“როდესაც ცხოვრებაში ფსკერს შეეხები, უფრო ძლიერდები, დიახ, მე ფსკერს შევეხე”

მომღერალ ცისანა სეფიაშვილს ორი ქორწინების შემდეგ ნამდვილი სიყვარულის ისევ სჯერა. მისთვის ამის ყველაზე კარგი მაგალითი მშობლები არიან – ბატონი ჯემალი და ქალბატონი მანანა. ვერც ცისანას უფროსი შვილის, გიორგი წერეთლის, ოჯახური ცხოვრება აღმოჩნდა ხანგრძლივი და სტაბილური. გიორგი და მისი ცოლი გრანდიოზული ქორწილისა და რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაშორდნენ.

ცისანა ,,სარკის” მკითხველებს უზიარებს იმ გამოცდილებას, ქალურ სიბრძნეს, რომელიც თავად შეიძინა ნეგატივსა და სტრესთან გამკლავებაში, ცხოვრებისადმი პოზიტიური ხედვის ჩამოყალიბებაში.

– ცისანა, ყოველთვის აქტიური და საქმიანი იყავით. როგორ მოხდა, რომ ახლა სამსახურის გარეშე ხართ?

– ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც გინდა, რაღაცები რადიკალურად შეცვალო. ბუნებრივია, შემოსავლის წყარო ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ვარ მარტოხელა, რომელიც ვზრუნავ ჩემი შვილების როგორც მატერიალურ, ისე არამატერიალურ კეთილდღეობაზე. ამიტომ ყოველთვის მჭირდება სამსახური ნორმალური ანაზღაურებით…

მოსკოვში როდესაც წავედი საცხოვრებლად, იქ რადიოში გავაგრძელე მუშაობა. ჯერ დიჯეი ვიყავი, შემდეგ მუსიკალურ რედაქტორად დავინიშნე და მოგვიანებით გადაცემაც მქონდა – “შეხვედრები ხიდზე”. შემოთავაზება მივიღე “ენტევე”-დან, სინჯები გავიარე რუსული “ემტივი”-სთვის, დამამტკიცეს კიდეც, მაგრამ მოსკოვიდან  წამოვედი და ამ პერსპექტივას წერტილი დავუსვი. ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ, რადგან მოსკოვში 7 წელი ვცხოვრობდი და ძალიან მიჭირდა იქ ყოფნა.

–  ეს შემოთავაზება რომ მიგეღოთ, ალბათ დღეს ცნობილი ტელესახე იქნებოდით რუსულ ტელებაზარზე.

– არაფერს ვნანობ, რადგან ეს არის ჩემი ცხოვრება და ჩემი გადადგმული ნაბიჯი. მე ბევრად მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე, რადგან ოთხი შვილი მყავს და კარგი შვილები გავზარდე. საჭირო იყო ის დრო, რომელიც ჩემს შვილებს დავუთმე და ეს ყველა კარიერულ შანსს სჯობდა.

– გამოდის, დედობამ თქვენი კარიერა შეაჩერა.

– შვილებმა ჩემი კარიერული წარმატება დააპაუზეს, მაგრამ მე უფრო წარმატებული ვარ, რადგან ოთხი შესანიშნავი შვილი მყავს. სასწორზეც კი ვერ დავდებ ერთამანეთის პირისპირ შვილებსა და კარიერას.

-ალბათ პანდემიური ორი წელი დაგეხმარათ ბევრი რამის გადაფასებასა და პრიორიტეტების დალაგებაში.

– პრიორიტეტების დალაგება და რაღაცების გადაფასება დიდი ხნის წინ დავიწყე. ზოგადად ჩემი ცხოვრების სტილია, რომ არ შემიძლია ნეგატიურ გარემოში ყოფნა, ცხოვრება ან მუშაობა. ყველაზე ცუდ მომენტშიც კი, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, საკუთარი თავისთვის პოზიტიური აზრები ჩამინერგავს.

ბევრი რამ გადავაფასე, პირველ რიგში, ის, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ილუზიებით კი არა, ფაქტებით და შეგრძნებებით უნდა იცხოვრო. ცუდად ხარ? ადექი და წადი. კარგად ხარ? დარჩი და გააგრძელე. ესაა ჩემი დევიზი.

– ახლა ვხვდები, რომ ძალიან ძლიერი ქალი მესაუბრება. ეს წლებმა მოიტანა?

– როდესაც ცხოვრებაში ფსკერს შეეხები, მერე უფრო ძლიერდები და იზრდები. ჩვენ ხომ უბრალოდ წლები არ გვზრდის, ჩვენ ტკივილი, გამოცდილება და წინააღმდეგობები გვზრდის. დიახ, მე ფსკერს შევეხე. ბევრი ფიქრობს, ცისანას რა უჭირს, ცხოვრებისგან განებივრებულიაო, მაგრამ არ იციან, მე რა მტკივა ან რის გადალახვა მომიწია.

