“ჰაერში აგვწიეს და აღარ დაგვსვეს, ჩემს ცხოვრებაში მართლა პირველად ვიგრძენი ასეთი საოცრება“

ჯგუფ „ლეონის“ წევრებს, ლევან წვერავას და ნინი კენჭიაშვილს, განსაკუთრებით ბედნიერი პერიოდი აქვთ. წლების ნანატრ, უსაყვარლეს პატარა ნოესთან ერთად ოჯახი საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა. წყვილი მსმენელის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს და შესაბამისად, მათი შემოქმედებითი ცხოვრებაც საოცრად აქტიურია.

ლევან წვერავა: ჩვენი ახალი სახლი სოფელ დიღომში მდებარეობს. ძალიან კარგი ადგილია, ღამე საოცარი ხედი გვაქვს. ქალაქგარეთაა და თან ქალაქთან ახლოს, რაც იქ ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ეს სახლი ჩემს სიმამრს წლების წინ ჰქონდა ნაყიდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში იქ არავინ ცხოვრობდა. ახლა გადავწყვიტეთ, გაგვერემონტებინა და გადავსულიყავით. საოცარი სახლი გამოგვივიდა, მაგრამ ძალიან დიდია და ჯერ ბოლომდე კიდევ არ მიგვიყვანია. ხომ იცით, იმერლებს განსაკუთრებულად გვიყვარს ეზოს მორთვა და ახლა ზუსტად მისი მოწყობის პროცესში ვართ.

– რემონტი ვინ აიღო თავის თავზე?

– ერთ-ერთი პიონერი მე ვიყავი. ოჯახში ნდობით აღჭურვილი პირი ვარ. ცოტა თავსაც შევიქებ და გემოვნებაც არ მაკლია (იცინის). იმერული ხასიათი ცოტა განსხვავებულია, გვინდა, ყველაფერი უცებ გავაკეთოთ და მე მაქსიმალურად ვაჩქარებდი პროცესს. მინდოდა, რაც შეიძლება მალე გადავსულიყავით ამ სახლში. მგონი, ყველაფერი კარგად გამომივიდა.

– ეზოში თონეც გაქვთ და საქეიფო სივრცეც…

– კი და ძალიან მიხარია. ნულიდან რომ დაგვეწყო შენება, შეიძლება, ეს არც გაგვეკეთებინა, მაგრამ ეს სახლი უკვე აშენებული იყო. არ შევხებივართ იმას, რაც იყო, რადგან ძალიან მაგარია. ეზოში სხვადასხვა შენობაა, ერთ-ერთია საქეიფო ოთახი, თავისი გარე ბუხრით, მოსასვენებლით და ასევე, თონე, რომელიც რა თქმა უნდა, დავტოვეთ. ამ ეზოში კარგი, გემრიელი საღამოები გვექნება ხოლმე. აბა, რისთვის ვცხოვრობთ ადამიანები, თუ ხანდახან მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად არ მოვილხინეთ. დღეს ჩვენ გარშემო ისეთი რთული პროცესებია, ამაზე საუბარი, შეიძლება, კარგი არ იყოს, მაგრამ მგონია, რომ ყველა ვცდილობთ, საკუთარი ცხოვრების გალამაზებას და ჩვენც ამ პროცესში ვართ. ამ სახლში ჯერ ბოლომდე დაფუძნებულები არ ვართ. ჩვენი საქმიდან გამომდინარე, დროის ნახევარს თბილისში ვატარებთ, მეორე ნახევარს – ქუთაისში. ჩვენი პოპულარობისა და პროექტ „ლეონის“ გათვალისწინებით, ბოლო წლებში არანორმალური გრაფიკი გვაქვს. მართლა სულ გზაში ვართ, თუ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის და თუ გასტროლზე ქვეყნის გარეთ. კოვიდის შემდეგ, ახლახან გვქონდა პირველი გასვლა ისრაელში და ვერც აღვწერ, იმხელა სიყვარული ჩამოვიტანეთ იქიდან. აქამდეც ვგრძნობდით, რომ ადამიანებს უყვარდათ ჩვენი სიმღერა, ჩვენი ოჯახი, მაგრამ ისრაელში ამხელა ემოციებით თუ დაგვხვდებოდნენ, მართლა ვერ წარმოვიდგენდი. ჰაერში აგვწიეს და აღარ დაგვსვეს, ძალიან ბედნიერები ვართ. ჩემს ცხოვრებაში მართლა პირველად ვიგრძენი ასეთი საოცრება.

– ახალ სახლში ახალი ცხოვრება ნოესთან ერთად დაიწყეთ. ალბათ, ესეც უდიდესი ბედნიერებაა.

