“მამას არასოდეს არავისგან არაფერი მოუთხოვია, თვლიდა, რომ ასე იყო საჭირო” – თენგიზ არჩვაძე – “ეპოქის ჭუჭყში გაურეველი” მსახიობი

– იფიქრებდით, რომ წინ 9-იანი დაგეწერებოდათ?

– არასოდეს! მე 21 წლის მკვდარი ვიყავი. ფარიკაობისას სასიკვდილო ჭრილობა მივიღე. ჯგუფელი გადმოვიდა შეტევაზე. რას შვრები-მეთქი, ხელები ავწიე და ბოლომდე შემარჭო…

– 70 წლის იუბილეზე პოეტმა მურმან ლებანიძემ გითხრათ, თითქმის ერთადერთი მსახიობი ხართ ეპოქის ჭუჭყში გაურეველიო. როგორ შეძელით, რომ ასე გეცხოვრათ, კრისტალურად სუფთა გახვედით ბოლომდე და მისაბაძი იყავით?

– მამაჩემის შვილი ვიყავი…

– მთავარი რა არის ცხოვრებაში?

– მთავარი არის ის, რომ შენი მიწა-წყალი გიყვარდეს, იცოდე. ფეხით მაქვს დავლილი ყველაფერი. ყველაზე გვიან თუშეთში ვიყავი, იქიდან წამოსვლა არ მინდოდა. რა თქმა უნდა, პატიოსანი უნდა იყო.

ასეთი ტელედიალოგი შედგა იუბილარ მსახიობ თენგიზ არჩვაძესა და თეატრთმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძეს შორის ცოტა ხნის წინ.

3 აგვისტოს ქართული კინოს სიამაყეს, თენგიზ არჩვაძეს, 90 წელი შეუსრულდა. იშვიათად, ხალხს მსახიობი ასე უყვარდეს და იშვიათად, ხალხი ცდებოდეს. ნიჭით, გარეგნობით, ქარიზმით თენგიზ არჩვაძე ნამდვილი მსოფლიო ვარსკვლავია, თუმცა მისი დიდება მის პატარა სამშობლოს არ გასცილებია.

ის არასოდეს ლაპარაკობს ბევრს, არასოდეს გამოხატავს საჯაროდ თავის ემოციებს, ერიდება ფოტოების გადაღებას, ინტერვიუს მიცემას… ეს ალბათ არც არაფერში სჭირდება, რადგან მისი თვალები, როლები და, რაც მთავარია, მისი ცხოვრების წესი, ისედაც ბევრზე მეტყველებს.

მსახიობის უფროსი ქალიშვილი, ნატო არჩვაძე, “სარკეს” უყვება, რომ მამას ორი პიჯაკი არასოდეს ჰქონია, განა იმიტომ, რომ ყიდვა არ შეეძლო, უბრალოდ, ზედმეტს მათ ჩუქნიდა, ვისაც არ ჰქონდა. შინ ხშირად პიჯაკის გარეშე ბრუნდებოდა.

– ქალბატონო ნატო, სწორედ თქვენ, შვილებს, გქონდათ და გაქვთ ბედნიერება, ყველაზე ახლოდან ხედავდეთ და ცხოვრობდეთ თენგიზ არჩვაძესთან. ცნობილია, რომ თავისი ცოლ-შვილი გადაღებებზეც კი დაჰყავდა. გაიხსენეთ ის წლები.

– კი, მართლაც მქონდა ამის ბედნიერება. მამა ძირითადად კინოგადაღებებზე დადიოდა. მაშინ მსახიობებს საშუალება ჰქონდათ, გადაღებაზე ოჯახის წევრებიც ეტარებინათ. ასე რომ, მამას ფილმზე მუშაობისას ხშირად ვახლდით. ფილმ “ხევსურული ბალადის” გადაღებაზე მამამ მთელი ოჯახი წაგვიყვანა. მახსოვს, ბავშვებს ზურაბ ქაფიანიძის როგორ გვეშინოდა. პატარებს დაგვერეოდა და თოვლს გვაჭმევდა.

