“ლაშა გაბუნიას არ უნდოდა, მისი ცოლი ვყოფილიყავი, მაგრამ ბედს შეეგუა”

27 წლის ნინი მოხევიშვილი ეკრანზე გამოჩენისთანავე საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მისი გარეგნობის გამო გულგრილად უცხო ადამიანიც კი ვერ ჩაუვლის. თუმცა, ნინი დღეს მარტოა და მის გვერდით მამაკაცი არ დგას. მიაჩნია, რომ გაუმართლა, რადგან ყოველწამიერად უამრავ სითბოსა და ყურადღებას გრძნობს და „კომედის“ სკეტჩებში მონაწილეობა კი მისთვის დიდი სიამოვნება და ბედნიერებაა.

ნინი მოხევიშვილი: პრანჭიკელა ბავშვი ვიყავი, სულ სარკის წინ ვიდექი და ეს ხასიათი დღემდე გამომყვა. გავივლი, გამოვივლი, სარკეში უნდა ჩავიხედო (იცინის). სხვათა შორის, მინდოდა, ეკრანზე გამოვჩენილიყავი და პოპულარული და ცნობადი გოგო გავმხდარიყავი. ჩემი ბავშვობის სურვილი და ოცნება იყო, ჟურნალისტი გავმხდარიყავი. დავიჭერდი სავარცხელს ან ტელევიზორის პულტს, დავდგებოდი და ინტერვიუებს ვიღებდი.

– ბავშვობის ოცნება და ეკრანზე გამოჩენა რა ასაკში აიხდინე?

– პირველად გადაცემა „ანა-ბანაში“ გამოვჩნდი. სკოლაში მოვიდნენ და ამარჩიეს. სიხარულით გადავირიე, ტელევიზორში გამოვჩნდები-მეთქი (იცინის). მკითხეს, რა არის შენი ოცნებაო და ვუპასუხე: ჟურნალისტობა-მეთქი და ზუსტად, პატარა ნინი ექვსი წლის ასაკში „ანა-ბანას“ ჟურნალისტი გახდა. მერე ავიჩემე, პოდიუმზე მინდა გამოსვლა-მეთქი და სამოდელო სააგენტოში შევედი. ორჯერ გამოვედი ჩვენებაზე. სამი თვის მერე, მივხვდი, აღარ მინდოდა მოდელობა, წამოვედი იქიდან და ცეკვაზე შევედი. ზოგადად, დღემდე ასე ვარ, მარტივად მბეზრდება ერთ ადგილას ყოფნა, ეს ჩემი ცვალებადი ხასიათის ბრალია. ერთადერთი გამონაკლისი, „კომედი ჯგუფის“ ბიჭებია, რომელთა გვერდით ყოფნა არ მბეზრდება (იცინის).

– ნინი, რა პროფესიის ხარ?

– პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ვიმუშავე ჩემი სპეციალობით „მიუზიკ ბოქსში“, საბავშვო გადაცემაში წამყვანი ვიყავი. ისე გადამრია წამყვანობამ, სურვილი გამიჩნდა, რეჟისორს სერიალში ან ფილმში პატარა როლზე, თუნდაც, „მასოვკაში“ დავემტკიცებინე. ეს ოცნებაც ავიხდინე და მივხვდი, რომ მეგონა, ბავშვობის ოცნება ჟურნალისტიკა იყო, ასე არ ყოფილა. ვერ მოვირგე ჟურნალისტობა, გადარბენები და მსახიობობა მინდოდა. ფილმისთვის – „დარჩი ჩემთან“, პატარა როლისთვის ეძებდნენ ბავშვებს, სკოლაში მოვიდნენ და ხუთი გოგო აგვარჩიეს. ასეთი სცენა იყო: ვზივართ თვითმფრინავში და შემოდის ლელა წურწუმია. ნამდვილი ლელა წურწუმიას დანახვაზე შოკში ჩავვარდი (იცინის).

– „კომედი ჯგუფში“ როგორ აღმოჩნდი, ქასთინგი გაიარე?

