,,ვკითხულობ და ვერ ვიჯერებ… 400 ექიმი ერთ სასტუმროში… როგორ მოუვიდათ აზრად იქ ჩასვლა”

გერმანიაში, შარიტეს, ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკის პულმოლოგიისა და ინფექციოლოგიის დეპარტამენტის ქართველი ექიმი მედიცინის დოქტორი,  პულმონოლოგი და ინტერნისტი თამარ ჟამურაშვილი, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ჩაქვში, სასტუმრო ,,დრიმლენდ ოაზისში” 400 ექიმის შეკრებას აკრიტიკებს.

როგორც ჟამურაშვილი წერს, ევროპული და ამერიკული კონგრესები იანვრიდან მოყოლებული მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ტარდება, ქართველი ექიმების შეკრება კი უპასუხისმგებლო ქცევა იყო.

,,ვკითხულობ და ვერ ვიჯერებ, თანაც ისეთი რთული კითხვები მიჩნდება, ჩემი ინტელექტი აშკარად არ ყოფნის პასუხებს…

რა მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდებოდა “ოაზისში” როცა ყველა, უკლებლივ ყველა გერმანული, ევროპული თუ ამერიკული კონგრესი იანვრიდან მოყოლებული ონლაინ რეჟიმშია?
ვის მოუვიდა აზრად 400 ექიმის ერთ სასტუმროში თავმოყრა რაღაც(!) კონფერენციის გამო?
ვინ დართო ჩატარების ნება?

რომელი 400 ექიმი ზის ამჟამად იმ სასტუმროში და როგორ მოუვიდა აზრად იქ ჩასვლა, მართლა მაინტერესებს! ეს რომ სხვა პროფესიის ხალხი იყოს, ხომ გავილექსებოდით…
ან მე, რომ საწყალი გლეხი ვარ, 5-G-ანტენების მეშინია და 24 საათი მესმის, რომ სუპერმარკეტში პირბადის გარეშე არ უნდა შევიდე და ამ დროს ვკითხულობ, რომ 400 ექიმი ერთ სასტუმროში გამოკარანტინდა… რომელს დაგიჯერებთ და გენდობით აწი?”– წერს ჟამურაშვილი.

ასევე იხილეთ