რა დაუბარა ანდერძად დეპუტატმა ბებიამ ეკა ბესელიას და ვისი დანახვისას იხსნებოდა სამყარო მისთვის

ადვოკატს, პოლიტიკოსსა და პროფესორს, „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელს, ეკა ბესელიას, ბავშვობის ასაკიდან, უსამართლობასთან მუდმივი ბრძოლა და დაჩაგრულთა დაცვის ინსტინქტი მოჰყვება. როგორც აღმოჩნდა, ეს ძლიერი ხასიათი მას გამზრდელი ბებიისგან, ქალბატონ ნათელა სარჯველაძისგან დაჰყვა, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლოს ნაფიცი მსაჯული და აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი წარმატებული დეპუტატი გახლდათ.

ეკა ბესელია: პროფესიული გზაც და გენეტიკური სიძლიერეც ბებიისგან დამყვა. დედის დედა, ნათელა სარჯველაძე, გენიალური ქალი იყო, ყველაზე ბრძენი, შრომისმოყვარე და გამორჩეული თვისებების მქონე გახლდათ. ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი და მესაიდუმლე იყო. თექვსმეტი შვილიშვილი ჰყავდა, მაგრამ მე განსაკუთრებულად ვუყვარდი. ყველაფერს ვუყვებოდი, გამორჩეული მეგობრობა გვქონდა. იმ წლებში, კომუნისტების პერიოდში, ქობულეთში, სადაც ის ცხოვრობდა და სადაც მთელი ბავშვობა ვიზრდებოდი, ჩაის დიდი პლანტაციები იყო. ბებო ჩაის კრეფდა და შრომის გმირი გახდა. გაზარდა ექვსი შვილი და ექვსივემ უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა. ბებო, რომელიც პირველ ეტაპზე ფიზიკური შრომით გახდა წარმატებული, შემდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს, შვიდგზის დეპუტატი გახლდათ. ასევე, იყო ნაფიცი მსაჯული ბევრი წლის განმავლობაში. ამ გამორჩეული ამბების პარალელურად, ის იყო საოცარი დედა, საოცარი ორატორი და საოცარი დიასახლისი. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, დელეგაცია რომ ჩამოვიდოდა, სტუმრები ჩვენთან მოყავდათ, რომ ეჩვენებინათ, როგორც წარმატებული ქალი ქობულეთში, ვინც საკუთარი შრომის და გონიერების ხარჯზე ამდენი შეძლო. ჩემი პირველი შვილი, რატი, რომ დაიბადა, პირველი ორმოცი დღე ჩემ გვერდით იყო და მაზრდევინებდა. მთელი ჩემი ბავშვობა მახსოვს მეგობარი ბებო, რომელსაც ყველა ჩემს საიდუმლოს ვუყვებოდი. იყო საოცრად ბრძენი, ისეთ რჩევებს გვაძლევდა და რომ ვუყურებდი, სხვებთან ურთიერთობაშიც, თავისი გონიერებით, სიდინჯით, დახვეწილი მანერებით, შრომისმოყვარეობით, ჩვენთვის ისეთი მაგალითი იყო, მართლაც მეამაყება ასეთი ბებია რომ მყავდა.

– ვინც მას იცნობდა, ამბობენ, რომ ძალიან ჰგავხართ ბებოს.

– მგონი, ყველაფრით ვგავარ ბებოს – ხასიათით, საჯაროობის ასეთი გამბედაობით, სიძლიერით, შანაგანი სიმშვიდითაც, განსაკუთრებული ზრუნვით გარშემო მყოფების მიმართ და პროფესიული გზითაც. სანათესავოში სხვა არავინ მყავს იურისტის პროფესიის. მაშინ მსაჯული მოსამართლის როლში იყო, რადგან განაჩენებს მოსამართლეებთან ერთად იღებდნენ. ასე რომ, მსაჯული, ყველაზე ახლოსაა იურისტობასთან.

– ქალბატონ ნათელას იურიდიული განათლება ჰქონდა?

