“კი, მიყვარდა გოგონები, ვის არ უყვარს თუ კაცი ნორმალურია, მაგრამ ქალისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია”

ვახტანგ ტატიშვილმა მეუღლესთან ერთად თანაცხოვრების 50 წლის იუბილე აღნიშნა.

ვახტანგ ტატიშვილი: 5 ნოემბერს ერთად ყოფნის 50 წლის იუბილე გვქონდა მე და ჩემს მეუღლეს. ოჯახის წევრებთან: შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილთან ერთად აღვნიშნეთ ეს დღე. დიდი ოჯახი გვაქვს, საბედნიეროდ. ძალიან ბევრი მოლოცვა მივიღეთ ნაცნობებისგან თუ უცნობებისგან და ყველას დიდი მადლობა.

– რა მოიტანა ამდენწლიანმა საერთო გამოცდილებამ?

– ის, რომ ხუმრობით წავიყვანოთ ცხოვრება; ის, რომ ერთმანეთის სიყვარული შევინარჩუნოთ – ის, რის გამოც ოჯახი შევქმენით. ცოლია თუ ქმარი, შენი არჩეულია და რითაც დაიწყე, იმ გრძნობით უნდა გააგრძელო მასთან ერთად ცხოვრება. ჩხუბისთვის ყოველთვის ნახავ მიზეზს თუ ინტრიგანი ხარ, მაგრამ ხანდახან უნდა დათმო რაღაც, რომ ჩხუბი აირიდო. მთავარია, ნორმალური იყო და ყველაფერი კარგად იქნება. როცა ცოლ- ქმარი ერთად ბერდება, ერთი სხეული ხდება. შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, სიბერე, ეს ყველაფერი ძალიან გაკავშირებს მასთან. ასაკში კაცი უფრო რბილი, დაკვირვებული და ყურადღებიანი ხდები და უფრო ტკბილად ატარებ ცხოვრებას ოჯახთან ერთად.

– ჩხუბის შემდეგ რომელი დგამთ პირველ ნაბიჯს?

– რამდენიმე საათის შემდეგ გაგვდის ბრაზი. რაც არ უნდა ვიჩხუბოთ და რამდენიც არ უნდა ვუმტკიცოთ ერთმანეთს ჩვენი აზრი, მერე ვხვდებით, რომ ტყუილად ვიყვირეთ. მორჩი რა, დაუთმე. თუმცა, მე სუსტი ვარ ამ ამბავში, გინდა თუ არა, უნდა დავამტკიცო ჩემი სიმართლე. აცადე, გავა ცოტა დრო და ისედაც დაინახავს, რომ არ იყო მართალი, ან მე დავინახავ ჩემს შეცდომას. კაცი რადგან ხარ, ყოველთვის კი არ იქნები მართალი და დაუკვირდი, გაუწიე ანგარიში მეუღლეს, რომელიც გაცილებით მეტს მუშაობს ოჯახისთვის, ვიდრე შენ. ეს უფრო დიდი ჯაფაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა სამსახური.

– „ოჯახში კაცია უფროსი და როგორც ის იტყვის, ისე უნდა იყოს“ – როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ აზრისადმი?

– ჩემს ოჯახში, რაც ეხება შინაურ ცხოვრებას, ყველაფერს ჩემი მეუღლე უძღვება, ეს ქალის პრიორიტეტია. ნებისმიერ კაცს უხარია, როდესაც სახლში მოდის და ყველაფერი სუფთად და ლამაზად ხვდება, ცოლიც დაღლილია, მაგრამ მაინც კარგ ხასიათზეა. უნდა დააფასო, აღნიშნო მისი შრომა ხმამაღლა. მე ახლა იდეალურ სურათს ვხატავ, მაგრამ თვითონ არ ვაკეთებ ამას ხშირად. არადა გასაკეთებელია, უნდა შეაქო, რა უნდა ქალის გულის მოგებას?! დაუჯერე, როცა გეუბნება, ეს არ ჩაიცვა, ის ჯობიაო. მე სულ არ მესმის ეს საკითხი და რატომ არ უნდა დავუჯერო, რატომ არ უნდა მივიღო მისი დახმარება? ყველა ნათქვამს სჭირდება გაგება და არა ჩხუბი. მე ვუჯერებ ჩემს ცოლს. ხანდახან შეიძლება არა, მაგრამ ვცდილობ. ზოგჯერ ისიც დაიხევს უკან, თუ მე ვარ მართალი.