“ხევსურულ ბალადაში” მსახიობების მთელი პლეადა მონაწილეობდა – ლეო ფილფანი, სოფიკო ჭიაურელი, კოტე დაუშვილი, დოდო აბაშიძე… გარდა იმისა, რომ ისინი უდიდესი მსახიობები იყვნენ, არაჩვეულებრივი პიროვნებებიც გახლდნენ. ბავშვებთან საოცარი ურთიერთობები ჰქონდათ. პატარები მათ ხევსურულ სამოსს გაოცებულები შევცქეროდით. ერთი ხევსურული პერანგი მამას სახლშიც ჰქონდა, მაგრამ მერე ვიღაცას აჩუქა.

“ხევისბერ გოჩას” რომ იღებდნენ, მაშინაც ვახლდით მამას. ფილმს სოფელ სიონში იღებდნენ. გარშემო საოცარი ბუნება იყო. ის ყველაფერი ისე მახსოვს, როგორც ზღაპარი. ალპური ზონა იყო. მამამ იქ ბინა გვიქირავა. ფანჯრიდან ყვავილების მდელო მოჩანდა. დილაობით, სანამ გადაღებები დაიწყებოდა, მე და ჩემს დას, ნათიას, მამა ხელს ჩაგვკიდებდა და ტყეში მივყავდით. დედა კალათაში გვილაგებდა საგზალს… ძალიან ბედნიერი წლები იყო.

– ალბათ ასეთ დროს მამასთან მეტ სიახლოვეს გრძნობდით. რას გიყვებოდათ ხოლმე?

– მამამ ჩვენი ქვეყნის ისტორია ძალიან კარგად იცის. მთელი საქართველო ფეხით აქვს მოვლილი. მე და ჩემს დასაც თითქმის ყველა კუთხე შემოგვატარა, ძეგლების ისტორიას გვიყვებოდა. როგორც კი გაზაფხული მოვიდოდა, ველოდებოდით, რომ მამა სადმე გაგვიყვანდა. ყვავილების თაიგულებს ვკრავდით და დედასთვის მიგვქონდა.

მამა საკუთარ თავში ჩაკეტილი პიროვნებაა, ამიტომ თავის ხასიათს, ემოციებს ადვილად არ გამოხატავს. მას საოცრად უყვარს თავისი სამშობლო. საერთოდ, დიდი სიყვარული შეუძლია და, როცა სხვებისგანაც იმავეს არ იღებს, ძალიან განიცდის. მაქსიმალისტია. სხვათა შორის, ამ თვისებით მეც მამას ვგავარ. ის სიმართლის მოყვარული ადამიანია.

– მკაცრი მამაა?

– კი, მკაცრი ნამდვილად იყო. ჩემგან და ჩემი დისგან მოითხოვდა, რომ სახლში დროულად მივსულიყავით, ბევრი წიგნი წაგვეკითხა, რადგან თვითონაც ძალიან წიგნიერია.

– 130 ფილმი – ერთი მსახიობისთვის ეს დაუჯერებელიცაა. ბატონი თენგიზი ალბათ სულ გადაღებებზე იყო და სულ გენატრებოდათ.

– კი, ნამდვილად ასე იყო. მამა სულ გადაღებებზე იყო. რამდენჯერმე მის გარეშე შევხვდით ახალ წელს. მახსოვს, დედა როგორ გვართობდა, რომ გული არ გვტკენოდა და მამის მონატრება ჩვენთვის როგორმე შეევსო.

დედა მამაჩემს ყველაფერში უწყობდა ხელს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა მამაკაცს სახლში ეგულება ადამიანი, რომელიც შვილებს ისე მიხედავს, როგორც საჭიროა, მისი დასაყრდენი, იმედი იქნება. დედა მამაჩემისთვის სწორედ ასეთი იყო. ჩემს მშობლებს შორის ყოველთვის იგრძნობოდა დიდი სიყვარული. მე და ჩემი და სიყვარულსა და სითბოში გავიზარდეთ.