– სახლი იმდენად დიდია და იმხელა თავისუფლებაა, ნოეს ბურთი და მოედანი აქვს, სარბენი ბილიკიც და კიბეებიც (იცინის). მადლობა ღმერთს, ყველაფრისთვის. ძალიან ბევრი კარგი ამბავი დაემთხვა ერთმანეთს, ყველაფერი ზედმიწევნით კარგად მიდის. ჩვენს ოჯახში კარგი განწყობა და ძალიან დიდი სიყვარულია, რაც უზომოდ მახარებს. ნოე მთავარი სიყვარულია. ის ვერ ასცდა პოპულარობას. მუცლადყოფნის პერიოდიდან დაიწყო და მისი დაბადების შემდეგაც, ჩვენი გულშემატკივრების სურვილის გათვალისწინებით, ისე გავაკეთეთ, რომ გაგვეცნო მათთვის. მგონია, რომ ყველაფერს ზომიერად და არამომაბეზრებლად ვაკეთებთ. ასეთ თემებს ძალიან ვუფრთხილდები, მით უმეტეს, ვხედავ, რომ ოდნავ თუ მიზეზი გიპოვეს, ძალიან გაკრიტიკებენ.

– როგორი ბიჭია ნოე?

– რამდენად წყნარი ბიჭიც იყო აქამდე, ახლა იმდენად, არააა, ხუთმაგად ცელქია (იცინის). უკვე კედლებზე დადის, ცდილობს, ყველაფერს შეეხოს, გადმოაგდოს, გაერკვიოს ყველაფერში. მოსმენაც იცის, გაიგებს, რასაც ეუბნები, მაგრამ ერთ წამში ავიწყდება (იცინის).

– როგორ ახერხებთ მასთან ერთად ასეთ აქტიურობას?

– არ ვიცი, როგორღაც ვახერხებთ. აქამდე ძიძაც არ გვყავს. არანორმალური გრაფიკი გვაქვს და რეალურად, გვიჭირს, თუმცა ადამიანები ამას ვერ ამჩნევენ. ყველაფერი ისევ ჩვენს უძილო ღამეებზე გადადის. ახლა გვინდა, ძიძა ავიყვანოთ. აქამდე არ გვინდოდა, მაგრამ უკვე ძალიან სჭირდება ჩვენს საქმეს. პოპულარობას, მოპოვებასთან ერთად, შენარჩუნება სჭირდება, ეს გაცილებით რთულია და დიდ დროს საჭიროებს. ჯერჯერობით, ეს ჩვენი შრომით გამოგვდის. ახლა ბევრს ვფიქრობთ ძიძაზე, არ არის მარტივი თემა. ოჯახის წევრებიც გვეხმარებიან, მაგრამ ყველას თავის საქმე აქვს და რთულია. ამიტომ, დახმარება გვჭირდება. თან მგონია, რომ ძიძა ჩვენთან არ დაიჩაგრება. კარგი დღეები ელის, პერიოდულად, ალბათ, ბევრგან ჩვენთან ერთად წავიყვანთ.

– ნოეს დაბადების შემდეგ ნინი თუ ახერხებს, რომ ქმარს ძველებურად დაუთმოს ყურადღება?

– მინდა ვთქვა, რომ ვახერხებთ. ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად ვართ ერთად. დედობა რადიკალურად ცვლის ადამიანს და ამას როგორ არ ვხვდები, მაგრამ მე მისგან ყურადღების ნაკლებობა არ მიგრძნია. ამას გულწრფელად ვამბობ. პირიქით, ვავსებთ და ხელს ვუწყობთ ერთმანეთს.

– შენში რა შეიცვალა?

– პესიმიზმი ყველაზე ნაკლები დოზით კი არა, შეიძლება, ითქვას, რომ ჩემში საერთოდ არ არის. მაქსიმალურად ოპტიმისტი ადამიანი ვარ და აქამდეც ემოციური, ძალიან მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული ვიყავი, მაგრამ ახლა ჩათვალეთ, ეს ყველაფერი კუბში მაქვს აყვანილი. ნებისმიერ საქმეს გაცილებით უფრო მაგრად ვაკეთებ. ამ პროცესში ძალიან ბევრი სიყვარულია და მამობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი მგონია, ეს უნდა იგრძნო. მამობამ ჩემი საქმეც კი განსაკუთრებულად შემაყვარა. ახლა რასაც ვაკეთებ, ყველაფერს „ნოე და რაღაც“ ჰქვია. ყველაფერი ნოეთი იწყება. ნოე არის ჩვენი წარმატების წინაპირობა და ასე იქნება მუდამ.

ასევე იხილეთ