“ამ ამბავმა შეძრა ამერიკა… მეგობრებს წერდა, რომ უკვე ეშინოდა ძაღლის… მას გიორგის გვერდით დაკრძალავენ”

პოეტი, თინათინ მღვდლიაშვილი აშშ-ში ქართველი პიანისტის, მარინა გაბუნიას ტრაგიკულად დაღუპვაზე სოციალურ ქსელში წერს და საქმის ახალ დეტალებს ავრცელებს.

“შემზარავი ტრაგედია ნიუ იორკში – პიტბულმა ქართველი პიანისტი ქალბატონი მოკლა! ენით აღუწერელი ტრაგედია დაატყდა თავს ქართველ პიანისტს, მარინა გაბუნიას, რომელიც ახლახან, მოტოციკლეტით მომხდარი ავარიის შემდეგ გარდაცვლილი ვაჟის, გიორგის ძაღლმა დაგლიჯა და მოკლა!

ამ ამბავმა შეძრა ამერიკის მედია, ქალბატონი მარინას მეგობრები, კოლეგები, მეუღლე – რიჩარდი, მისიმოწაფეები. მარინა გაბუნია მუშაობდა : American Ballet Theatre- ში და Ballet Accompanist The Juilliard School-ში. თავის მოსწავლეებს აზიარებდა უმშვენიერეს ქართულ მუსიკას, სარგებლობდა პატივისცემით და დიდი სიყვარულით.

18 ივლისს უდიდესი მწუხარება დაატყდა თავს, ავარიის შედეგად გარდაიცვალა მისი წარმოსადეგი ვაჟი, გიორგი. საბრალო დედამ თავის სახლში წაიყვანა გიორგის ერთგული ძაღლი, ამერიკული პიტ ბულ ტერიერი. ძაღლი მუდმივად ეძებდა პატრონს, დარდობდა, არავის აკარებდა გიორგის ნივთებს, სამოსს. უფრო მეტიც, გიორგის ტანსაცმელი თავისი ლეიბის ქვეშ შეათრია და ზედ იწვა. ქალბატონი მარინა, თურმე, მეგობრებს წერდა, რომ უკვე ეშინოდა ძაღლის, რომელიც სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა.

მე არ ვიცი, რას ფიქრობდა ძაღლი, მაგრამ, ფაქტია, რომ გიორგის გარდაცვალებიდან ათიოდე დღის შემდეგ, მარინა გაბუნიას თავს დაესხა და დაგლიჯა. რასაკვირველია, ის უბედური პიტბული პოლიციამ მოკლა. აი, ასეთი უბედურება დატრიალდა ნიუ იორკში. ეს ტრაგედია გააშუქა ამერიკის ტელევიზიის თითქმის ყველა არხმა. ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას სიფრთხილისკენ.

აღსანიშნავია, რომ ამ პიტბულის ყოლა რამდენიმე შტატში აკრძალულია. პიტბული გამოირჩევა დიდი ერთგულებით, იმავდროულად, არის მებრძოლი ბუნების, ჯიუტი და შეუპოვარი, მუდმივად საჭიროებს წვრთნას და ვარჯიშს, რათა ენერგია დახარჯოს.

ქალბატონ მარინას დაკრძალავენ 5 აგვისტოს, ამერიკაში, ნიუ იორკში, გიორგის გვერდით… რას წარმოიდგენდა შვილი, რომ მისი საყვარელი, ერთგული ძაღლი დედას მოუკლავდა?!.

საშინელებათა ფილმის სცენარებს ცხოვრება წერს!.. თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, მეუღლეს, საბალეტო სკოლის სტუდენტებს და, რასაკვირველია, შენც, საქართველო!.. აცხონოს უფალმა დედა-შვილი!“, – წერს თინათინ მღვდლიაშვილი.

ასევე იხილეთ