოო. მეგობრები დაეხმარნენ, პასპორტი გაუკეთეს. გზაზე ძალიან იწვალა, მაგრამ ჩავიდა. მე წინააღმდეგი ვიყავი, რომ იქ წასულიყო, მაგრამ სახლიდან რომ გადიოდა, მითხრა, დღეს 19 წელი და 19 დღე შესრულდა, რაც ჩემი სახლიდან წამოვედიო. დღეებსაც კი ითვლიდა.

– ჩეჩნეთში გაიცანით?

– არა, თბილისში. ჩეჩენ ლტოლვილებს ვეხმარებოდით ორივე და მაშინ გავიცანი. 2004 წელს შევქმენით ოჯახი. საკმაოდ მკაცრი მოთხოვნაა ჩეჩნებისა, რომ სხვა ერის წარმომადგენელზე არ დაქორწინდნენ. მხოლოდ იშვიათი გამონაკლისია, მაგალითად,  ქართველზე თუ კავკასიის სხვა ხალხზე დაქორწინება.

20 წლამდე მხიარული ბავშვობა და სტუდენტობა მქონდა. 20 წლიდან კი, რაც 9 აპრილი მოხდა, ქარბუქი ტრიალებს ჩემს ცხოვრებაში. აღარც მქონია მშვიდობიანი პერიოდი.

საქართველოში როდესაც უარყოფითი ემოცია გაჩნდა ჩეჩნების მიმართ, ვბეჭდავდი ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას და კალმით ვიბრძოდი. მერე, 10 წელი, “კავკასიურ სახლში” ვიმუშავე.

– ახლა რას საქმიანობთ?

– 2008 წლიდან დღემდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვმუშაობ და უმცირესობების საკითხებში მრჩეველი ვარ, ასევე –  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ვახერხებ და მეცნიერულ მოღვაწეობასაც ვაგრძელებ. ამჟამად მზად მაქვს 900-გვერდიანი წიგნი, სადაც მთელი ჩემი 10 წლის შრომაა ჩადებული და 2 წლის უძილო ღამეები. ყველა ომის ამბავი, პანკისში ჩამოსახლება, ქართველებთან ურთიერთობა… ყველაფერი მაქვს ჩატეული, რაც მოვახერხე. ეს არის ყველაზე დიდი საქმე, რაც გამიკეთებია.

– და სამი ლამაზი გოგონას დედა ხართ.

– ჩემი უმცროსი შვილი, მარიტა, წელს მივიდა სკოლაში. მამა რომ გარდაეცვალა, 3 წლის იყო. სიბერეში, 46 წლის ასაკში გავაჩინე. უფროსი, მარიამი, მე-15 წელშია, შუათანა, მალიქა, 11 წლის გახდა.

უფროსები მოკრძალებულები არიან და მარიტა უფრო თამამია. მამამისს ბიჭი უნდოდა სულ და მარიტაზე ამბობდა ბოლოს, ჩემი ბიჭი ეს არისო. ვცდილობ, კარგი ადამიანები გავზარდო.

3 წელი გავიდა მამის გარდაცვალებიდან, მაგრამ დღე არ გავა, ბავშვებმა არ გაიხსენონ. უფროსები პატარას ეუბნებიან, მამა ცაშია და იქიდან გვიყურებსო. ერთ დღესაც მეუბნება, დედა, ცაში არავის იცნობ, გეხვეწები, უთხარი, მამა ასი დღე მათთან იყოს და ერთი დღე ჩვენთან გამოუშვას ხოლმეო. ასეთია მარიტას ბავშვური ნატვრა.

რას ვიზამთ, უამრავი ბავშვია, რომლებსაც საერთოდ არ უნახავთ მამა. უკრაინაშიც რამდენი ბავშვი დარჩა ახლა მშობლის გარეშე… ჩემი პატარა გოგო სულ მეკითხება, როდის დამთავრდება ეს ომი და პუტინი როდის მოკვდებაო. ბავშვებმაც იციან, რა სასტიკია. ისიც მკითხა მარიტამ, ბავშვები ხომ არაფერს აშავებენ და რატომ კლავენო.

ომი რომ დამთავრდა, განა ჩეჩნეთის უბედურებაც დამთავრდა?! მთელი ტყეები და ველები დანაღმული იყო და უამრავი ახალგაზრდა აფეთქდა იმ ნაღმებზე.

უფალმა ნუ ქნას, მათი ბოროტება ჩვენს ცაზე კიდევ გამოჩნდეს. ყოველი ლოცვისას ვავედრებ სრულიად მსოფლიოს და კავკასიას უფალს, რომ ამ ბოროტებისგან დაიცვას.

– რა ხდება ახლა განადგურებულ ჩეჩნეთში, გენოფონდის აღდგენა მაინც თუ მოხერხდა?

– 20 წელზე მეტია, ჩეჩნეთში ნამყოფი არ ვარ. კარგი არაფერი ხდება და არც მსურს წასვლა. გენოფონდის აღდგენა და გადარჩენა ჩეჩნეთის ფარგლებგარეთ ხდება. ყველგან მოძლიერდნენ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან ძლიერი დიასპორა აქვთ ჩეჩნებს და ამით ვამაყობ. უკვე სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებაში, პოლიტიკაში არიან ჩართული.

ის, რაც დღეს ხდება ჩეჩნეთში, მუდმივი არ არის. მორალური მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩეჩნები ისეთი მარტონი იყვნენ, ისეთი მარტონი, უფლის გარდა მათი პატრონი არავინ იყო. შიშველი ხელებით იბრძოდნენ. რუსები ერთ ჭიქა არაყში ცვლიდნენ იარაღსა და ტყვია-წამალს. მერე კი ჩეჩნები ამ იარაღით მათ ხოცავდნენ. მთელი 2 წელი ასე იბრძოდნენ.

ასევე იხილეთ