“გარდაცვალების დღეს მამამ მითხრა, გადი ოთახიდან, უნდა მოვკვდე და არ მინდა მიყუროო”

მწერალი ნოდარ დუმბაძე იმ ასაკში წავიდა ამქვეყნიდან, როცა ზოგი ახალ ცხოვრებას იწყებს. ხითხითა, სიცოცხლის მოყვარული მამა შვილებს 56 წლის ასაკში გამოეცალათ ხელიდან. რა სიძნელეები განვლო მწერლის ოჯახმა, როგორი მამა, მეოჯახე, სიმამრი და ბაბუ იყო, ერთი შეხედვით, მსუბუქი, მაგრამ სინამდვილეში ღრმა, ტკივილიანი ადამიანური ისტორიების ავტორი, მისი იუმორი, აფხაზური დროსტარება, სიცოცხლის უკანასკნელი წუთები… ამ ყველაფერს მწერლის უმცროსი შვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია “ოცნებიდან”, ფილოლოგი ქეთევან დუმბაძე ,,სარკეს” უყვება:

– სევდიანი ისტორიით დავიწყებ. გარდაცვალების დღეს მამამ ამომხედა და მითხრა, მამა, გადი ოთახიდან, უნდა მოვკვდე და არ მინდა მიყურო, შენთვის არ შეიძლებაო. მაშინ მე ფეხმძიმედ ვიყავი. გვერდზე ოთახიდან მესმოდა ყველაფერი, როგორ წვალობდა და როგორ ეხვეწებოდნენ ექიმები, რომ ესუნთქა…

მივხვდი, ისეთი უბედურება მჭირდა, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩენილიყავი. იმ წუთში ვერაფერს ვაცნობიერებდი, უბრალოდ თავს ვარწმუნებდი, რომ არ უნდა დავღუპულიყავი, იმიტომ, რომ მეორე შვილის გაჩენას ველოდებოდი.

ჩემს ცხოვრებაში დადგა უმძიმესი ეტაპი, ყველა ადამიანისთვის მამა ყველაზე საყვარელია, ყველაზე ვაჟკაცია, ყველაზე ბაში-აჩუკია, მაგრამ მამაჩემი… მაშინ არ ვიცოდი, რომ მამაჩემი ამხელა ადამიანი იყო. ის, რაც მე პანაშვიდებზე ვნახე, წარმოუდგენელი იყო, ამდენი ხალხი არავის დაკრძალვაზე არ მინახავს. მწერალთა კავშირიდან ,,მზიურამდე” გაჭედილი ხალხი იდგა და ტიროდა…

ძალიან ახალგაზრდა, ცოცხალი, ხითხითა მამიკო გამომეცალა ხელიდან. “მზიურის” ჩასასვლელში დაიდგა ქვა, რომელსაც ეწერა: “აქ დაიდგმება დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, ნოდარ დუმბაძის ძეგლი”. ჩემში გაორება მოხდა – იყო ნოდარ დუმბაძე და ჩემი მამა ნოდარ დუმბაძე. ჩემთვის წლები დასჭირდა იმას, რომ ეს ორი შეერთებულიყო…

– როგორი იყო ოჯახში, შვილების გარემოცვაში ბატონი ნოდარი?

– ვაიმე, ოჯახში ის იყო ზეიმი! ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ მამა იყო უასაკო ადამიანი. დიდთან დიდი იყო, პატარასთან – პატარა, მოხუცთან – მოხუცი. მამაჩემი ჩემთან ერთად უსმენდა ჯენის ჯოპლინს. წარმოუდგენელია, არა? მასთან ერთად ვცურავდი, მასთან ერთად დავდიოდი სათევზაოდ, ველოსიპედის ტარებაც მამამ მასწავლა, მანქანის მართვა… სახტუნაოზე ერთად ვხტუნაობდით. დამალობანას გულრიფშში ერთად ვთამაშობდით, მთელი ბავშვები ნოდარს ვეძებდით, ის კიდევ ხეზე, პალმებში იმალებოდა.

მამა მინახავს ძალიან სერიოზული მუშაობის პროცესში. აფხაზეთში ჩვენ მეზობლად ცხოვრობდა რუსი კლასიკოსი, მწერალი კონსტანტინ სიმონოვი, რომელიც პატარა ბავშვივით ტუქსავდა ხოლმე მამას – აბა, რამდენი გვერდი დაწერე გუშინო. მთელ დღეს მეგობრებში, ჟრიამულში ატარებდა, ღამის სიწყნარეში, როცა ყველას გვეძინა, მაშინ მუშაობდა.