– მოკლედ, ისე მიყვარს ჩემი სამსახური, ამ თემაზე საუბარი მსიამოვნებს (იცინის). გავიგე, რომ მაშინ ია ფარულავას გადაცემისთვის ეძებდნენ ჟურნალისტ-სტაჟიორს. ჩემმა მეგობარმა, ნათია დედანაშვილმა, მითხრა და მივედი „რუსთავი 2-ში“. ერთი წელი ვიმუშავე, მაგრამ აგვისტოს დასაწყისში გადავწყვიტე, ეს ჩემი საქმე არ არის და თავს დავანებებ-მეთქი და ზუსტად იმ პერიოდში დამირეკა ალეკო მალხაზიშვილმა, შენი დახმარება გვჭირდებაო. არც კი მიკითხავს, რაში სჭირდებოდა ჩემი დახმარება, სასწრაფოდ ჩამოვფრინდი ბათუმიდან თბილისში (იცინის). ოფისის მენეჯერი გავხდი და უბედნიერესი ვიყავი. ასე მივედი კომედის ბიჭებთან სამი წლის წინ. ვხუმრობ ხოლმე: ალეკო ჩემი ნათლიმამაა-მეთქი (იცინის). ერთხელ ოთახში ვღიღინებდი ჩემთვის, ასე თუ ისე, სმენა და ხმა მაქვს. იმ დროს ამიკო ჩოხარაძის გადაცემისთვის გოგო-თანაწამყვანს ეძებდნენ. ალეკომ მთხოვა: იქნებ, სიმღერა ჩაწერო და სხვას დავაყენებთ, ვითომ ის მღერისო. უარი არ მითქვამს, ჩავწერეთ სიმღერა და მეორე დღეს ალეკომ დამიბარა და მითხრა: გაემზადე, ზეგ ჩაწერა გვაქვსო. ვერ მივხვდი, რისთვის მამზადებდა, მაგრამ ფაქტია, გადასაღებ მოედანზე, სცენაზე მოვხვდი (იცინის). სხვათა შორის, თავიდან უარი ვუთხარი: ამხელა პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვერ ავიღებ-მეთქი, მაგრამ ორ დუბლში ჩავწერეთ. სიმღერას „სულელელა“ ერქვა და ეს სახელი დღემდე შემომრჩა, ნახევარი სამსახური „სულელელას“ მეძახის.

– შენი პირველი „სკეტჩი“ თუ გახსოვს?

– პირველი „სკეტჩიც“ მახსოვს და პირველი ცნობადობაც ქუჩაში. პანდემიის პერიოდში პირბადით და სათვალით შენიღბული დავდიოდი. მე ვერ ვცნობდი ჩემს თავს და ბავშვმა ზურგიდან მიცნო: ნახე, დედა, სიარულის მანერაზე ვიცანი, „კომედი შოუში“ რომ გოგოა, ის არისო (იცინის). მოვიხსენი პირბადე და ჩავეხუტე. თავიდან, რომ მეუბნებოდნენ, ფოტო გადავიღოთო, მეუხერხულებოდა, ახლა მიხარია და ბედნიერი ვარ. მომწონს, როცა მცნობენ და ყურადღებას მაქცევენ, მეფერებიან. თავიდან კი, ასე დაიწყო – მაშინ ავთო მარგველაშვილი იყო „კომედის“ პროდიუსერი. დამიძახა და მითხრა: პატარა როლია „სკეტჩში“, უნდა იჯდე და არაფერი აკეთოო. თურმე, ჩაფიქრებული ჰქონია, დიდი ვარსკვლავი გავეხადე (იცინის). მოკლედ, შემაჩვია კამერებს და დღეს თუ ხალხი მცნობს და სითბოს გამოხატავს, მისი დამსახურებაა. არ დამავიწყდება თაკო აბაშიძისა და მიშა ანდღულაძის შვილის როლი რომ შევასრულე, ვფიქრობდი: ვა, თაკოსა და მიშას შვილიც გავხდი-მეთქი (იცინის). მერე, სანამ გაბუს ცოლი გავხდებოდი, ვახო ბიჭიკაშვილისა და თემო ნიქაბაძის შეყვარებული ვიყავი. სხვათა შორის, ლაშა გაბუნიას არ უნდოდა, მისი ცოლი ვყოფილიყავი, მაგრამ ბედს შეეგუა (იცინის).

– რატომ არ უნდოდა შენი ქმრის როლის მორგება?

– ტექსტში იყო „შე ჩემაალა“, ასე უნდა მოემართა ჩემთვის და ამას ვერ დაგიძახებო (იცინის). არადა, რომ მითხრეს, გაბუს ცოლი შენ უნდა იყოო, ვერ გეტყვით, როგორი ბედნიერი ვიყავი და როგორ გამიხარდა. რეალურად, არც მისი შეყვარებული ვარ და არც მისი ცოლი, ჩვენ მეგობრები ვართ.

– ნინი, ვიცი უამრავი თაყვანისმცემელი გყავს, მაგრამ შეყვარებული თუ ხარ?

– მყავდა, მაგრამ არ სიამოვნებდა ჩემი ეკრანზე გამოჩენა, პოპულარობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამის გამო გადავდგი ნაბიჯი და ურთიერთობა დავასრულე. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რომ დავშორდი. შეყვარებული ახლა არ მყავს მარტო ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი. ბათუმში წავედი დასასვენებლად და სულ ყურადღების ცენტრში ვიყავი, ხან ყავით მიმასპინძლდებოდნენ და ხან ტკბილეულით.

– ყველაზე უცნაური თაყვანისმცემელი თუ გახსოვს?

– არ დამავიწყდება, ერთხელ სავარჯიშო დარბაზში ვიყავი. რეკავს ტელეფონი, ავიღე ყურმილი და მესმის, დაახლოებით სამოცი წლის მამაკაცის ხმა, მომიკითხა, მითხრა: არ მიცნობ, ვერაფრით გაგაკვირვებ, ვფიქრობდი, რა საჩუქარი გამეკეთებინა შენთვის და საგალობელი უნდა გიმღეროო. ვიდექი დარბაზში და ვისმენდი გალობას (იცინის). ვერც ვიცინოდი, ვერც ვუთიშავდი.

ასევე იხილეთ