– არა, ბებოს იურიდიული განათლება არ ჰქონია. მაშინ, მსაჯულად გამორჩეულ ადამიანებს ირჩევდნენ და არა იურისტებს. ამ მხრივ ბებო გამორჩეული იყო და ბევრი წელი იყო მსაჯული და სახალხო სასამართლოში მოსამართლესთან ერთად იღებდა გადაწყვეტილებებს. ბებოს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, საოცარი სანდოობით გამოირჩეოდა. სხვათა შორის, სანამ გარდაიცვლებოდა, წინა დღეს ჩავედი და ვნახე. უკვე საწოლში იყო, უჭირდა სიარული. მითხრა: ყველაზე მეტად, რაზედაც ვფიქრობ, შვილები და შვილიშვილები როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას, ჩემთვის ეს ყველაზე დიდი სადარდებელია, შენ ძალიან ძლიერი ხარ, შეგიძლია, ყველა შეკრა, ყველას თავი მოუყარო, ერთმანეთთან დააკავშირო, რომ ეს თქვენი დიდი, ერთიანი ოჯახური იდილია შენარჩუნდეს და არასოდეს დაუშვათ, რომ ერთმანეთი დაკარგოთ. ეს ჩემი ხათრით გააკეთეო. ეს იყო ბებოს დიდი სურვილი, ერთგვარი ანდერძი და ამას ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ. როგორ გამომივიდა, ამას სხვები იტყვიან.

17 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე მისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და ფოტოებით მთელი მისი ცხოვრება ალბომად ავკინძე. უბედნიერესი იყო, როცა ეს ალბომი ვაჩუქე. ამ საჩუქარს განსაკუთრებულად ინახავდა.

– აუცილებლად უნდა გკითხოთ: პოლიტიკაში წასვლამდე ძალიან წარმატებული ადვოკატი იყავით. თქვენს კარიერაში, უამრავი მოგებული საქმეა, მათ შორის, საკმაოდ მძიმე და უიმედო ქეისებიც კი. მართალია, რომ მძიმე საქმეებს თავად ირჩევდით?

– დიახ, მქონდა მძიმე საქმეები და ამას თავად ვირჩევდი. მსუბუქი, ყოფითი, განქორწინებისა და ქონების გაყოფის საქმეები არ მომწონდა. ძირითადად, მკვლელობის საქმეებზე ვმუშაობდი, რომელიც ყველაზე მძიმე და ემოციური იყო. ორგანიზებული დანაშაული და მკვლელობა – ასეთი მძიმე დანაშაულებები პროფესიულად უფრო მაინტერესებდა. თუმცა, საქმესთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვის ვიცავდი. ნებისმიერი ადამიანის დაცვა, რომელიც ადვოკატს უნდა შეეძლოს, ჩემთვის მიუღებელი იყო. ეს ხასიათური მომენტები მაქვს. თუ საქმეს აიღებ, მერე ვერ მიატოვებ იმის გამო, რომ რაღაც არ მოგწონს. ამიტომ, თავიდანვე უნდა იფიქრო. როგორი ჰონორარიც არ უნდა შემოეთავაზებინათ და არ დამავიწყდება ერთ საქმეში კოლოსალურ თანხას მთავაზობდნენ, მე ასეთ საქმეს არ ავიღებდი, პიროვნულად მივხვდი, იმ ადამიანს ვერ დავიცავდი და უარი ვთქვი. იმდენად შევდივარ საქმეში, ისტორიაში და მითავისდება ყველა დეტალი, თუ ადამიანი ჩემს შინაგან სამყაროსთან ვერ მოვიდა, მის დაცვას ვერ შევძლებ. მის შესახებ ვიცოდი ცუდი ამბები და ზოგადად, სულ ერთია, ვის დავიცავ, ჩემს შემთხვევაში არ ხდებოდა. მოკლედ, ცივსისხლიანი არ ვარ (იცინის).

– ამბობენ, თქვენი ადვოკატად აყვანა, საკმაოდ რთული იყო და ეგრეთ წოდებული, ჩაწყობები სჭირდებოდაო. მართალია?

