“მადლიერი ვარ, რომ დედამიწაზე ცხოვრების დროს ასეთი ოჯახი შემხვდა”

ბაბუა – ლეგენდარული ,,ივერიელი”, მომღერალი თემურ წიკლაური, ბებია – მოღერალი ლილი ზღვაური, მამა – მწერალი დავით-დეფი გოგიბედაშვილი, დედა – მომღერალი ქეთი წიკლაური – ამ ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა ანდრო გოგიბედაშვილი, რომელიც საოცარ სამყაროს ქმნის თავისი მუსიკით, ხელოვნებით. შემოქმედებასა და თავის ოჯახზე ანდრო ,,სარკეს” უამბობს:

-მე და ბაბუ მაგარი მეგობრები ვიყავით. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ოჯახისთვის გაუკეთებია და, უბრალოდ, იმისთვისაც, რომ არსებობდა. მადლიერი ვარ, რომ დედამიწაზე ცხოვრების დროს ასეთი ოჯახი შემხვდა…ბაბუ სახლში ძალიან წყნარი და მშვიდი იყო. გარეთ რომ გადიოდა, ისეთი ხდებოდა, მეკობრე რომ ზღვაში გადის და მზად არის იმ გამოწვევებისთვის, რაც ზღვამ უნდა მოუტანოს. სახლში ისვენებდა, უშუალო იყო.

– თქვენი შექმნილი მუსიკა მოსწონდა?

– დასაწყისში არც მას მოსწონდა არც – მე. ექსპერიმენტებს ვატარებდი. ბოლოს რაც მოვირგე, მისთვის უკვე მისაღები იყო, რადგან აქტიურად ვიყენებ ეთნიკურ საკრავებს – დოლები, სალამურები… ბაბუს ჩემ გვერდით ოთახში ეძინა. ხშირად შემოდიოდა და წაიცეკვებდა ხოლმე. კი არ მეუბნებოდა, ცუდია ან როგორ ჟღერსო, მეტყოდა, შეიძლება ეს ინსტრუმენტი მოუხდეს და გაითვალისწინეო.

– მამასთან ურთიერთობაზეც გვიამბეთ, მწერალ დავით გოგიბედაშვილზე, რომელიც ახლა ამერიკაშია.

– მამაჩემთან ერთად არ ვცხოვრობდი, მაგრამ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ბაბუ თუ უფრო ესტრადისა და ფოლკლორისკენ იხრებოდა, მამამ სხვაგვარი მუსიკა გამაცნო. ჩემი უფროსი მეგობარია, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა თავისი პოეზიით, თავისი პროზით. ძალიან მაგარი მწერალია. ბევრი ნაშრომი გვაქვს ერთად გაკეთებული, როდესაც ის თავის პოეზიას კითხულობს და ჩემი მუსიკის ხმები გასდევს ფონად.

აქ უკვე ვეღარ ჩერდებოდა იმ მიზეზების გამო, რაც სახელმწიფომ და საზოგადოებამ შეუქმნა და იძულებული გახდა, წასულიყო. თავიდან ძალიან განვიცადე… შეიძლება ცუდად ჟღერდეს, მაგრამ, რადგან მასთან არ ვიზრდებოდი და სხვაგვარი სიახლოვე გვქონდა, შეიძლება ითქვას, ადვილად გადავიტანე მისი წასვლა ამერიკაში.

– დედაც ხელოვანია, ბებიაც. მათ რა გავლენა იქონიეს თქვენზე?

-დედაც ისეთივე მეგობარი და მასწავლებელია ჩემი, როგორიც მამა და ბაბუა. თან უმაგრესი დედაა, უმაგრესი მომღერალი და ასევე ძალიან მაგარ ლექსებს წერს.

ხალხმა ნაკლებად იცის, რომ ბებია ულამაზეს ნახატებს ქმნის და პოლიეთილენის პარკებისგან ჩანთებს ქსოვს. 15 წლის წინ დაიწყო ჩანთების ქსოვა. ამით სამყაროს პარკებით დაბინძურებისგანაც იცავს. ქსოვს და მეგობრებს, ჩვენ გვჩუქნის. რასაც ხატავს, ისიც ჩვენთან რჩება, არავის უზიარებს. ხატავს ყვავილებს, ფლორას, სადაც კოსმიური სინათლე და ატმოსფერო იგრძნობა.

– როგორ არის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ?

-ძლიერი ქალია, სინათლის მეომარია და, როგორც სინათლის მეომარს შეეფერება, უძლებს ამ დარდს.

– როგორც ვიცი, თქვენც წერთ ლექსებს…

– კარგა ხანია, აღარ დამიწერია. მამაჩემის შემოქმედებამ დიდი ინსპირაცია მომცა, რომ ჩემი რაღაცაც შემექმნა. თავიდან მას ვბაძავდი და მერე უფრო ჩემებური ხასიათი ვიპოვე ამ ლექსების წერაში.

– რაზე წერდით, სიყვარულზე?

– დიახ, სიყვარულსა და სამყაროზე.

– სევდა, მხიარულება, რომელიც თქვენს მუსიკაში იგრძნობა, თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული?

– რა თქმა უნდა.

– ბედნიერება რას მოაქვს?

– ახლობლებთან ყოფნას.

ასევე იხილეთ