“ყველაფერი შექმნილია ხალხის მიერ ჩარიცხული თეთრებით და ლარებით – ბოლომდე მივიყვან მიზანს იმ ხალხთან ერთად, ვინც პურის ფულს იკლებს”

დომენიკ მანგო, რომელიც ლაგოდეხში მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლის აშენებაში ეხმარება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ 26 დღის განმავლობაში სახლის მშენებლობაში წვლილის შეტანისთვის, არცერთი მდიდარი ადამიანი და არცერთი სამშენებლო მაღაზია არ გამოხმაურებია.

მისი განმარტებით, სრულდება შავი კარკასის სამუშაოები და ყველაფერი იმ ხალხის დახმარებით გაკეთდა, რომლებმაც თეთრები და ლარები ჩარიცხეს.

დომენიკ მანგო წერს, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს იმ ხალხთან ერთად, რომლებიც პურის ფულს იკლებენ და გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებას სთავაზობენ.

„ამ 26 დღის განმავლობაში არ გამომხმაურებია არცერთი მდიდარი ადამიანი და არცერთი სამშენებლო მაღაზია, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ამ სახლის მშენებლობაში. ყველაფერი რასაც ხედავთ, შექმნილია იმ ხალხის მიერ, რომელიც თეთრებით და ლარებით იღებს მონაწილეობას ამ საქმეში.

 
 

იმის გაფიქრებაც კი მზარავს,როგორ ზის ვიღაც ბეყეჩი თავის მილიონიან მანქანაში და უყურებს ჩემს ვიდეოებს ისე, რომ წარბი არ უტოკდება ერთხელ მაინც, რომ წინ წაგვწიოს და სულ მცირე ბიძგი მაინც მოგვცეს. შუბლის ძარღვი აქვთ მდიდრებს გაწყვეტილი!

რაც შეეხება სამშენებლო მაღაზიებს. ამ პროცესს უყურებს 2.4 მილიონი ადამიანი, ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი ელოდება ყოველ ახალ ვიდეოს. ამაზე დიდი რეკლამა რა იქნებოდა თქვენთვის, რომ ერთხელ დაგერეკათ და გეკითხათ, რა გვჭირდება. აუცილებლად რომელიმე სატელევიზიო გადაცემაში უნდა გააკრათ თქვენი შპალერი და გგონიათ ეს არის რეკლამა? ყველას ფეხზე კიდია თქვენი ასეთი შპალერი! ამაზე მაგარი რეკლამა რა იქნებოდა, მილიონობით ადამიანი რომ ელოდება დიდი ყურადღებით, ვინ შეიტოკებთ წარბს და გაიღებთ რამეს ამ ბავშვებისთვის? საცოდაობაა ეს ყველაფერი!

მე მაინც ბოლომდე მივიყვან მიზანს იმ ხალხთან ერთად, ვინც პურის ფულზე იკლებს, მაგრამ გავა დრო და არ იქნება თქვენი წყალობა მდიდრებო. აუცილებლად შემოგიბრუნდებათ უკან! ასე იქნება, აუცილებლად“, – წერს დომენიკ მანგო.

ასევე იხილეთ