მაია ბუწაშვილი მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს.

ამის შესახებ ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მშობლებმა ბავშვები სიცხეს უნდა მოარიდონ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ არსებობს სხეულის გადახურების რისკი, ასეთ დროს კი ხშირად ფიქსირდება ტემპერატურის აწევა.

“ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში. ასეთ დროს შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის აწევა. მშობლები როდესაც ხედავენ, რომ ბავშვი კარგად არ გრძნობს თავს, სიცხეს უზომავენ და ტემპერატურა მომატებულია, იწყებენ მიზეზის ძებნას და გამოკვლევებს. ვინაიდან ასეთი შემთხვევები ახლა არაერთია, როცა ბავშვს უბრალოდ გადახურების გამო აეწია ტემპერატურა და არავითარი ინფექციური დაავადება არა აქვს, ამიტომ ვიფიქრე ეს დამეწერა.

სხეულის გადახურებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი საერთო სისუსტე, ზოგჯერ შეიძლება გულის წასვლაც, თავის ტკივილი, ძილიანობა, ღებინება. განსაკუთრებით საშიში სიმპტომია დეზორიენტაცია. თუ ბავშვი სითხეს ვერ იღებს ან აღებინებს, საჭირო ხდება სითხის გადასხმა. პირველი დახმარებაა გრილ ადგილას მოთავსება, ბევრი სითხის მიცემა, ცივი ტილოს დადებით სხეულის გაგრილება. გართულებულ შემთხვევებში სამედიცინო დახმარება აუცილებელია.

სხეულის გადახურება განსაკუთრებით ადვილად ხდება ბავშვებში, რადგან ბავშვის ორგანიზმს უფრო მეტად უჭირს გარემოს მაღალ ტემპერატურასთან ადაპტირება, ოფლის გამოყოფაც უფრო ნელა ხდება და გაუწყლოებასთან დაკავშირებული მოვლენებიც უფრო სწრაფად ვითარდება. სხეულის გადახურების რისკი მატულობს მაღალი ტენიანობის პირობებში. ხშირია მოზარდებში, რომლებიც სიცხეში ვარჯიშობენ.

განსაკუთრებით საშიშია გაჩერებულ მანქანაში ბავშვის ყოფნა სიცხის დროს. აშშ-ში ჩატარდა კვლევა ამ საკითხის შესასწავლად. ყოველწლიურად აშშ-ში რეგისტრირდება ბავშვების სიკვდილის შემთხვევები მანქანაში გადახურების შედეგად. წელს 13 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, 2021 წელს – 21.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მცირედ ჩაწეული ფანჯრები არ არის საკმარისი სხეულის გადახურების თავიდან ასაცილებლად. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ გარემო ტემპერატურა 30 გრადუსზე მაღალიც საკმარისია იმისთვის, რომ გაჩერებულ მანქანაში ბავშვის გადახურებისთვის სარისკო ტემპერატურა იყოს.

მოკლედ, გავუფრთხილდეთ ბავშვებს და მოვარიდოთ სიცხეს, განსაკუთრებით სიცხეში გარეთ თამაშს. იმედია, ჩვენთან პარკირებულ მანქანაში ბავშვების დატოვების შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა ვინ იცის,” – წერს მაია ბუწაშვილი.

ასევე იხილეთ