“კაცი რომ ფინანსურად კისერზე შეგაჯდებათ, მაგას ფულის მეტი არაფერი უნდა თქვენგან”

ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ძვირფასო ქალებო, კაცი რომ ფულს გართმევთ “ვალად”, იმიტომ კი არ გემათხოვრებათ, რომ ახლობელი ხართ და თქვენს იქეთ გზა არა აქვს, არამედ იმიტომ რომ გამოსირებული ალფონსია და თქვენი სახით “მეწველი ძროხა” იპოვნა!

არანაირ სესხს არ აძლევთ მაგ თქვენ მიჯნურ კაცებს და მაშინვე მიგატოვებენ, როგორც კი ამოგეწურებათ ეგ ფული ან უკეთეს “მეწველ ძროხას” იშოვნიან.

აღარ შემიძლია, იმდენ მოტყუებულ ქალს ვხედავ… კაცი რომ ფინანსურად კისერზე შეგაჯდებათ, მაგას ფულის მეტი არაფერი უნდა თქვენგან, სულაც რომ საკუთარი ქმარი ან ვაჟიშვილი იყოს – კარგად დაიმახსოვრეთ ეს! არ უყვარხართ მაგ კაცებს თქვენ, მხოლოდ თქვენი გაჭირებით და მონური შრომით ნაშოვნი ფულის განიავება უნდათ და ნუ მოტყუვდებით მარტივად.

ქალიც ბევრი ვიცი კაცის კმაყოფაზე მყოფი, მაგრამ მანდ შეთანხმება და მოლოდინები მაინცაა ხოლმე მკაფიო: “ლამაზი ქალი” და “მდიდარი კაცი” ყოველთვის სექსუალური მომსახურების გაცვლას გულისხმობს, ხშირად ქალის მხრიდან მონოგამიასაც და საბოლოო დაოჯახებასაც, სადაც მოტყუებული არავინ რჩება, თუ ცემა და ძალადობა არ დაუწყეს ამ ქალს.

ალფონსების შემთხვევაში კი სრულიად სხვა სქემაა: ქალს ატყუებენ, რომ უყვართ, პირდებიან ერთგულებას და ქორწინებას, ბოლოს კი ოჯახის ნაცვლად ვიღებთ გაკოტრებულ, ვალდადებულ და გაუბედურებულ ქალს, რომელიც დამატებით ათასი მანიპულაციის და ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მახვერპლია ხოლმე.

მოკლედ, ფულის ჩუქება მოსულა, ოღონდ თავს ნურავის მოატყუებინებთ და დააჩაგვინებთ. ფინანსურად კისერზე შესმული კაცი უბედურებაა ქალისთვის! ფინანსურად კისერზე შესმული ქალი კი კაცის უბედურება სულაც არ არის, რადგან კაცები ადვილად იშორებენ ცოლებსა და საყვარლებს, ქალი კიდევ ხშირად მარტო რჩება ღია ცის ქვეშ ბავშვით, უსამსახუროდ და უფულოდ.

ეკონომიკური დამოუკიდებლობა აბსოლუტურად აუცილებელია ქალისთვის (და კაცისთვისაც). ამ ღატაკ ქვეყანაში შრომით თავის გატანა რომ ძნელია, ვიცი! მაგრამ მაინც ყველა ქალის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა და არა გათხოვება-დედობა პატარა ასაკში.”

ასევე იხილეთ