ვინ დაუნგრია მაია ხორნაულს მაყურებლის სიყვარული და რა პირობას ასრულებს მეუღლე მის წინაშე პატიოსნად

მსახიობი მაია ხორნაული თანამედროვე ქართული სერიალების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საყვარელი სახეა. ის, ასევე, ძალიან აქტიურია თეატრის სცენაზეც და ორივეს ერთად თავს არაჩვეულებრივად ართმევს.

მაია ხორნაული: შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ მსახიობი უნდა გამოვსულიყავი. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. არ ვიცი, რას ხედავდნენ ჩემში, მაგრამ მახსოვს, სულ ამბობდნენ, „პატარა მსახიობიაო“. არადა, არასდროს ვყოფილვარ აქტიური და თამამი ბავშვი, არც სასკოლო ღონისძიებებსა და სპექტაკლებში ვიღებდი მონაწილეობას. ალბათ; უფრო ახლო წრეში ვიყავი გახსნილი. ბევრს გაუკვირდა კიდეც, როცა გაიგეს, რომ თეატრალურზე ჩავაბარე. თუმცა, ჩავაბარე, გავხდი სტუდენტი და ინსტიტუტის შემდეგ, პირდაპირ თეატრში გადავედი.

– ბევრ სერიალში მიიღეთ მონაწილეობა და ვინც ტელევიზიიდან გიცნობთ, შეიძლება, იფიქროს, რომ მხოლოდ ეკრანზე ხართ ასეთი აქტიური. რეალურად, თეატრშიც ძალიან აქტიური ხართ, არაერთ სცენაზე დგახართ და მრავალფეროვანი გამოცდილება გაქვთ.

– დიახ, ძალიან მრავალფეროვნი გამოცდილება მაქვს და მომწონს ის, რომ არ ვარ მხოლოდ ერთ თეატრში და ერთ ამპლუას მიჯაჭვული. ეკრანი პოპულარობას გძენს, გამოცდილებას გმატებს, მაგრამ მადლიერი ვარ იმისთვის, რომ თეატრშიც ძალიან აქტიურად ვარ დაკავებული.

– როგორ გახდით გამორჩეულად საყვარელი ეკრანული სახე, საიდან დაიწყო ეს ამბავი?

– იყო ასეთი გადაცემა – „რომ გადახვალ, გააჩერე“ და ტელევიზიაშიც პირველად სწორედ ამ გადაცემით მოვხვდი. ამის შემდეგ იყო ყველასთვის დაუვიწყარი და დღემდე საყვარელი სერიალი „შუა ქალაქი“ და ვფიქრობ, რომ მაყურებელმა ჩემი ნონორეთი მეც შემიყვარა. უსაყვარლესი სერიალი იყო და არა მგონია, რომელიმე პერსონაჟი ვინმეს არ ჰყვარებოდა. ბედმა გამიღიმა, რომ მეც მათ შორის აღმოვჩნდი. ამის შემდეგ წამოვიდა და წამოვიდა სხვა სერიალები. ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო პერსონაჟი ვითამაშე „თესეაში“. ამ ბოლო დროს, სერიალებში თითქოს ერთი და იმავე ქალბატონის თამაში მიხდება. არავის ეწყინოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არაფერი განსაკუთრებული. აი, ბარბარე „თესეაში“ ნამდვილად იყო განსაკუთრებული პერსონაჟი, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიძერწა.

– ეკრანმა მოიტანა პოპულარობა, ეს როგორი აღმოჩნდა?

– ძალიან კარგი, არავინ თქვას, რომ ეს აწუხებს. შეიძლება, თქვან, რომ აწუხებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ გულის სიღრმეში, მაინც სიამოვნებთ. რა უნდა დაგიშავოს პოპულარობამ?! ხალხის სიყვარულსა და გაღიმებულ სახეებზე კარგი ხომ არაფერია?!

– სერიალში – „სიყვარულს მიღმა“, რომელიც ახლა გადის ეთერში, ორაზროვანი დამოკიდებულებებია თქვენი პერსონაჟის მიმართ, თქვენ რას იტყვით?

– ძალიან ვხალისობ ამაზე. ადამიანები კომენტარებში მლანძღავენ. რეალურად, მე კი არა, პერსონაჟს ლანძღავენ. იმდენად ჩართულები არიან სერიალში, რომ ძალიან განიცდიან და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ. ვხუმრობდი კიდეც, ჩემი ნაკოწიწები სიყვარული, როგორ დამინგრიეთ ამ პერსონაჟით-მეთქი (იცინის). რას ვიზამთ, ჩვენი პროფესიაც ეს არის, ხან ასეთს ვითამაშებთ, ხან – ისეთს. თუმცა, მსახიობი სულ ცდილობს, თავის პერსონაჟს გამართლება უპოვოს და მეც მქონდა „ბრძოლები“ ჩემი პერსონაჟის ქცევებთან დაკავშირებით (იცინის). ვნახოთ, როგორ განვითარდება ქალბატონი ნუნუს როლი.