– დედათქვენზე, ქალბატონ ნელი ფილიაშვილზე გვიამბეთ. მას საზოგადოება ნაკლებად იცნობს, არადა ისიც მსახიობი იყო, თანაც ლამაზი და ნიჭიერი.

– დედა და მამა ჯგუფელები იყვნენ, არაჩვეულებრივი წყვილი. მეუბნებოდნენ, ორივე ისეთი ლამაზი იყო, არ შეიძლებოდა, ქუჩაში მათთვის თვალი არ გაგეყოლებინაო.

მათი სიყვარულის ამბავი თეატრალური ინსტიტუტიდან დაიწყო. მეოთხე კურსზე იყვნენ, როცა ხელი მოაწერეს, დაქორწინდნენ. დედა ამბობდა, იმან მომხიბლა, რომ ძალიან ვაჟკაცური, ნამდვილი რაინდი იყო და ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარდაო. მერე დედა და მამა ერთად გაანაწილეს მარჯანიშვილის თეატრში. დედა გარკვეული პერიოდი თამაშობდა, მაგრამ მერე მსახიობობას თავი დაანება.

– ეს რის გამო გააკეთა?

– ეტყობა, მამას, ისევე როგორც ყველა ქართველ მამაკაცს, არ სიამოვნებდა, მისი ცოლი მსახიობი რომ იყო. დედამ მის გამო დათმო კარიერა, შემდეგ ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა და წლების განმავლობაში ენციკლოპედიაში მუშაობდა. მთლიანად შვილების გაზრდაზე, ოჯახზე გადაერთო.

– მსახიობისთვის ძნელია სცენის მიტოვება. ალბათ დედათქვენსაც ძალიან უჭირდა საყვარელი საქმის გარეშე.

– მსახიობებს შორის ხშირად არის შური, ჯიბრი, მაგრამ არ მახსოვს, დედაჩემს ვიღაცაზე ცუდი ეთქვა ან ვინმესი შეშურებოდა… ეს თვისება არც დედას და არც მამას საერთოდ არ ჰქონდათ. ისინი ამ ყველაფერზე მაღლა იდგნენ. უბრალოდ, როცა დედა დარბაზში იჯდა, იმდენად ენატრებოდა თეატრი და სცენაზე თამაში, რომ ზოგჯერ ცრემლი მოსდიოდა.

– მეუღლეზე არასოდეს დასცდენია საყვედური, რომ საყვარელ საქმეს ჩამოაშორა?

– რაღაც ამდაგვარი იყო… დედას ალბათ ძალიან სტკიოდა გული, რადგან ის, როგორც მსახიობი, რეალიზებული არ იყო. მეც მსახიობი ვარ და მისი ძალიან კარგად მესმის. ჩემთვისაც დიდი ტკივილია თეატრი.

 ყველა ქართველი მამაკაცი ოცნებობს ვაჟზე, გვარის გამგრძელებელზე. ბატონი თენგიზი როგორ შეხვდა ქალიშვილების დაბადებას?

– ნათია რომ დაიბადა, ბიძაჩემმა ახარა, გოგო გყავსო. მამამ თურმე გამწარებულმა მოიქნია ხელი, შემთხვევით ბიძაჩემს მოხვდა სახეში და ლამის ყბა ამოუგდო… ასეთი იყო მამაჩემის რეაქცია მეორე ქალიშვილის დაბადებაზე.

– ბატონი თენგიზი ბევრი ქალის ოცნების მამაკაცი იყო. დედათქვენი ამაზე არ ეჭვიანობდა?

– მამა მართლაც ძალიან პოპულარული იყო. ქუჩაში რომ მივდიოდით, აჩერებდნენ, განსაკუთრებით კი მანდილოსნები. მე ამის გამო ძალიან ვბრაზობდი. მამას ქალებისგან უამრავი წერილი მოსდიოდა, მაგრამ არ მახსოვს, დედას ერთი მაინც გაეხსნას. რომ გავიზარდე, ვგიჟდებოდი, როგორ ითმენდა და არ ხსნიდა-მეთქი. არ ვიცი, მე ამას შევძლებდი თუ არა.

