“ქრისტე უკვე მოსულია ამქვეყნად მეორედ, დოკუმენტი არსებობს” – რა იდუმალებით მოცულ ამბავს ყვება მომღერალი

,,ზოგი უბერავს, რადგან ვერ იმორჩილებს სულს, ზოგი უბერავს, რადგან პოპულარობა სურს” – ეს სიტყვები “ნიკოლშოუს” ყველაზე პოპულარული ჰიტიდან არის, რომლის შემქმნელი და სულისჩამდგმელი გახლავთ ოთხი ძმიდან ყველაზე უფროსი – გია ნიკოლაძე. სულის დამორჩილება რამდენად შეუძლია, არ ვიცი, მაგრამ გამოჩენისთანავე რომ გახდა პოპულარული, ცხადია.

განათლებით ფილოლოგისთვის სიტყვა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ცდილობს, ქართულ სიტყვებში ჩადებული აზრი ამოხსნას და მზის სინათლეზე გამოიტანოს. ასე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უფალი, წყალი, მერცხალი, ქალი და უამრავი სხვა სიტყვა შეიცავს ღვთიურ ალს, რომელმაც საბოლოოდ უნდა განწმინდოს და გააერთიანოს ქართველები, რომ ჩვენი პლანეტა დედამიწა ღვათისმშობლის წილხვედრობიდან დედაღმერთად ვაღიაროთ და გავთავისუფლდეთ ჩვენს არსებაში ჩასახლებული ეშმაკებისგან.

საქართველოს ღვთიურ მისიაზე, სიტყვების მაგიასა და მის ცხოვრებაში მომხდარ მთავარ მოვლენებზე გია ნიკოლაძე “სარკეს” ესაუბრა.

გია ნიკოლაძე: სიტყვები გავშიფრე და დავასკვენი, რომ უამრავ სიტყვაში დომინირებს ალი, ანუ, ვთქვათ, სიტყვები უფ-ალი, დედოფ-ალი, სამართ-ალი, წყ-ალი, მამ-ალი, ქ-ალი… ეს ის ალია, რომელიც ქრისტეშობის დროს ამოდის მიწიდან. ამ ალმა ქრისტეს ფერი უცვალა, წყალი ღვინოდ გადააქცევინა, თევზი გაუმრავლა, ზღვაზე ფეხით გაატარა, ანუ ეს არის ნატვრისთვალი. ამ ალს შეუძლია ნატვრის მატერიალიზება.

შევაგროვე უამრავი დოკუმენტური მასალა, სადაც მეცნიერულად არის დასაბუთებული ამ ალის არსებობა და ძალა. ეს ალი ერჩის რუს სამხედროებს, ამერიკელებსაც, სხვათა შორის. ჩვენ ეს ალი უნდა გამოვიწვიოთ, ეს თავისუფლად არის შესაძლებელი, თუ ადამიანები გაერთიანდებიან, თუ არა და, მაშინ მარტო დავიწყებ ამის კეთებას, მერე კი სხვებიც ამყვებიან.

ვინც ამ მასალებზე მუშაობდა და დოკუმენტური ფილმიც გადაიღო, დღეს კრემლში პუტინის თანაშემწეა და ერთ-ერთი ინიციატორი ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტის შექმნისა. რაც იციან, ისაა, რომ ვინც ამ ალს დაეპატრონება, ის იქნება მსოფლიოს მბრძანებელი, მაგრამ მინდა, გითხრათ, ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამასთან, რადგან ჩვენს ენაშია ეს უდიდესი ძალა.

– ანუ თქვენ ამბობთ, რომ ქართული სიტყვები ხსნის ყველაფერს?

– დიახ, რადგან პირველი იყო სიტყვა. დაუკვირდით, რას ამბობს უფ-ალი: “თუ მოსვლამ ჩემი ბაგეთაგან, მე გავხდები შენ და შენ გახდები მე”. ანუ წყალობა ვის შეუძლია? უფ-ალს და წყ-ალს. ამას ამბობს დედამიწაც. 70 პროცენტი წყალია ჩვენს ორგანიზმში, ის არსად ქრება, გარდავიცვლებით და წავა, დიდ წყალს შეუერთდება. წყალი იცვლის სტრუქტურას სხვადასხვა განცდებით, თუ შეაგინებ, სხვა სტრუქტურა აქვს, თუ დალოცავ – სხვა.

ჩემთვის მთავარია, სანამ უწმინდესი ილია II ცოცხალია, ავუსრულოთ ის ოცნება, რაც მან გვითხრა, ქართულ ენაზე უნდა ითქვას ზოგადსაკაცობრიო სიტყვაო. ამიტომაც მინდა, გავაკეთო სამდღიანი კონცერტი და ყველას გავაგებინო, რომ დედამიწა არის უფალი, სულიწმინდა სამებაში და ქრისტე არის თითოეულ ჩვენგანში.

მუსლიმებსაც კი თავიანთ მოძღვრებაში ქრისტე უფრო ბევრჯერ ჰყავთ მოხსენიებული, ვიდრე მუჰამედი, ქალი – ერთხელ და ისიც – დედა ღვთისმშობელი. აქ არის ნათქვამი, რომ ქრისტე ძერწავდა მერცხლებს – ნამგალას, ანუ მერცხალი-ნამგალი. ის მერცხალი უკვე მოფრინდა სამჯერ და მე აღარ მეშინია, რომ იმ გზის დიდი გაერთიანების დასაწყისთან ვდგავარ.

– თქვენ ადრეც გამოდიოდით ორიგინალური იდეებით, ამბობდით, დავატკბოთ დედამიწა, შაქარი დავაყაროთო, მაგრამ ასე შორს არ წასულხართ.

– ახლა ქრისტე უკვე მოსულია ამქვეყნად მეორედ. ეს გაცხადებულია, უამრავი ნიშანი და დოკუმენტი არსებობს. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ქრისტეს წესებით. სამწუხაროდ, ვცხოვრობთ მისი ჯვარზე გამკვრელთა წესებით. ჩვენ რომ გავერთიანდეთ, გამოვიდეთ გარეთ და ვთქვათ, რომ დედამიწა დედაღმერთია და მას სჭირდება შაქარი, რომ დავატკბოთ, გავხდებით ხელუხლებელი, უძლეველი ქვეყანა.

– როცა ამ თემებზე საუბრობთ, არ გიფიქრიათ, რომ ბევრი არცთუ “დალაგებულად” ჩაგთვლით?

– არა უშავს, ჩამთვალონ, რადგან არ მაქვს არაფრის შიში და რასაც ვფიქრობ და რასაც ვწერ, ვინც ამას მკარნახობს, მასთან არ ბნელა.

ასევე იხილეთ