ისე, ნათქვამია, სიბერე ტკბილიაო. მე სიბერეში სიტკბოებას ვერ ვხედავ. როგორ არის ტკბილი, როცა შენს ახალგაზრდობას იხსენებ, მაშინდელ და ახლანდელ სხეულს ადარებ ერთმანეთს. ერთადერთი, რაც მახარებს და ცხოვრების სტიმულს მაძლევს, ეს ჩემი შვილები და შვილიშვილები არიან. აბა, როგორ არის სიტკბო – ერთი ოპერაცია, მეორე, წამლები და ასე შემდეგ. ამიტომაც ვამბობ შაირებში, ვბერდები-მეთქი და ახალგაზრდები კი მეუბნებიან, არ გეტყობაო. მე ვპასუხობ, სადაც მეტყობა, იმას ვერ ხედავ-მეთქი (იცინის). ასეთ რამესაც ვამბობ: ახალგაზრდა ძმაკაცებში მეც ვიქნები ახალგაზრდა, როცა მიდიან ქალებში, მეც მივყვები კონსულტანტად (იცინის). ხუმრობით კი ვხუმრობ, მაგრამ ფიზიკური თვალსაზრისით, სიბერეში ტკბილს ვერაფერს ვხედავ.

– ახლა კოსულტანტად მივყვებიო, მაგრამ იყო დრო, როცა ცნობილი იყავით ქალების სიყვარულით. ოჯახი როგორ შეინარჩუნეთ?

– მე ცოლი რომ მოვიყვანე, თითქმის 31 წლის ვიყავი. ლეგენდები, რომელიც დადიოდა, მანამდელ ამბებზე იყო. კი, მიყვარდა გოგონები, ვის არ უყვარს, თუ კაცი ნორმალურია (იცინის). მაგრამ ქალისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია. ლამაზი სიტყვებით, სიყვარულით, სიმღერით ზოგის მოხიბვლა გამომდიოდა, ზოგის – არა. რაც შეეხება ფიზიკურ შეხებას ქალთან, თუ არ გამოგივიდა, გული არ უნდა დაგწყდეს. მაგრამ, როგორც მოწინააღმდეგე სქესი მაინც ცდილობ და თუ გამოგივა, გიხარია. ძალით არაფერი შეიძლება. ადექი და მოხიბლე, თუ კაცი ხარ. ჩვენი პროფესია ისეთია, ძალიან მეხმარებოდა. თან, ისეთ „თავისუფალ“ ქვეყანაში დავდიოდით გასტროლებზე, ეს ადვილი საქმე იყო, განსაკუთრებით ჩრდილოეთში. იმ პერიოდს, უცოლობამდე, მე ხუმრობით ვარჯიშის პერიოდს ვეძახი. ცოლის მოყვანამდე სხვებზე ვივარჯიშე (იცინის).

– მერეც იყო ასეთი ამბებიო.

–ამნაირ გართობას ღალატს არ ვეძახი. ხუთი თვით რომ წახვალ ამერიკაში თუ რუსეთში და იქ გვერდით ცოლი არ გყავს, ასე ხდება. არადა, ამხელა პრაქტიკა გაქვს და იცი, რომ ყველა ქალი ერთნაირია ფიზიკურად, ამიტომ, დიდი ინტერესი კონკრეტული ქალისადმი არ მქონდა.უბრალოდ, არსებობს ტესტოსტერონი თუ რაღაც და ის გაიძულებს, მონახო პარტნიორი. ეს უკვე ცხოველური ინსტინქტია. ამას ღალატს არ ვეძახი. ის ქალი, რომელიც მაგ დროს შეგხვდება, პატივს სცემ თავისი სითბო რომ გაჩუქა. თუმცა, სიყვარულზე საუბარი ზედმეტია, ეს იგივეა, როგორც ჭამის მოთხოვნილება. ამაზე ვხუმრობ, იქაც ცოლისთვის წავივარჯიშებდი ხოლმე- მეთქი (იცინის). სხვა საქმეა, როცა შენს ქალაქში გყავს სხვა ქალი და ცოლს რომ სამსახურში ჰგონიხარ, შენ კი მასთან ხარ – ეს ღალატია.