დედა მე და ნათიას სულ გვეუბნებოდა, არ გაბედოთ და მამათქვენის წერილი არ გახსნათო. მამაჩემისთვის კი ეს სულ ერთი იყო, იმ წერილებს არც კითხულობდა. რომელ ცოლს ესიამოვნება, რომ მის ქმარს ამდენმა ქალმა გამოუგზავნოს წერილი? დედაც ალბათ განიცდიდა, მაგრამ ჩვენთან არაფერს იმჩნევდა. ზოგჯერ მამას ხუმრობით ეტყოდა ხოლმე, აი, ისევ მოგივიდა წერილიო. ეტყობა, მამა ამას დიდ მნიშვნელობას რომ არ ანიჭებდა, ამიტომ დედაჩემისთვისაც აღარ იყო იმდენად მტკივნეული. სხვათა შორის, 70 წლის იუბილეზე მამას ვიღაც ქალმა 70 ვარდი მოართვა და მისი ვინაობა დღემდე ვერ გავიგეთ.

– თქვენი ოჯახის ცხოვრებაშიც, ისევე როგორც ყველა ოჯახში, ალბათ იყო რთული პერიოდები. როგორ გაიარეთ ისინი, რა კვალი დაგიტოვათ?

– ჩემი მშობლები დაახლოებით 5 წელი გაშორებულები იყვნენ, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მამა მაინც მოდიოდა სახლში. მაშინ მე-6-7 კლასში ვიქნებოდი. მახსოვს, ამას როგორ განვიცდიდი. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. ისინი წლების განმავლობაში ალბათ ბევრ რამეს გადაიტანდნენ, ზოგი რამ ვიცით, ზოგი – არა.

ფუფუნებაში არასოდეს გვიცხოვრია. გაჭირვების ფასიც ვიცით, მაგრამ ჩვენ სხვა ფასეულობებით ვიზრდებოდით, აბსოლუტურად სხვა ღირებულებები გვქონდა. ჩემი მშობლებისთვის მთავარი სიკეთე და სიყვარულია და შვილებსაც ამას გვასწავლიდნენ.

მათი ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. ჩემს მშობლებს არასოდეს არავისგან არაფერი მოუთხოვიათ. თვლიდნენ, რომ ასე იყო საჭირო. რაღაცებში თითქოს არ ვეთანხმები, ვბრაზდები, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, მეც ზუსტად ისე ვიქცევი, როგორც ჩემი მშობლები მოიქცეოდნენ.

მამა ჩვენთვის ყოველთვის მაგალითი იყო. რჩევა არ გვჭირდებოდა, ის თავისი ცხოვრებით გვაჩვენებდა, როგორ უნდა გვეცხოვრა.

– თქვენს არჩევანს, მსახიობი გამხდარიყავით, მამა როგორ შეხვდა?

– საშინელი წინააღმდეგი იყო, ამიტომ თეატრალურში ჩუმად წავედი. კომისიის წევრი ნოდარ მგალობლიშვილი გახლდათ. თურმე მამაჩემს შეხვდა და უთხრა, შენი შვილი ძალიან კარგი იყოო. სად იყოო, გაუკვირდა მამას. ბატონ ნოდარს უთქვამს, გამოცდა კარგად ჩააბარაო. ასე გაიგო მამამ, რომ სამსახიობოზე ვაბარებდი. სახლში რომ მოვიდა, სიბრაზისგან კინაღამ ყველაფერი დალეწა. მეუბნებოდა, როგორ გაბედე და სამსახიობოზე ჩააბარეო.

– ცნობილი მამის შვილობა თქვენთვის, როგორც მსახიობისთვის, რაიმე შეღავათს ნიშნავდა?

