“ოჯახში “რა მომიტანე” შემარქვეს”

მსახიობ შოთიკო ნოზაძეს იუმორისტული სახეების შექმნა  ძალიან ეხმარება ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვაში. ბოლოს წლებია, შოთიკომ ბიზნესი წამოიწყო. მშობლიურ რუსთავში საბავშვო სადღესასწაულო ცენტრი გააკეთა. დანარჩენზე ქვემოთ ვისაუბროთ.

.- წლებია, სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების” სახე ხართ. როგორ აფასებთ ამ პერიოდს?

– ეს სერიალი ყველაფერია ჩემთვის. “ჩემი ცოლის დაქალებმა” ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ამ სერიალს ძალიან ნიჭიერი ადამიანები აკეთებენ და სწორად დამინახეს და სწორად გამომიყენეს. ვიყავი სხვა და გავხდი სხვა ადამიანი. ამ სერიალთან ერთად გავიზარდე და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

– თქვენი ქალიშვილი, ნინე, წამოიზარდა, მამიკოს გოგოა?

– კი, თუმცა დედიკოსთან უფრო დიდ დროს ატარებს, რადგან მე ბევრ საქმეზე მიწევს სირბილი. როცა სახლში ვარ, ნინე სულ ჩემ გვერდითაა. მეტსახელიც მაქვს სახლში – “რა მომიტანე” მქვია. ამ მხრივ გათამამებული მყავს და, რაც უნდა, ყველაფერს ვუსრულებ. დედამისი სულ მეჩხუბება, რომ ზედმეტად ვათამამებ.

– ალბათ თქვენს მსახიობურ ნიჭსაც იყენებთ, რომ კარგად, გულიანად გაართოთ.

– გასართობი ცენტრის მსახიობი არ ვხდები ხოლმე, მაგრამ კარგად ვიცი ნინესთან თამაში. ალბათ აზარტში შევდივარ.

– არ ითხოვს, რომ ჰყავდეს ძმა ან და?

– არა, ჯერ ასეთი მოთხოვნა არ ჰქონია.

– საერთო ჯამში, როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრება?

– ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. რა სიყვარულითაც შეიქმნა ჩვენი ოჯახი, იმ სიყვარულით მოვდივართ დღემდე. თითოეული წელი უფრო აღრმავებს და ძვირფასს ხდის ამ სიყვარულს. უფრო საინტერესო ხდება შენი ცხოვრება, როდესაც გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს და მასთან ერთად ზრდი შენს შვილს. შეიძლება ადრე – ნაკლებად, მაგრამ ახლა სრულად ვხვდები, რამხელა პასუხისმგებლობაა ოჯახი და შვილის გაზრდა. ოჯახისთვის ყველაფერს ვაკეთებ და ეს მსიამოვნებს.

ასევე იხილეთ