“ზოგჯერ “კეთილისმსურველები” იაგოსავით შხამს ჩაგაწვეთებენ, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია”

მაკა მახარაძეს მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. საქართველოში მას ყველა იცნობს არა მარტო როგორც ბალერინას და მსახიობს, არამედ საზოგადოებისთვის ძალიან საყვარელი, ულამაზესი ქალბატონის, მსახიობ მედეა ჩახავას და არაორდინარული, ფენომენურად ნიჭიერი ადამიანის, მსახიობის, კოტე მახარაძის ქალიშვილს, გამორჩეულს საუკეთესო ადამიანური თვისებებით.

ქალბატონი მაკა გულწრფელი, სასიამოვნო და საინტერესო მოსაუბრეა. ,,სარკეს” თავაზიანად დაუთმო დრო და თავის დიდ ოჯახსა და პირად გამოცდილებაზე უამბო.

– ეს წელი თქვენი ოჯახისთვის იუბილეების წელია – ქალბატონი მედეას, ბატონი კოტეს და თქვენი ძმის, ცნობილი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის. მინდა, მათზე ვისაუბროთ.

– მამას დაბადებიდან 95 წელი შეუსრულდა. ცოტა უხერხულია მის დამსახურებაზე ლაპარაკი. მან დაწერა წიგნი “ორი ბატონის მსახური”, სადაც თავის ორ ძირითად პროფესიაზე საუბრობს – თეატრსა და სპორტზე. უნდა გამოგიტყდეთ, სპორტი დიდად არ მიყვარს, უფრო ტანვარჯიში და ისეთი სახეობები მომწონს, რაც ბალეტთან, პლასტიკასთან ახლოა.

თავდაპირველად, როცა წიგნი ხელში ავიღე, ის თავები წავიკითხე, სადაც თეატრსა და ხელოვნებაზეა საუბარი, დანარჩენი გამოვტოვე. წელს საიუბილეოდ წიგნი ხელახლა გამოვიდა. როცა გამოსაცემად ვამზადებდით, ჩავუჯექი და ყველაფერს დაწვრილებით გავეცანი. მივხვდი, როგორ ორგანულად არის გადაჯაჭვული ეს ორი სფერო ერთმანეთში. მართლაც მოახერხა მამამ ორი ბატონის ვირტუოზულად მსახურება.

მამას ენციკლოპედიური განათლება ჰქონდა. დღეს, როცა “გუგლზე” ერთი თითის დაკვრით ყველაფრის წაკითხვაა შესაძლებელი, შეიძლება მისი ცოდნა არავის გაუკვირდეს, მაგრამ იმ დროს, როცა მამა ცხოვრობდა, ეს უამრავი წიგნის წაკითხვის, მეცადინეობის, შრომის შედეგი იყო.

– ქალბატონ მედეა ჩახავაზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, იმდენად მრავალმხრივი ქალი და ზოგადად ადამიანი იყო. რამდენიმე მოგონება გაგვიზიარეთ.

– დედა, როგორც ყველა მშობელი, ძალიან მზრუნველი იყო. სულ უნდოდა, ყოველდღე დამერეკა და წვრილად მომეყოლა, სად ვიყავი, რა გავაკეთე. მე კი, როგორც ყველა შვილი, ვეუბნებოდი, კარგი, რა, დედა, კარგი-მეთქი. ბოლოს ვეტყოდი ხოლმე, დედა, უკვე 60 წლის ვარ, რა საჭიროა, ყველა წვრილმანი მოგიყვე-მეთქი. მპასუხობდა, აღარ ვიქნები და ჩემი კითხვები მოგენატრებაო.

სიცოცხლის ბოლომდე შემორჩა თავისი რაკრაკა, ხალისიანი ხმა. მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტს ეწეოდა, მცირე ხრინწიც არ გარევია. ზოგჯერ საოჯახო საქმეებში გართულს მოულოდნელად დაურეკავდნენ და სადმე მიიწვევდნენ. ხდებოდა ისეც, თმა შესაღები ჰქონდა. არ შემიძლია ახლა თმის შეღებვაო, ფერად შარფს წაიკრავდა ან ქოთანივით ქუდს დაიკოსებდა და ულამაზესი იყო.