– ერთ ამბავს მოგიყვებით და დასკვნა თავად გააკეთეთ. მამა “მოსფილმში” მიიწვიეს, რაღაც ფილმს იღებდნენ და მეც წამიყვანა. ისე მოხდა, რომ ფილმის სიუჟეტი არ მოეწონა და უარი თქვა. რეჟისორმა მამაჩემს სთხოვა, მაშინ შენი შვილი დაგვიტოვეო. ერთ-ერთი როლისთვის ჩემნაირი გარეგნობის პერსონაჟი სჭირდებოდათ. მამამ ამაზეც უარი განაცხადა…

კიდევ ერთს გეტყვით. თბილისში ბონდარჩუკის (ცნობილი საბჭოთა რუსი რეჟისორი. ავტ.) ასისტენტი ჩამოვიდა. შემომთავაზა, “ვგიკ”-ში (კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი. ავტ.) გამეგრძელებინა სწავლა. მითხრა, მეორე კურსზე დაგსვამო, მაგრამ მამამ არც მაშინ გამიშვა მოსკოვში.

ცხოვრებაში მხოლოდ ამას ვნანობ ძალიან, რომ ამ შანსზე უარი ვთქვი. მაშინ ჩემი, როგორც მსახიობის, ცხოვრება სხვანაირად წარიმართებოდა, ბედნიერი ვიქნებოდი. ღმერთმა შანსი მომცა და ვერ გამოვიყენე. მამა თავადაც მიიწვიეს “მოსფილმში”. წარმოიდგინეთ, შტატში სვამდნენ, მოსკოვში ბინას აძლევდნენ. ოჯახში უკვე ვფიქრობდით, რომ იქ გადავიდოდით საცხოვრებლად. დედამ რუსულ სკოლაშიც კი გადაგვიყვანა, რომ იქ ცხოვრება არ გაგვჭირვებოდა. მამამ ბოლოს მაინც უარი თქვა, აქედან წასვლა არ შემიძლიაო. აქაურობას ვერ შეელია და, სხვათა შორის, არასოდეს უნანია, რომ ასე მოიქცა.

– ბატონი თენგიზი ხატავს, თუმცა ამ კუთხით საზოგადოება მას არ იცნობს…

– მამა მართლაც არაჩვეულებრივად ხატავს. გული მწყდება, რომ თავის ნამუშევრებს არ გაუფრთხილდა, ზოგი არ მოეწონა და დახია. არაჩვეულებრივი შარჟები ჰქონდა. პორტრეტებს აკეთებდა, ძალიან კარგი ავტოპორტრეტიც აქვს შექმნილი. როცა მის ამ ნიჭზე ვლაპარაკობთ, ამბობს, ასე ყველა ხატავსო, არადა ეს სიმართლე არ არის. ასეთი მოკრძალებულია. ერთხელ მისი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც არ მოეწონა და ყველა ის ნახატი გაანადგურა. თქვენ წარმოიდგინეთ, თავისი ფილმების უმეტესობაც არ აქვს ნანახი. ამბობს, ყურება არ შემიძლიაო.

– ცოლი თუ დაუხატავს?

– კი, დედას ხატავდა, მაგრამ მხოლოდ ერთი პორტრეტი გვაქვს შემორჩენილი. იმ პერიოდში დედა ჩემზეა ფეხმძიმედ.

– თქვენი და ბატონი თენგიზის დუეტში შესრულებული სიმღერა ცნობილია. როგორ, რა ვითარებაში იმღერეთ პირველად მამა-შვილმა ეს ლირიკული სიმღერა?

– ეს სიმღერა მე მოვიძიე, ერთ-ერთი ქართული დოკუმენტური ფილმიდან ამოვიღე. მერე მომღერლებმა მთხოვეს, ეს სიმღერა მათთვის მიმეცა, მაგრამ პირველად ჩემს ცხოვრებაში ჩავიდინე ის, რაც მე არ მახასიათებს – უარი ვუთხარი. იცით, რატომ? ხომ შეიძლება, რომ ჩემი მოძიებული სიმღერა მე და მამას დაგვრჩეს?!

ასევე იხილეთ