საოჯახო საქმეები, ყველაფერი დედაჩემის კისერზე იყო… მამაჩემისთვის ტანსაცმელს დედა ყიდულობდა, ბოლოს ნანული ისეთი “დამხეცებული” იყო ამ ყველაფერში, რომ მამას შარვლის დამოკლებაც კი არ სჭირდებოდა. საოჯახო საქმეები არ იცოდა, არ ეხერხებოდა, მაგრამ გენიალურად წვავდა მწვადს, ახლა ეს ჩემზე თითქოს გენეტიკურად გადმოვიდა. გენიალურად აკათებდა ჩაქაფულს, უხას ხარშავდა არაჩვეულებრივს.

გულრიფშში სათევზაოდ გადიოდა ნავით, რომელსაც “აჯიკა” დაარქვა. კეფალს, სტავრიდას დაიჭერდა ხოლმე. მთელმა გულრიფშმა იცოდა, რომ საღამოს დუმბაძეებთან უხა იხარშებოდა და იმართებოდა დიდი ქეიფი.

– ნოდარ დუმბაძემ ძალიან ბევრ ბავშვს შეაყვარა წიგნის კითხვა. თქვენ მისი რომელი ნაწარმოები წაიკითხეთ პირველად?

– იცით, რა, საბავშვო ლექსებს მამა ჩვენზე სინჯავდა. რომ წერდა, გვიკითხავდა. თუ მოგვწონდა, აქვეყნებდა, თუ არა – ხევდა და ყრიდა… პოემა ,,გკოცნი შენი მანანა” ჩემი დისთვის, მანანასთვის არის დაწერილი. შემდეგ ჩემთვის დაწერა “დედიკომ და მამიკომ დამიტოვეს ქეთინო”… შემდეგ ლექსები წამოვიდა შვილიშვილ ნოდარიკოზე, შემდეგ ლევანიკოზე…

სახლში მაქვს მამის ხელნაწერები, რომლებიც დაკუჭული, დათხვრილია. ნაგვის ყუთიდან ვიღებდი და ვინახავდი. მამას პირველი მკითხველი დედა იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში წერს, ნანული ლმობიერი კრიტიკოსია, მანანა უფრო მკაცრი შემფასებელიაო.

ჩვენგან არ შეიძლებოდა დიდი მწერლები გამოსულიყვნენ. როდესაც უკან ამხელა ფონია, “ილიკოს და ილარიონის” დონის ნაწარმოების შექმნის პრეტენზია აბსურდია.

– ქალიშვილების გათხოვებას, სიძეებს როგორ შეეგუა, როგორი იყო ბატონი ნოდარი ბაბუის ამპლუაში?

– მანანას მეუღლე იყო მწერალი ჯემალ თოფურიძე, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 30 წლის ასაკში. ძალიან კარგი მწერალი იყო, მამა ამას სულ აღნიშნავდა. როდესაც მისი მოთხრობა “გოგია” გამოქვეყნდა, ნოდარმა უთხრა, მშურს შენი იმიტომ, რომ ეს მოთხრობა ჩემი დაწერილი არ არისო… მამაჩემის ამ ნათქვამის შემდეგ ჯემალმა ორი კვირა სვა ბედნიერებისგან. მამასთვის ჯემოს გარდაცვალება დიდი ტრაგედია იყო…

შემდეგ გავთხოვდი მე. მამებს, მოგეხსენებათ, ქალიშვილების გათხოვება როგორ უჭირთ. მანანა 24 წლის გაიპარა. სადილის დროს ნოდარს დაურეკეს და უთხრეს, რომ მანანა გაიპარა. ხმა არ ამოუღია, თუმცა ნერვიულობისგან შეჭამა ყველაფერი, რაც კი მაგიდაზე ელაგა. ადგა და უჩუმრად წავიდა. სად გაქრა ნოდარი, ვერ გავარკვიეთ, ბოლოს მამიდამ დაგვირეკა და გვითხრა, აქ მოვიდაო – პირველი ასეთი ემოცია თავის დასთან გამოხატა.