არც ისეთი ძლიერი ვარ, როგორიც თქვენ გგონივართ და არც ისეთი სუსტი, როგორიც სხვებს ვგონივარ. მე ვარ ჩვეულებრივი ქალი, რომელსაც უნდა, რომ უბრალოდ ვიღაცის ზურგს უკან დადგეს. არ მინდა, ვიყო ძლიერი, მე მინდა, ჩემ გვერდით იყოს ჩემზე ძლიერი ადამიანი.

– რა ფსკერზე საუბრობთ?

– არ მინდა, დავაკონკრეტო, უბრალოდ ცხოვრებაა და რაღაც მომენტში აუცილებლად აღმოჩნდები ფსკერზე. ძალიან უნდა გეტკინოს, რომ ახვიდე ზევით. მე დღეს აღარ ვცხოვრობ ილუზიებით, არადა დიდხანს ვიყავი ამ ილუზიებში.

– შვილებზე მოგვიყევით.

– უფროსი ბიჭი, გიორგი, 26 წლისაა და ჩვენ მეგობრები ვართ. საერთოდ არ მაქვს აღქმა, რომ ის ჩემი შვილია. კატო 18 წლისაა, ლევანი – 17 წლის. მათთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს. ნინკა კი 8 წლისაა. თითოეულთან მისიანი ვარ, ხან 26 წლის ვარ და ხან 8 წლის. გიორგის ძალიან ხშირად წავუყვანივარ თავის მეგობრებთან. როგორც დედა, ძალიან მკაცრი ვარ, მაგრამ ჩემს შვილებთან ამის გამოვლენა აღარ მჭირდება. ერთი გამოხედვაც საკმარისია, რომ მიხვდნენ, რა და როგორ ხდება.

ჩემი შვილების ძალიან მადლიერი ვარ, რადგან, როდესაც ჩემი მეორე ქორწინება  დაინგრა და არ ვიცოდი, როგორ გავაგრძელებდი ცხოვრებას, მაშინ დამანახეს, რომ ჩვენ ერთი დიდი გუნდი ვართ. სამწუხაროდ, გიორგი და სესილი გაშორდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დღემდე არ გვაქვს კარგი ურთიერთობა. სესილი ძალიან მიყვარს.

– როგორი იყო თქვენი როლი, როდესაც უფროსი შვილის ოჯახურ ცხოვრებაში ასე დრამატულად განვითარდა მოვლენები?

– მე ზოგადად არ ვიცი ჩარევა და შეჭრა სხვა ადამიანის ცხოვრებაში. შენ თუ ჩემთან გჭირდება საუბარი და ჩემი ჩართულობა, ისიც იცი, რომ ამისთვის ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ ზედმეტ შეკითხვებს არ დაგისვამ და შენს პირად სივრცეში არ შემოვიჭრები.

– ძალიან ინერვიულეთ, როცა თქვენს შვილს ახალშექმნილი ოჯახი დაენგრა?

– ძალიან და დღემდე განვიცდი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ნეგატივში ვერ ვიქნებით. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყველა ეტაპზე ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ.

– ყოველთვის განსაკუთრებული იყო თქვენი და ბატონი ჯემალის მამაშვილობა. ახლა რა ეტაპი და რა ფერებია თქვენს ამ საოცარ ურთიერთობაში?

– თქვენ კიდევ არ იცით, რამდენად განსაკუთრებულია ჩემი და ჯემალის ურთიერთობა. დისტანციურად ვგრძნობთ ერთმანეთის პატარა ტკივილსაც კი.

წლების წინ, როდესაც ჯემალი გულის ოპერაციას იკეთებდა, მე ბავშვებთან ერთად ბათუმში ვიყავი და ეს ამბავი დამიმალეს. იმ დროს, როდესაც ჯემალი შეიყვანეს საოპერაციოში, სრულიად უმიზეზოდ ცუდად გავხდი, გული მიმდიოდა და ძლივს მასულიერებდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორიც ნარკოზიდან გამოსვლის დროს იცის ხოლმე. საავადმყოფოშიც კი გადამიყვანეს. როგორც კი ჯემალი ნარკოზიდან გამოვიდა, მეც გამოვკეთდი.

ასეთი ისტორია ძალიან ბევრი გვაქვს. მაგალითად, პირველ შვილს რომ ვაჩენდი, ჯემალი მოსაცდელში იყო და თურმე უცებ თქვა, ამ წამს ცისანამ ბავშვი გააჩინაო. დედაჩემი ეუბნებოდა, ჯერ ადრეა, თუ რამეა, გვეტყვიანო. ბავშვი კი მართლაც ზუსტად იმ წუთებში გავაჩინე.

დღეს ჯემალმაც დაინახა ჩემი ცვლილება და სიძლიერე. აღარ ნერვიულობს, რომ მისი საყვარელი შვილი ილუზიებშია და სადღაც დაფრინავს.

ასევე იხილეთ