– თუ ატარებთ დედის სახსოვარ სამკაულებს?     

– გაგეცინებათ და, დედას არანაირი ძვირფასი სამკაული არ ჰქონდა. სულ უბრალო რამეს გაიკეთებდა, ტანსაცმელს შეუხამებდა და იხდენდა. არა, როგორ არ უყვარდა ოქრო, მაგრამ არ ჰქონდა. ერთი ბრილიანტის ბეჭედი უჩუქნია მამას, დიდი ჰქონია და თითიდან დაკარგა. კარგა ხნის შემდეგ კიდევ ერთი ოქროს ბეჭედი შეიძინა. მეორე დღეს კი რაჭაში წავიდნენ და შაორის ტბაზე წყალმა ისიც თითიდან წააძრო. ამბობდა, არა შეჯდა მწყერი ხესაო…

დედა ხშირად გვეუბნებოდა, მე არ დავწერ ანდერძს, არ შემიძლია დავწერო სიტყვები – ჩემი სიკვდილის შემდეგ, ამიტომ გეუბნებით სიტყვიერად, ამ სახლში (იგი ჩემს ძმასთან, ივიკოსთან, ცხოვრობდა) ავეჯი მაკასია, ეს ნივთები – თემურის, ხოლო სახლი რჩება ივიკოსო. ასე რომ, ყველამ ვიცოდით, ვის რა გვეკუთვნოდა. საერთოდ, დედაჩემის წინაპრებს ასეთი ტრადიცია ჰქონიათ, საგვარეულო ავეჯი ქალიშვილს გადაეცემოდა. მე ეს ვიცოდი და, მართალი რომ გითხრათ, ვფიქრობდი ამ ავეჯის წამოღებაზე.

დედის გარდაცვალების შემდეგ ივიკომ გვითხრა, თემურ, მაკა, წაიღეთ თქვენი კუთვნილი, ეს დედის სურვილი იყოო. თემურმა კატეგორიულად განაცხადა, მე აქედან ერთ ჭიქასაც არ ავიღებ, ივიკო, ჩემს წილს ყველაფერს შენ გიტოვებო. ამის შემდეგ მეც უარი განვაცხადე. ასეთი იყო თემური, მისთვის მთავარი იყო ურთიერთობა, სიყვარული, არასდროს უფიქრია სარგებელზე…

-ცხოვრების გზას ისე ვერ გაივლიდით, უსიამოვნება, წყენა არ შეგხვედროდათ. თუ გაგიგრძელებიათ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც გული გატკინათ?

– ყოფილა ასეთი შემთხვევები. არიან “კეთილისმსურველები”, იაგოსავით ყურში რომ ჩაგჩურჩულებენ, შხამს ჩაგაწვეთებენ. მერე ის თუ “დეზდემონას” გვერდზე აღმოჩნდა, შეიძლება მიახრჩო, მაგრამ, როგორც ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალია. გაივლის დრო და ის, ვინც გაწყენინა, თუ ფასეულია, აპატიებ, გააგრძელებ ურთიერთობას, ხოლო თუ დროებით აღმოჩნდა შენს ორბიტაზე, თავისი გზით წავა.

ყველაფერი ადამიანურია – წყენაც, გულისტკენაც, გაბრაზებაც, პატიებაც. როცა ცხოვრების იმ გზას გაივლი, ხვდები, რომ ასეთ რამეებზე დროის კარგვა არ ღირს. მიტევება საუკეთესო გრძნობაა. ახალგაზრდობაში დედა ხშირად მეუბნებოდა, მიმტევებელი უნდა იყოო. არც კი მახსოვს, ამას რატომ ამბობდა. ეტყობა, ზოგჯერ ემოციებს ვაფრქვევდი…

მამას იტაცებდა ასტრონომია, მასწავლიდა ვარსკვლავების ცნობას. მართალია, მხოლოდ დიდი დათვის თანავარსკვლავედი დავიმახსოვრე, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მეუბნებოდა, მაკა, თავს თუ ცუდად იგრძნობ, გაბრაზდები, გეწყინება, გული გეტკინება, აიხედე ცაში, შეხედე ვარსკვლავებს და ყველაფერი გაივლისო. ხშირად ახედეთ ცას.

ასევე იხილეთ