“თუ შემდგარი პიროვნება ხარ და თავად ილამაზებ ცხოვრებას, ნამდვილად არ არის საჭირო “შირმად“ გყავდეს გვერდით მამაკაცი”

მომღერალი და რადიოწამყვანი თაკო მელიქიშვილი ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა და გალამაზდა. ამბობს, რომ საკუთარი თავი უფრო მეტად შეიყვარა და ეს განვლილმა ცხოვრებამ ასწავლა. ცხოვრებამ, ბევრ რამესთან ერთად, ადამიანების გადაფასება და სიფრთხილეც ასწავლა. თაკოს ოჯახში მატებაა – პატარა პრინცმა მის სახლში დიდი ბედნიერება და სიხარული შეიტანა.

თაკო მელიქიშვილი: ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა, გამოცდილება შემძინა და ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო ფრთხილი გამხადა. იმავდროულად, უფრო მეტად დავიწყე ცხოვრების დაფასება. ბოლო პერიოდში მეუბნებიან, უფრო სხვანაირი გახდი, თუნდაც ვიზუალურადო. ვფიქრობ, წლებთან ერთად, უფრო მეტად შევიყვარე ჩემი თავი, უფრო მეტად დავაფასე ჩემი ცხოვრება. მივხვდი, დრო ძალიან მალე გადის და უნდა ვიზრუნო საკუთარ თავზე და რასაკვირველია, გარშემო მყოფებზეც, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს, ვინც ჩემი ერთგულია და ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ. თუმცა, დრომ ბევრი ადამიანი ჩამომაშორა.

– როგორც ვიცი, ოჯახში ახალი წევრი გყავს.

– დიახ, ოჯახში ახალი წევრი მყავს და მას რომ ვაკვირდები, ვხვდები, ბევრ ადამიანს სჯობია, ერთგულებით, სიყვარულით და ვნანობ, რომ აქამდე არ მოვიყვანე სახლში დანისნაირი პატარა და ერთგული ცუგა. დანი კი დავარქვით, მაგრამ მოფერებით პრინცს ვეძახი. ასე რომ, ჩემი პრინცი უკვე მყავს (იცინის). მეც ხომ ორი სახელი მაქვს თაკო-ბაკო, ჰოდა, დანისაც მეორე სახელი დავარქვი – პრინცი. პრინცთან ერთად ცხოვრება კიდევ უფრო ფერადი, სასიამოვნო და ბედნიერი გახდა. სახლში მისვლა უფრო მეტად მიხარია, რადგან ვიცი, კიდევ ერთი უსაყვარლესი ოჯახის წევრი დამხვდება. აქამდე ვერ წარმომედგინა ცუგა სახლში, მაგრამ 5-6 თვეა, ერთად ვცხოვრობთ და შეძლო და ისე შემაყვარა თავი, რომ ბედნიერი ვარ. ჩემს გოგონას, ლიზას, ძალიან უნდოდა ცუგა და ისიც გავახარე. ასე რომ, დღეს ჩემი პრონცი ბევრ ადამიანზე ძვირფასია.

– მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ უამრავი პრობლემის წინაშე დაგაყენა, უამრავი წინაღობა, ბარიერი და გამოუვალი მდგომარეობებიც კი გქონდა, ყველაფერს გაუმკლავდი. როგორ შეძელი საკუთარ თავში ამხელა ძალის გამონახვა და ბრძოლა?

– ვერ ვიტყვი, ყველა პრობლემა მოგვარებული მაქვს-მეთქი, თუმცა ამაზე არასოდეს ვლაპარაკობ. მართლა ურთულესი პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ვცდილობდი და ვცდილობ, ტკივილი და სევდა არავის დავანახვო და სხვას დიდი დოზით არ გავუზიარო. საერთო ჯამში, ამით სხვა ადამიანებს ამძიმებ და შენს პრობლემას კი ვერ აგვარებ. ამიტომ, ვცდილობ, ჩემს პრობლემებს თავად გავუმკლავდე. დაცემის უფლებაც არ მაქვს, ორი შვილი მყავს და თუნდაც, მათ გამო. ამიტომ ცხოვრების სტიმული არასოდეს დამიკარგავს, როცა პრობლემის წინაშე დავმდგარვარ. ყველა განსაცდელი უფრო მეტად მაძლიერებს. ასე რომ, ჩემმა პრობლემებმა უფრო გამაძლიერა და საკუთარ თავს ყოველდღიურად ვაჯერებ, რომ მე ამას აუცილებლად შევძლებ, მე ამას აუცილებლად გავაკეთებ. ამ ყველაფერში ჩემი სამსახურებიც მეხმარება. იმდენად პოზიტიური სამსახური მაქვს და იმდენად ელოდება ხალხი ჩემგან დადებით ემოციებს, უფლება არ მაქვს, მოვეშვა. ხანდახან ვფიქრობ: ჩემს ცხოვრებაში ეს სფერო რომ არ იყოს, ასე მარტივად შევძლებდი თუ არა პრობლემებთან გამკლავებას და მოვახერხებდი თუ არა ამდენს.

– ამ წლების გადასახედიდან, რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ცხოვრებაში დაუშვი?

