„მესმის, რომ მოგბეზრდათ კორონასთან ბრძოლა. აბა, ექიმებს გვკითხეთ?!“

ექიმი დავით გადელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ სტატუსს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ გასაგებია, ადამიანებს მოჰბეზრდათ კორონასთან ბრძოლა, მაგრამ ექიმების არგუმენტები და წუხილიც უნდა მოისმინონ ამ თემაზე.

 

„მეგობრებო!

მესმის, რომ მოგბეზრდათ კორონასთან ბრძოლა. აბა, ჩვენ, ექიმებს გვკითხეთ?! კლინიკები მაქსიმალურად ცდილობენ აირიდონ კოვიდიანი პაციენტები- ძალიან ბევრი თანდართული პრობლემები ჩნდება მათი მკურნალიბისას. თავადაც ქართველი გახლავარ და მშვენივრად ვიცი, რომ ხასიათში არ გვაქვს დიდხანს, თანმიმდევრულად ერთი საქმის მიდევნა – გვბეზრდება. მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა – მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კია სასწორზე (მაპატიეთ ასეთი ზეამაღლებული ტონალობა – არაა ჩემი სტილი)!

ძალიან დიდი დროით მოთმენა არ მოგვიწევს. გამოცდილ ინფექციონისტებზე დაყრდნობით, იანვარშივე ვამბობდით: “საჭიროა ვირუსმა მოიაროს კაცობრიობა, დამკვიდრდეს (ან ვერ დამკვიდრდეს – როგორც წინამორბედი კორონავირუსები), როგორც ერთი ვირუსული დაავადება; კაცობრიობას გაუჩნდეს მის მიმართ დაცვითი მექანიზმები. როგორც შინაგანი, ასევე ხელოვნურად შექმნილი”. მთავარია, ავცდეთ პირველ, ყველაზე მოუმზადებელ და მძიმე დარტყმას. უკვე შემიძლია გაბედულად ვთქვა, რომ ამ პირველ დარტყმას, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ბევრ ქვეყანას და ზოგან ახლაც მძვინვარებს- ავცდით! ცოტაც დაგვრჩა! ჯერ ყველაფერი არ ვიცით იმუნოლოგიური თვალსაზრისით. კი ბატონო, გამოიმუშავებს შესაბამის G-ანტისხეულებს ჩვენი სხეული, მაგრამ ჯერ არაფერი ვიცით, მყარი თუ არა იმუნიტეტი, რამდენ ხანს დაგვიცავს. იმიტომ კი არ ვიცით, რომ ვინმე არ მუშაობს – უბრალოდ, დრო უნდა, რომ ემპირიულად გავიგოთ. ამასობაში, სავარაუდოდ, ვაქცინაც იქნება მზად.

ახლა, როცა კოვიდის წინააღმდეგ ჩვენი ძალისხმევა წარმატებული სცენარით მიდის, ნუ ავრევთ ყველაფერს მოუთმენლობით, ან პოლიტიკური მიზანშეწონილობით. ამ ერთ საკითხზე მაინც გავერთიანდეთ პოლიტიკური, ან სხვა სიმპათიების მიუხედავად.

ადრეც იყო ალაგ-ალაგ, მაგრამ ახლა უფრო გახშირდა, ალბათ მობეზრებული ხალხის მოსაზრებები: “თავს გვახვევენ”, “მსოფლიო შეთქმულებაა”, “მსოფლიო გაგიჟდა”, “ის შავი კაცი (ჯანმოს ხელმძღვანელი, სავარაუდოდ) მოგვაშორეთ! (თითქოს სახლში უვარდებოდეს ვინმეს)”… წუხელი წავიკითხე ასეთი იდიოტიზმიც: “მეგობრის ბებია გარდაიცვალა სხვა დაავადებით და უნდოდათ, კოვიდი დაეწერა. შვილმა არ დააწერინა ტყუილი!” ვერც წარმოიდგენთ რა სისულელეა! ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი გვყავდა, სპირტსმენი და ცნობილი სპორტსმენის შვილი. კოვიდისთვის ეპიდემიოლოგიური სათანადო ანამნეზიც ჰქონდა და კლინიკაც. მაგრამ 2-ჯერ ჩავუტარეთ პისიარ ტესტირება – ორივეჯერ უარყოფითი! ხდება ეს, 30%-ში. სანამ ანტისხეულები არ წამოვიდა და კომისიურად არ დავუსვით დიაგნოზი, ისე ექიმი ამ დიაგნოზს ვერ წერდა! ამავე დროს, თუ დიაგნოზი არგუმენტირებულია, არ არსებობს ძალა, არც იურიდიული, არც ადმინისტრაციული, მით უფრო – ვინმეს თხოვნა ან ბრძანება, რომ ექიმი დაემორჩილოს! არ ვიცი, მე არ ვიცნობ ისეთ ექიმს, რომელიც თავისი შეხედულების საწინააღმდეგოდ დაწერს შეგნებულად არასწორ დიაგნოზს და არ იფიქრებს, რომ ეს ამბავი არ დაიმალება, აუცილებლად ამოყოფს თავს სადმე!

გავუძლოთ ცოტა! ნუ შეგძულდებათ ის ექიმები ავადმყოფობის მობეზრების გამო, ვისაც სულ რამდენიმე თვის წინ, იმავე მიზეზით უკრავდით ტაშს!“

ასევე იხილეთ