რატომ მოიმატა ნატალია ჩხეიძემ 30 კილო – ,,თავის ისეთი ტკივილი მქონდა, ალბათ 14 მშობიარობის ტოლფასი იყო”

დიზაინერსა და კულინარს, ნატალია ჩხეიძეს  სოციალურ ქსელში მითითებული აქვს საკუთარი ინტერესები და ჩამონათვალი ასე გამოიყურება: კულინარია, ჭამა, გრძელი დისტანციის თხილამურები, პიანინოზე დაკვრა, ხატვა, ნიჩბოსნობა, მსახიობობა, ანტიკვარიატი, ქარგვა. – ეს ყველაფერი გეხერხებათ და თან ასწრებთ? – ჰკითხა ,,სარკემ” ნატალია ჩხეიძეს.

ნატალია: დიახ, ყველაფერს ვასწრებ. მაგალითად, ანტიკვარიატი, იცით, რატომ მიყვარს? მამაჩემი მხატვრული ავეჯის სპეციალისტია, პროფესიონალი რესტავრატორი. თავის დროზე მთელ ქვეყანაში ცნობილი რესტავრატორი იყო. აკეთებს უნიკალურ მხატვრულ ავეჯს კაკალსა და მუხაში. ამ კუთხითაც ბევრი მასწავლა მამამ და მის სახელოსნოში არაერთი ღამე მაქვს გათენებული მის მიხმარებაში. ლაქს ვუსვამდი, ვღებავდი…

თხილამურებით 14 წლიდან დავინტერესდი და ფაქტობრივად პროფესიონალურ დონეზე დავეუფლე. ცურვაც მამამ დამაწყებინა და პროფესიონალურ დონეზე ვცურავ. ცეკვით კი თავის დროზე სუხიშვილების პატარების ანსამბლში ვცეკვავდი. მამაჩემმა გასტროლებზე არ გამიშვა და დავანებე მერე თავი. მამას ასეთი რაღაცები არ ახასიათებს, მაგრამ მაშინ რატომღაც „არა“ თქვა. სამთვიანი გასტროლები მეწყებოდა და მითხრა, შენ სხვა რაღაცისთვის გამზადებ და აქ უნდა მიხედო საქმესო. ამ დროს გიჟდებოდა, ისე უნდოდა, კარგად მეცეკვა და ამიტომაც მატარებდა.

პიანინოზე ყველა დაძალებით დადიოდა, აუცილებელი საგანივით იყო. მე კი დაძალებით არ მივლია, მართლა მიყვარდა და მუსიკალური შვიდწლედიც დავამთავრე. ნიჩბოსნობა ჩემმა ქმარმა შემაყვარა და ახლა პროფესიონალებსაც კი არ ჩამოვუვარდები. ბავშვობაში რომ მეკითხებოდნენ, რა გინდა გამოხვიდეო, ვპასუხობდი, ან მოდელიორ-დიზაინერობა მინდა, ან თამრიკო გვერდწითელობა-მეთქი. დღემდე ვერ ამომიხსნია, რატომ მინდოდა თამრიკო გვერდწითელობა. ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ მსახიობობა მინდოდა და ასე გამოვხატავდი. სამსახიობო კუთხით ვერ წავედი და დიზაინერი გავხდი. მსახიობობაზე კი დღესაც არ ვიტყოდი უარს.

– ეკრანზე ჩანს, რომ წონაში ხართ მომატებული.

– 30 კილო მოვიმატე კოვიდის შემდეგ. ისე გამირთულდა, ლამის მოვკვდი და გადასხმები მიკეთეს ვიტამინებით და ანტიჰისტამინური პრეპარატებით… საავადმყოფოშიც მოვხვდი თავის საშინელი ტკივილით. ექიმებმა მითხრეს, რომ აუცილებლად უნდა დავისვენო და ეს მხოლოდ გადაღლის ბრალია, მაგრამ ვერ ვისვენებ, იმდენი შეკვეთა მაქვს. არადა თავის ისეთი ტკივილი მქონდა, ალბათ 14 მშობიარობის ტოლფასი იყო, გონებაც კი დავკარგე.

– სამკერვალო ფაბრიკა, ოჯახური ბიზნესი გაქვთ, რომელზეც გვიყვებოდით, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდა. როგორ არის ამ მხრივ ახლა საქმე?

 ყველაფერი კარგად არის. გამოსწორდა სიტუაცია და ბევრი შეკვეთაც გვაქვს. ჩვენ ვაცმევთ “სამზარეულოს ომებს”. ჩვენ ისედაც ვუკერავდით სამზარეულოს სექტორს უნიფორმებს, მაგრამ ამ გადაცემის წყალობი, 40-45%-ით გაგვეზარდა შეკვეთები როგორც სამზარეულოს, ისე სხვა კუთხით. არა მხოლოდ სამზარეულოს უნიფორმები გვაქვს, არამედ მიმტანების, დამლაგებლების, ინჟინრების…

საქართველოს ელექტრიკოსთა კავშირსაც კი ვუმზადებთ ტანსაცმელს, რომელიც 250 ვოლტს უძლებს ანუ ადამიანთა სიცოცხლეზე გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა და ხელი მოწერილი. ეს ქსოვილები გერმანიიდან ჩამოდის და მასზეც არის დამოკიდებული, მაგრამ აგრეთვე – შეკერვის მახასიათებლებზე და ა. შ. ბაზარზე 1992 წლიდან ვართ და, შესაბამისად, დიდი გამოცდილება გვაქვს. დაცვის სხვადასხვა აღჭურვილობასაც ვკერავთ და, მათ შორის, სამხედრო ფორმებსაც. ფაქტობრივად, სამკერვალოში ვცხოვრობ.

– მეუღლეს მოსწონს ეკრანზე რომ გხედავთ?

– დიტო თავის დროზე იმიტომ შემიყვარდა, რომ შინაგანად იმდენად თავისუფალი ადამიანი იყო და დღემდე არ იცის სიტყვა “კომპლექსის” განმარტება. არ ვიცი, ასე როგორ გამიმართლა, რომ იმდენი სირთულე გადამიტანია ცხოვრებაში და ყველაფერს მარტივად ვერევი მხოლოდ იმის გამო, რომ ცხოვრებამ შემახვედრა ის, რასაც ბედნიერება ჰქვია – დიტო. 24 წელია ცოლ-ქმარი ვართ და მოტივირებულია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ მაქსიმალურად შემიწყოს ხელი ყველაფერში. უხარია, როდესაც ჩემს ცხოვრებაში სიახლე შემოდის. არ ვიცი, ეს იმის ბრალია, რომ 11 წლით უფროსია ჩემზე და მამაშვილური დამოკიდებულება და ამაგი აქვს თუ სხვა რამ ხდება, მაგრამ დიტო სულ ჩართულია ჩემს განვითარებაში და წინ წაწევაში.

ასევე იხილეთ