ჩემი მეუღლე ძალიან მოსწონდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია, მიუხედავად იმისა, რომ 18 წლის ვიყავი. ქორწილის დღეს ჩემ წასაყვანად რომ მოვიდნენ, ისე იტირა, რომ კინაღამ სახლში დავრჩი – ხმამაღლა ღრიალებდა… მე ზაზას, ჩვენი შუათანა ძმის, შემდეგ დავიბადე, რომელიც წითელათი 5 წლის ასაკში დაიღუპა. მერე მივხვდი, თუ რატომ მასწავლიდა ბიჭურ თამაშებს. ის, რაც ზაზაზე ვერ დახარჯა, ჩემზე გადმოიტანა.

ჩემი შვილი, ლევანიკო, 4 წლის იყო, მამა რომ გარდაიცვალა. შვილიშვილს გაზაფხულს ეძახდა, რადგან ოქროსფერი თმა ჰქონდა. უფროს შვილიშვილს, ნოდარიკოს, ბაბუისგან ბევრი რამ ახსოვს. 9 წლის იყო და ბაბუის სიკვდილი ძალიან განიცადა, სასწრაფო დაგვჭირდა, ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა ბავშვი… ნოდარიკოსთვის დიდი ნოდარი მამაც იყო და ბაბუაც.

– როცა ბატონი ნოდარი წერდა…

– როცა ნოდარი წერდა, მაშინ ჩვენ გვეძინა. მოკრძალებული კაბინეტი ჰქონდა და ღამე, როცა იქ შუქი ენთო, ესე იგი მუშაობდა. მაგალითად, “მე ვხედავ მზეს” და “ილიკო და ილარიონი” სამზარეულოს მაგიდაზე აქვს დაწერილი. პატარა ნოდარიკომ ლაპარაკი არ იცოდა, მუშაობის დროს ერთხელ მამას შეუღო კარი და უთხრა: “ბაბუ, ბლუ ბლუბუ ბლუ?”. მამაჩემმა გამოხედა – ბლუბუა, ბიჭო, ჩემი რომანებიო?!

– ბატონი ნოდარი და მისი იუმორი – ეს ცალკე შემოქმედებაა. გაიხსენეთ ასეთი ეპიზოდები.

– ერთხელ ლიფტში გავიჭედეთ, მოვარდა “ლიფტიორშა” და დაგვაიმედა, ბატონო ნოდარ, არ ინერვიულოთ, ნახევარ საათში გამოგიშვებთ მაქედანო. ნოდარი მოუბრუნდა და უთხრა, რა ამბავია ნახევარი საათი, აქ ვწერო ჩემი რომანებიო?!

დედას ერთი გაქუცული “კარაკულის” ქურქი ჰქონდა და ერთხელ წამოსცდა – ქეთი, ჩემი “ნორკის შუბა” გამომიღეო, უი, უი, ენამ მიყივლაო… ნოდარი მოკვდა სიცილით – ნანული, ენამ გიყივლა კი არა, მთლად მამლად რომ გახვიდე ხეზე, სად მაქვს “ნორკის” ქურქის ფულიო.

– ცნობილია, რომ აფხაზეთთან ბევრი ტკბილი მოგონება გაკავშირებთ. თუ შეიძლება, რომ ამ დღეებზეც გვიამბოთ.

– გულრიფშში იყო როგორი დასვენება, იცით? ყოველდღე ხან ერთ ოჯახში იშლებოდა სუფრა – სიცილი, დროსტარება, ძველის გახსენება, ხან მეორესთან და ასე… ამ სანაპიროს მამა სამოთხეს ეძახდა, მარადიულ დღესასწაულს უწოდებდა.

ნოდარს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა აფხაზებთან. ჩვენ თუ გურულები ვიყავით და ისინი აფხაზები, ეს არ ვიცოდით. ასეთი დაყოფა მაშინ არ ხდებოდა. მამამ გულრიფშში ჩვენი სახლის კარს “ნოდარ დუმბა” დააწერა, შაყირობდა, აფხაზური ძირი მაქვსო. ქართველებთან კი შაყირობდა, საღებავი არ მეყო, ძე-ც რომ დამეწერაო…

სიკვდილის წინ, იცით, რა გვითხრა მამამ? შიმშილით რომ კვდებოდეთ, ყველაფერი გაყიდეთ, ოღონდ გულრიფში – არაო, იმიტომ, რომ ჩემი სული იქ არისო, ამიტომ ვიცი, რომ აუცილებლად დავბრუნდები აფხაზეთში.

ასევე იხილეთ