“ჯობდა, არ დამეკარგა ის 5 წელი… ქუჩიდან მოვხვდი ამ სფეროში”

მოყვარული მსახიობი ქეთი ხუციშვილი, რომელიც საზოგადოებამ სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებიდან” ლუნას როლით გაიცნო, პროფესიით იურისტი გახლავთ, თუმცა ამ საქმეს ვერ მოერგო და ვერ შეიყვარა. სამაგიეროდ კომიკურმა კინოგმირმა მოუტანა აღიარება, რომელსაც ძალიან ემადლიერება და რომელმაც სულ სხვა სფეროსკენ გაუხსნა გზა. ამჯერად ტელეკომპანია ,,ფორმულაში” ,,ომედი შოუს” მსახიობია. რამდენად ანიჭებს სიამოვნებას იუმორისტულ ჟანრში მუშაობა, ამ კითხვაზე ქეთი ,,სარკეს” კითხულობს:

-ძალიან გამიჭირდა სერიალიდან ამ ჟანრში გადმოსვლა. საერთოდ სხვადასხვა რამ აღმოჩნდა. ვერ ვიტყვი, რომ კომფორტია ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.

– ვიცი, რომ იურიდიული განათლება გაქვთ მიღებული. ამ სფეროში რატომ არ გააგრძელეთ მუშაობა?

– 3 წელი ვიმუშავე იუსტიციის სამინისტროში, მაგრამ ჩემივე ნება-სურვილით წამოვედი იქიდან. ვიცოდი, რომ უმუშევარი ვიქნებოდი, მაგრამ არ მაინტერესებდა ეგეც, იმდენად ვერ ვგრძნობდი იქ თავს კარგად.

– თავის დროზე რატომ ჩააბარეთ იურიდიულზე? სხვისი გავლენით მოიქეცით ასე თუ უბრალოდ არჩევანში შეცდით?

– მამაჩემის ხათრით. მას ძალიან უნდოდა, ან ადვოკატი ვყოფილიყავი, ან კიდევ მოსამართლე, მაგრამ ძალიან შორს არის ჩემგან ეს საქმიანობა. ცუდია, რომ ბავშვობაში არ ხარ დამოუკიდებელი, თუნდაც იმაში, რომ შენი პროფესია აირჩიო. არ ვიცი, რატომ არ ვთქვი, რომ არ მინდოდა.

მე თეატრალური არ მაქვს დამთავრებული, ქუჩიდან მოვხვდი ამ სფეროში. აქედან გადმომდინარე, მგონი, ჯობდა, უარი მეთქვა საერთოდ ჩაბარებაზე და არ დამეკარგა ის 5 წელი. რაღაცნაირად მაინც დავამთავრე ამ პროფესიის შესწავლა, მაგრამ არაფერში გამომდგომია, გარდა იმისა, რომ 3 წელი ვიმუშავე.

– ერთადერთი ვაჟის მარტოხელა დედა ხართ. ვიცი, რომ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ. გვიამბეთ თქვენს დედაშვილობაზე.

-ერთი შვილი მყავს და დამოკიდებული ვარ მასზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თავისუფლად გავზარდე. ამას თვითონაც ადასტურებს. ამბობს, ყველანაირი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება მქონდა და ამისთვის მადლობაო და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– როგორც ვიცით, შვილი კარგი კულინარიც არის.

– კი, ჩემმა შვილმა კულინარიის აკადემია დაამთავრა ძალიან წარმატებით. აქ მუშაობდა ბევრგან, მაგრამ რაღაც შეფერხებები იყო და იქ წასვლა ამჯობინა. თუ ამ მხრივ გააგრძელებს მომავალში, ესეც მასზეა დამოკიდებული. შეიძლება საერთოდ არ გააგრძელოს ეს მიმართულება და სულ სხვა სფერო აირჩიოს. მე მგავს, უცებ იცის გადაწყვეტილებების შეცვლა. იმდენად მიყვარს, რომ, რაც უნდა გადაწყვიტოს, ყველაფერს მივესალმები.

– დედამთილობისთვის ხომ არ ემზადებით, ხომ არ ფიქრობთ, რომ დროა, ვაჟმა ცოლი მოიყვანოს?

– ვაიმე, რა გულიანად გამაცინეთ! დედამთილობისთვის ჯერჯერობით ფსიქოლოგიურად ნამდვილად არ ვარ მზად, წლების მერე ალბათ ვიქნები.

ასევე იხილეთ