– ძალიან დატვირთული გრაფიკი გქონდათ წლების განმავლობაში. დიდ დროს ატარებდით ოჯახისგან შორს და ამ მიზეზითაც ბევრს დაენგრა ოჯახი.

– ჩვენ ცხოველური ინსტინქტები გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია ერთმანეთისთვის ხასიათის შეწყობა, დათმობა. თუ ამაში არ ხარ ძლიერი, შეიძლება რამდენიმე ცოლი გამოიცვალო და მაინც ვერ მიხვდე, რომ პრობლემა შენშია, რომ შენ არ ხარ მათი ღირსი. თუმცა, ყველა ერთნაირები ხომ არ ვართ. ცოლი რომ მოგყავს, უნდა იცოდე, რომ შეიძლება მთლად შენი ხასიათის არ იყოს. ეს ტრაგედია არ არის, ამის გამოსწორება ცხოვრების განმავლობაში შეიძლება.

– ხომ ამბობენ, ყველა წარმატებული კაცის უკან ძლიერი ქალი დგასო. თქვენმა მეუღლემ რა წვლილი შეიტანა თქვენს წარმატებაში?

– რომ ამბობენ, ოჯახში მამაკაცია მთავარიო, მე ასე არ ვანგარიშობ. ფიზიკა- მათემატიკური მაქვს დამთავრებული და სხვანაირად ვითვლი (იცინის). მეუღლეს ხომ მეორე ნახევარს უწოდებენ და მე რომ მკითხო, ჩემი ცოლი არის ჩემი ოჯახის ნახევარი კი არა 3/4. მე მხოლოდ 1/4 ვარ. რას ნიშნავს მეორე ნახევარი, ის არის მთავარი. მე ვარ შემომტანი ოჯახში, გამაძლიერებელი, ის არის შემსრულებელი ყველა იმ საჭიროების, რაც ჩვენს ოჯახს აქვს და ეს საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობაა, ამაზეა დამოკიდებული ოჯახის სიმტკიცე. კაცებს ნაკლები როლი აქვთ ოჯახის წინაშე, თუმცა ერთად, ერთ მთლიანობას წარმოვადგენთ.

– თქვენი სიყვარულის ისტორია როგორ დაიწყო?

– ჩემი ცოლიც მღეროდა უცხო ენების ინსტიტუტის კვარტეტში. იქ ჩვენი ბიჭებიდან ბევრი მღეროდა და ხშირად მივდიოდი ხოლმე. შევამჩნიე ეს გოგო, თან დედაჩემი გურულია და რომ გავიგე, ესეც გურული იყო, გამიხარდა, გურულ ცოლს მოვიყვან-მეთქი. ბიჭებს ვუთხარი, რა კარგი გოგოა და ვინმე ხომ არ ჩანს-მეთქი? როგორ არა, მთელი ინსტიტუტი დასდევს, მაგრამ შენ თუ გინდა ცოლად მოიყვანო, ჩვენ მოგვანდე ეგ საქმეო. ჯემალ ბაღაშვილმა და თენგიზ ჩხეიძემ ეგ საქმე მომიგვარეს. აგიტაცია ჩაუტარეს ჩემს კანდიდატურას, დაარწმუნეს გოგო, რომ ჩემს გარდა არავინ შეეფერებოდა (იცინის). სამი- ოთხი შეხვედრა გვქონდა, შევაყვარე თავი და დავქორწინდით.

ასევე იხილეთ