“საყვარელი ქალისგან რომ წამოვედი, ჯიბეში მხოლოდ 3 დოლარი მედო” – იღბლიანი ემიგრანტის ამერიკული თავგადასავლები

ლეგენდარულ ანსამბლ “ივერიის” მომღერალი, ზურაბ ცისკარიძე, თავისი ხავერდოვანი ხმით კარგად ახსოვს უფროსი თაობის მაყურებელს. გასული საუკუნის 70-იან წლებში ნამდვილი კაშკაშა ვარსკვლავი იყო. გარეგნობაც ისეთივე მომხიბვლელი ჰქონდა, როგორიც ხმა. თავისი თაობის მანდილოსნების ნამდვილი კერპი გახლდათ.

80-იან წლებში მომღერალმა იმ დროისთვის ძალზე სარისკო ნაბიჯი გადადგა, საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოდან ამერიკაში წავიდა. ახლა იქ საკმაოდ უზრუნველი ცხოვრება აქვს, მაგრამ სამშობლოში თავის ფესვებთან დაბრუნებაზე ფიქრი აწუხებს. ამერიკამდე და ამერიკაში ცხოვრებაზე ზურაბ ცისკარიძე “სარკეს” უყვება.

– ბატონო ზურაბ, საქართველოდან ისეთ დროს წახვედით, როცა ასეთ ნაბიჯს სამშობლოს ღალატს ეძახდნენ კომუნისტები. არ ფიქრობდით, რომ აქ დარჩენილ თქვენს ახლობლებს შეავიწროებდნენ, მათ პრობლემები შეექმნებოდათ, ეს ხომ დიდი რისკი იყო?

– რომ გითხრათ, ავანტიურისტი ვარ, რისკიანი ცხოვრება მიზიდავს, ასე არ არის, მაგრამ გადავდგი ეს ნაბიჯი.გაამართლა ჩემმა ნაბიჯმა. პასუხი ბევრ რამეზე არ მაქვს, ცხოვრება არც ადვილია, არც ყველაფერია ნათელი. ასე რომ, ზუსტად დღესაც ვერ გეტყვით, რომ ჩემს გადაწყვეტილებაში ყველაფერი ზედმიწევით გააზრებული იყო.

-იქ ვინმე გელოდებოდათ?

– მყავდა მეგობარი ქალბატონი, ლალი ერისთავი-ბეილი, რომელთან ერთადაც ვსწავლობდი თეატრალურში. ის იყო ულამაზესი გოგონა, ნიჭიერი. ვაშინგტობში ცხოვრობდა. შემომთავაზა, ამერიკაში ხომ არ ჩამოხვალო. საინტერესოდ მომეჩვენა და წავედი.

– ამასთანავე გჭირდებოდათ ბინა, ალბათ გქონდათ ენობრივი ბარიერი, სირთულეები როგორ გადალახეთ?

 მაშინ საბუთების საკითხის მოგვარება იოლად ხდებოდა. ასეთი ბიუროკრატია და უზარმაზარი რიგები, რაც დღეს არის, არ არსებობდა. მარტივად მომცეს ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. ბინის პრობლემა არ მქონია, მე და ლალის, შეიძლება ითქვას, სტუდენტობიდან გვაკავშირებდა ნაზი გრძნობები, ამერიკაში ძველმა სიყვარულმა გაიღვიძა და ერთად ცხოვრება დავიწყეთ.

მერე ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაშიც გაჩნდა ბზარი. ის დიდი ხნის ჩამოსული იყო ამერიკაში, ასე ვთქვათ, გაამერიკელებული იყო. ჩემი ქართული სიამაყე, თავმოყვარეობა მქონდა, ბოლომდე ვერ გავუგეთ ერთმანეთს და დავცილდით. ლალის ბინიდან როცა წამოვედი, ჯიბეში 3 დოლარი მედო, მყავდა მანქანა, ავზში 20 ლიტრი ბენზინი მესხა, სულ ეს იყო ჩემი ავლა-დიდება.

ვიდექი ერთ ქუჩაზე საგონებელში ჩავარდნილი. ამ დროს გამოიარა ნაცნობმა მომღერალმა შემთხვევით, რომელიც ჯერ კიდევ ლალისთან ერთად გავიცანი ერთ რესტორანში, სადაც კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებს ასრულებდა და სადაც მეც ვიმღერე ისე, გასართობად.