– ეკრანს მიღმა რამდენად აქტიური და როგორი მეოჯახე ხართ?

– იმდენად აქტიური ვარ ჩემს პროფესიაში, რომ მის მიღმა დრო აღარ მრჩება (იცინის). კი, კი ოჯახშიც ძალიან აქტიური ვარ. მიყვარს საქმის კეთება. მგონია, რომ კარგი მეოჯახე ვარ, თუმცა კარგი დიასახლისობით ვერ დავიკვეხნი. ვერ მოვიტყუები, რომ სულ სამზარეულოში ვფუსფუსებ. დიდად არ მეხერხება გემრიელი კერძების მომზადება. დედა იმდენად გემრიელად აკეთებს, რომ მე თითქოს ვეღარ გავბედე და ეს საქმე ბოლომდე მას დავუთმე. მე თვითონ გურმანი არ ვარ და ალბათ, ესეც ერთ-ერთი მიზეზია. თუმცა, სხვა მხრივ, სახლის საქმეები ძალიან მიყვარს და ყველაფერს ვაკეთებ.

– ვთქვით, რომ ძალიან აქტიური ხართ თეატრშიც და სცენაზეც, რაც კარგია, მაგრამ მეუღლე და შვილები დროის ნაკლებობას არ აპროტესტებენ?

– თურმე აპროტესტებდნენ, თავისთვის, ჩუმად, ამას არ მაგრძნობინებდნენ, მაგრამ მე ხომ ვგრძნობდი და ძალიან განვიცდიდი. ალბათ, ამიტომაც აღარ მიმატებდნენ კიდევ. ვერ ვიტყვი, რომ მათ ძალიან დიდი დოზით დავაკლდი, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც არის ასეთი მომენტებიც. ოჯახისგან ძალიან დიდი ხელშეწყობა რომ არ მქონოდა, ბევრ რამეზე მომიწევდა უარის თქმა. დილემის წინაშე რომ დავმდგარვარ, ოჯახს ყოველთვის უთქვამს, ჩვენ აქ ვართ, ნუ გეშინიაო. ამისთვის დიდი მადლობა დედას, მეუღლეს და შვილებს.

– რამხელა შვილები გყავთ და როგორ უყურებენ დედის პროფესიას?

– 18 წლის ნიკოლოზი და 16 წლის ანასტასია. სხვათა შორის, კრიტიკულად. არც აქტიური მაყურებლები არიან. სულ ვხუმრობ, სახლში არ ვარ დაფასებული-მეთქი (იცინის). ახლა უფრო დადიან ჩემს სპექტაკლებზე, ბავშვობაში – არა. დედა სულ თეატრში იყო, მათ კი ისეთი პროტესტი ჰქონდათ, საერთოდ არ დადიოდნენ.

– მომავალი მეუღლე როდის გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

– ჩვენ გვიან დავოჯახდით და ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგი გვიან-გვიან ხდება. მეუღლე საერთო მეგობრის ოჯახში გავიცანი. დავინახე თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ ის ის იყო და ის მიხვდა, რომ მე მე ვიყავი (იცინის). მართლა ასე იყო. ამან გადაგვადგმევინა ორივეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ორ წელიწადში ოჯახი შევქმენით. არ ვიყავით პატარები, მაგრამ მაინც გავიპარეთ (იცინის). უბრალოდ, რეალურად ბათუმში შევუღლდით და ამიტომაც დავარქვით გაპარვა.

– როგორც მსახიობს, გგულშემატკივრობთ?

– როცა ცოლად გავყევი, ვუთხარი, ხომ იცი, რომ თეატრი ჩემი ცხოვრებაა-მეთქი და მიპასუხა, კი და ჩემგან ხელი არასდროს შეგეშლებაო. მინდა, გითხრათ, რომ ამდენი წელია, სიტყვას პატიოსნად ასრულებს (იცინის). ძალიან აფასებს ჩემს პროფესიას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სპექტაკლებზე არ დადის, ყველაფერში მეხმარება და მის გვერდით პროფესიულადაც ძალიან გავიზარდე.

 

ასევე იხილეთ