– არ მიმაჩნია, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი. თავიდან რომ დავიბადო და იმავე გზის გავლა მომიხდეს, არც არაფერს შევცვლი. ან, იქნებ, შემეცვალა კიდეც, ამაზე არ მიფიქრია (იცინის).

– საკმაოდ შეცვლილი ხარ და თავადაც აღნიშნე, ბევრი მეუბნება, შეიცვალეო. რის გამო გადაწყვიტე რადიკალური ცვლილება და რა გაიკეთე?

– ადრე, სხვებისთვის ვცდილობდი და ახლა ჩემთვის მინდა გახდომაც, გალამაზებაც და ფორმაში ყოფნაც. ვცდილობ, ჩემი თავი მე თავად მომეწონოს და არა იმაზე ვიფიქრო, რას იტყვიან სხვები. ისეთი არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ, ასაკთან ერთად სხვანაირი გავხდი. არც პლასტიკური ჩარევები მაქვს გაკეთებული და არც რაიმე სხვა პროცედურები. რომ შეიცხადენებ ხოლმე: ვაიმე, რა გალამაზებული ხარო, ხანდახან მეშინია და ვფიქრობ, რამე ხომ არ უნდა მომივიდეს-მეთქი (იცინის).თვალზე ლაინერი გავიკეთე და ტუჩი ოდნავ დავიბერე, სულ ესაა. არ ვიცოდი ლაინერის წასმა, არადა ჩემი სფეროდან გამომდინარე, მჭირდებოდა. ვიწვალე და არ გამომდიოდა. თან რუჯი მიყვარს, მგონია ყველას უხდება. ასე რომ, ლაინერი, ოდნავ დაბერილი ტუჩი, რუჯი და ღამე ლამაზად მძინავს და დილით გაპრანჭული, ფორმაში ვიღვიძებ (იცინის).

– გარეგნობა დაიხვეწე, შენს სფერში შემდგარი და წარმატებული ადამიანი ხარ, გყავს უსაყვარლესი შვილები, ერთგული გარემოცვა. თუმცა, გვერდით საყვარელი მამაკაცი ქალის ცხოვრებას სხვა ემოციას აძლევს. მეთანხმები? ისე, ჭორი გავიგე, რომ შეყვარებული ხარ და მართალია?

– ჩემზე ბევრ ჭორს ვიგებ და მეცინება. მაგალითად, გამიგია, რომ ბევრჯერ გავთხოვდი, სანამ დავიკლებდი, სულ ორსულად ვიყავი და ასე შემდეგ. რაც შეეხება მამაკაცს, თუ ხვდები, რომ შენთვისაა დაბადებული, შენი ნამდვილი მეორე ნახევარია და უგებ, გიგებს, უყვარხარ და გიყვარს, ძალიან კარგია, მაგრამ ის, რომ ოღონდ გვერდით გყავდეს მამაკაცი და ქმარი ერქვას, ეს ჩემთვის მიუღებელია. ხალხი რას იტყვის და ამის გამო იცხოვრო მამაკაცთან, რომელიც შენი არ არის, ასე ნამდვილად ვერ ვიცხოვრებ და ასეთ კატეგორიას არ მივეკუთვნები. თუ ორ ადამიანს შორის სიყვარულია და ბედნიერი ვარ, ხომ კარგი, მაგრამ თუ შემდგარი პიროვნება ხარ და თავად ილამაზებ ცხოვრებას, ნამდვილად არ არის საჭირო, მამაკაცი „შირმად“ გყავდეს. ასე რომ, სიახლე ჩემს პირად ცხოვრებაში ნამდვილად არ არის და რომ ყოფილიყო, არ დავმალავდი. აქამდე ჩემით მოვედი, მარტომ გამოვიარე ცხოვრების გზა, თავად ვიღებდი გადაწყვეტილებებს და ვართმევდი თავს მოვალეობებს, ჩემით ვსაზღვრავდი, რა იყო სწორი და რა არასწორი და ახლა, ალბათ, გამიჭირდება მამაკაცზე დამოკიდებული გავხდე. კარგია გვერდით ძლიერი მამაკაცი, მაგრამ პოვნაა რთული და მერე, ურთიერთობის შენარჩუნება. მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ბედნიერებისთვის მამაკაცი გვერდით აუცილებელია. თუ ცხოვრებას გიფერადებს, გაბედნიერებს და სიყვარულით გავსებს, კარგია, მაგრამ ოღონდაც მყავდეს და სხვების დასანახად – ვაი, რა ბედნიერები ვარ, ასეთი არც ქმარი მინდა, არც ოჯახი და არც არაფერი. ბედნიერი ვარ და სხვების დასანახად, რომ გვერდით ქმარი მყავს, არ გავთხოვდები და არც იმის გამო, რომ მისი ფინანსებით ჩემი პრობლემები მოვაგვარო.

– ზაფხულში დასვენება მოასწარი?

– თურქეთში ვიყავი ერთი კვირა, ბათუმში ჯაზფესტივალზე – ოთხი დღე და სასწაული ემოციით დავიტვირთე. მივხვდი, რომ დასვენება არ მიყვარს. სამ დღეზე მეტს ვერსად ვჩერდები, სამ-ოთხ დღეში სახლში მინდა. არ მიყვარს უსაქმურად ყოფნა, დასვენებით უფრო ვიღლები – ეს ახლა აღმოვაჩინე საკუთარ თავში.

ასევე იხილეთ