მომიკითხა და მითხრა, ზურა, შეგიძლია მომეხმაროო.ორი რესტორნიდან მაქვს შეკვეთა, ერთდროულად ორივეგან ვერ ვიქნები, იქნებ ერთგან შენ წახვიდეო. ხომ წარმოგიდგენიათ, იმ წუთებში ეს რა იყო! წავედი, ვიმღერე, მომცეს საკმაოდ კარგი ჰონორარი, სამუშაოც შემომთავაზეს. უკვე შემეძლო ბინის დაქირავება და ცხოვრება.

– გყავთ ვაჟიშვილი პირველი ქორწინებიდან, რომელიც საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელია. 2016 წელს საქართველოს ნაკრებშიც თამაშობდა, როდის წაიყვანეთ შვილი ამერიკაში?

– ჩემი პირველი მეუღლე ბალერინა გახლდათ, იგი კონტრაქტით ვარშავის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდა, შემდეგ შესთავაზეს ისრაელში გადასვლა. დამირეკა, რომ სჭირდებოდა ჩემი თანხმობა შვილის წასაყვანად. ცოტა არ იყოს, შევშინდი, ისრაელში სულ საომარი მდგომარეობაა, ვუთხარი, ვერ დაგთანხმდები, ჯობია, ჩემთან წამოვიყვანო-მეთქი. ასე აღმოჩნდა ჩემი ბიჭი ამერიკაში.

მაშინ 13 წლის იყო. დავსვი და ვკითხე, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი, რა გინდა, გააკეთო-მეთქი. მიპასუხა, ფეხბურთის თამაში მინდაო. კარგი, წავიდეთ მოედანზე, ვნახოთ, რა შეგიძლია-მეთქი. წავედით. არც სპორტული ფორმა აცვია, არც ბუცები. ვდგავართ. ვხედავ, ჩემსავით ერთი კაცი დგას ბავშვით. დაველაპარაკე და ვკითხე, ხომ არ იცით რომელიმე გუნდი, სადაც 13-14 წლის ბიჭები ვარჯიშობენ-მეთქი. ზუსტად ახლა უნდა მოვიდეს მწვრთნელი გუნდთან ერთად, სადაც ჩემი ბიჭი ვარჯიშობსო.

განსხვავებული აქცენტი შევამჩნიე. დავინტერესდი, საიდან იყო. მიპასუხა, თურქი ვარ, ჩემი წინაპრები ლაზები იყვნენო. ესეც ბედი იყო, რომ ამ უზარმაზარ ამერიკაში ქართული წარმოშობის თურქი შემხვდა. მოვიდა მწვრთნელი, გაგვაცნო. ბავშვებმა ჯერ ცოტა დაცინვით შეხედეს ჩემს შვილს, უცხოს, უფორმოს. დაიწყო თამაში, არ გასულა 5 წუთი, მწვრთნელი მოვარდა, საიდან არის ეს ბავშვიო. 15 წუთის შემდეგ კი თქვა, ეს ბიჭი მჭირდება გუნდშიო. იმ თამაშში სამი-ოთხი ბურთი გაიტანა. თამაშის ბოლოს კი, როგორც ყოჩი, ისე მოუძღვებოდა ბიჭებს. ასე დავიწყეთ ფეხბურთი ამერიკაში.

– საქართველოში დაბრუნებას ფიქრობთ?

-ამერიკაში არ ვცხოვრობ ურიგოდ, ჩემი საქმე მაქვს, სახლი მაქვს ლას-ვეგასში. ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანაში ცხოვრება ძნელია ჩემთვის, აქეთ მომიწევს გული. ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია, მაგრამ ალბათ მაინც საქართველო გაიმარჯვებს.

– მთლად ჭაბუკურ ასაკში არ ხართ, მაგრამ კიდევ ხომ არ აპირებთ ოჯახის შექმნას?

-მარტოობა არ არის კარგი. ვერაფერს გეტყვით. თუ შემხვდა ვინმე, ვინც ერთგულ, მშვიდ მეგობრობას გამიწევს, არაფერს გამოვრიცხავ.

ასევე იხილეთ