– თავს არ ვიქებ, მაგრამ საკმაოდ მოთხოვნადი ადვოკატი ვიყავი და ნაცნობებს ეძებდნენ, რომ ჩემამდე მოსულიყვნენ. იყო საქმეები, ჰონორარის გარეშე ვმუშაობდი. თუ უჭირდა ადამიანს, აუცილებლად ვეხმარებოდი და უამრავი ასეთი საქმე მქონია. მოკლედ, სწორედ მაგ პერიოდში მივატოვე პროფესია, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარდა და წავედი პოლიტიკაში. უფრო სწორად, წავედი კი არა, ნამდვილ საგიჟეთში აღმოვჩნდი.

– თუმცა, თქვენ პოლიტიკაში ქალის სისუსტისა და დაუცველობის ყველა სტერეოტიპი დაანგრიეთ. საკუთარ თავზე გამოსცადეთ პოლიტიკის ყველაზე ბინძური მხარე და ოპონენტებისგან სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლიც გახდით. მართალია, რომ თქვენი პოლიტიკური კარიერა სასამართლო რეფორმასა და კონკრეტულად „მოსამართლეთა სიას“ შეეწირა?

– გეთანხმებით. 2019 წელს სასამართლო რეფორმის გამო მმართველ პარტიაში ძალიან დაიძაბა ვითარება. ვგრძნობდი, დაძაბულობა იზრდებოდა. მე მქონდა პრინციპული პოზიცია, რომ სასამართლო რეფორმა ბოლომდე უნდა მიგვეყვანა, რასაც წინააღმდეგობას უწევდა გარკვეული ჯგუფი, რომელიც „მოსამართლეთა კლანს“ ლობირებდა. გაჩნდა შეკვეთილი სტატიები, წერილები გაზეთებში, სოციალურ ქსელში. თურმე, ეს ყველაფერი საკუთარ პარტიაში იგეგმებოდა. რას ვერ გამოვიძიებდი და ვერ მივხვდებოდი. მოკლედ, მივხვდი, რომ კვალი ჩემი პარტიის ოფისთან მიდიოდა. ეს იყო ერთი ხელწერა და უკავშირებოდა სასამართლო რეფორმას. 2016 წელს გავხდი იურიდიული კომისიის თავმჯდომარე და 2017 წლიდან დავიწყე რეფორმის მეოთხე ეტაპი. მოკლედ, როგორც კი ამ რეფორმას შევეხე, მივხვდი, ისეთ თემას შევეხე, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე მტკივნეული იყო ჩემივე გუნდისთვის. სასამართლო უნდა იყოს ყველასთვის თავისუფალი, ეს კი რამდენიმე ადამიანს, რომელიც სასამართლოში სიტუაციას „განაგებდა“, არ აწყობდა. შიშველ სადენებს შევეხე, რეფორმის ბოლომდე მიყვანა მინდოდა და ამას მოჰყვა ინტრიგები. მაცდური შემოთავაზებებიც მქონდა, თუ მე დავთანხმდებოდი, თანამდებობრივად დიდ ნახტომს გავაკეთებდი, მაგრამ მე ამაზეც უარი ვთქვი. სწორედ, ეს ათი უვადოდ ასარჩევი მოსამართლის „საბედისწერო“ სია აღმოჩნდა ჩვენი წყალგამყოფი. ეს ის თემა იყო, რომელიც მე კი არ მეხებოდა პერსონალურად, არამედ ქვეყანას და ქვეყნის მომავალს. ვიცოდი, რა კონფლიქტში, ღია იმში და სახიფათო თავდასხმებშიც შევდიოდი, მაგრამ მე ეს მიღირდა და ვთქვი: მე წავალ ღია იმში და ამას არ გავაკეთებ! 26 დეკემბერს ბრიფინგი დავგეგმე და განვაცხადე: „მე ამ სიას ჩავაგდებ და მივდივარ თანამდებობიდან!“. გადავდექი და სიაც ჩავარდა. ეს იყო ღია გზავნილი, რომ სასამართლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველა თანამდებობაზე მეტია. მე ამით საკუთარი იდეა და პრინციპები დავიცავი.

ასევე იხილეთ