“ჩემი შვილებისთვის სამშობლო ამერიკა იქნება”

მომღერალი ნინი წიკლაური 6 წლის წინ ახალგათხოვილი, ფეხმძიმე გაემგზავრა ამერიკაში. უცხო მიწაზე, უცხო გარემოში ცხოვრების თავიდან დაწყება ძალიან რთული იყო. მეგობრების და კეთილი ადამიანების წყალობით ფეხი ნელ-ნელა მოიკიდა.

ბრჭყვიალა ამერიკული ოცნება ახლოდან არცთუ ბრჭყვიალა და იოლად ასახდენი აღმოჩნდა. ნინი სიძნელეებს არ შეუშინებია და შვილების, მომავლისთვის ბრძოლაში თავდაუზოგავად გადაეშვა. საყვარელმა პროფესიამ უშველა. ნინიმ შეძლო თავისი ნიჭის წყალობით და უდიდესი შრომის ფასად გზის გაკვლევა. დღეს იგი საბავშვო სტუდიის ხელმძღვანელია, ამავდროულად ჰყავს თავისი ბენდი და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებასა და კონცერტზე საკუთარი რეპერტუარით აღტაცებაში მოჰყავს მსმენელი.

6 წლის შემდეგ მოახერხა და ზაფხულში ორ შვილთან ერთად თბილისში დროებით დაბრუნდა. ,,სარკესთან” საუბარიც მაშინ შედგა.

– ბავშვებს რა რეაქცია ჰქონდათ უცნობ სამშობლოში ჩამოსვლაზე, როგორ შეეგუვნენ ქართულ გარემოს?

– ჩემი შვილები ამერიკაში დაიბადნენ, მათთვის იქ არის სახლი, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. ენაც ინგლისურად აიდგეს, თუმცა მე კატეგორიულად გადავწყვიტე, სახლში მხოლოდ ქართულად ვისაუბროთ. ჩემს შვილებს ქართული ვასწავლე. უფროსი მოსამზადებელ კლასში დადის, ვუთხარი, რომ სკოლაში საკმარისია ინგლისურად საუბარი და სახლში მშობლიურ ანუ ქართულ ენაზე ილაპარაკოს. ნამდვილად ვახერხებ ამას, ორივეს შეუძლია ქართულად ლაპარაკი, თუმცა აქცენტი აქვთ.

ძალიან მოსწონთ აქ ყოფნა. პატარები არიან, მაგრამ მაინც აღიქვამენ, რომ ბებიებთან არიან, ზოგჯერ, ეზოში როცა ჩამყავს ან ვასეირნებ, მეუბნებიან, დედა, ნახე, როგორი ქვაა, როგორი ხეა, როგორი ყვავილი, ასეთი ხომ ჩვენს ეზოშიცაა, ჩვენს სახლშიც გვაქვსო. რას იზამ, რეალობას ვერსად წაუხვალ, მათთვის სახლი ამერიკულ ყოფასთან ასოცირდება, იქ ჰყავთ თავიანთი პატარა მეგობრები, რომლებიც უყვართ, თუმცა აქაურ ბავშვებსაც იოლად შეეწყვნენ.

– ყველაფერი მონატრებული გექნებოდათ – ჰაერი, წყალი, კერძები, სახლი. შეივსეთ ეს მონატრება?

– მე ხომ მხოლოდ ამ მონატრებით ვცხოვრობ ამერიკაში. სულ ვამბობ, ჩემს ცხოვრებაში ორი დროა – თბილისის და ნიუ იორკის. თბილისის დროით ჩემებს ველაპარაკები, ამერიკის დროით ვცხოვრობ და ვმუშაობ.

თვითმფრინავიდან გადმოსულმა ეს ჰაერი რომ შევისუნთქე, მეგონა, თავიდან დავიბადე. ყველაფერს სხვა გემო აქვს. რა თქმა უნდა, იქაც ვყიდულობ ხილს, ბოსტნეულს, ვაკეთებ კიტრის და პომიდვრის სალათს, მივეჩვიე კიდეც მათ გემოებს, მაგრამ ახლა, როცა ხელით გავხლიჩე პომიდორი, შევისუნთქე სურნელი, გავუსინჯე გემო, მივხვდი, რა სიმდიდრის პატრონები ვართ, რა ღვთიური გემოს პროდუქტს გვაძლევს ჩვენი მიწა.

ჩემი სახლის სურნელი კიდევ ცალკე თემაა, აქ ჩემი ბავშვობაა დარჩენილი, ჩემი უდარდელი ხანა. აქ ჩემი გულია, ჩემი დედა და ჩემი ბებო. როგორ უნდა მეყოს დრო, რომ ეს მონატრება შევივსო?! არასდროს შემეძლება თქმა, საკმარისია-მეთქი, მაგრამ რას ვიზამ, იქაც ჩემი საქმე მელოდება,

– ცოტა შორეულ მომავალს რომ გადავწვდეთ, რას ფიქრობთ, როდის დაბრუნდება ნინი წიკლაური სამშობლოში საბოლოოდ?

– რა თქმა უნდა, უახლოეს წლებში ეს არ მოხდება. ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიშრომო ჩემს მეუღლესთან ერთად, რომ თბილისში დავბრუნდე და მშვიდი, კეთილმოწყობილი ცხოვრება შევიქმნა.

ჩემი შვილები იქ გაიზრდებიან, იქ მიიღებენ განათლებას. ვერ გეტყვით, ისინი რას აირჩევენ, მათთვის ამერიკა, რა თქმა უნდა, სამშობლო იქნება. რასაკვირველია, ჩვენ, მშობლები, ჩავუნერგავთ მათ საქართველოს სიყვარულს, ყოველთვის ჩამოვიყვანთ აქ, არ დავავიწყებთ დედა ენას, მაგრამ გადაწყვეტილებას გაზრდილები თავად მიიღებენ.

ჩვენ კი, მე და ჩემი მეუღლე, აუცილებლად დავბრუნდებით. ჩემთვის არ არსებობს სხვა სამშობლო, სხვა ქალაქი, თბილისის გარდა, სადაც თავს ბედნიერად ვიგრძნობ.

ასევე იხილეთ