“რა ხდება 1 ნოემბერს? პანდემიის დასრულების ჟამი დაჰკრავს”

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

ის ფრენების საკითხს ეხება და წერს, რომ ფრენების აკრძალვას არანაირი აზრი არ აქვს.

“ფრენა გადაიდო 1 ნოემბრამდე” – გამოცხადდა და მორჩა.
ნებისმიერი გონიერი ადამიანი იკითხავს, რატომ პირველ ნოემბრამდე და რატომ 15 ნოემბრამდე არა? იქნებ 21 -მდე?
რა ხდება 1 ნოემბერს? პანდემიის დასრულების ჟამი დაჰკრავს? ახალი ტიპის, ვირუსგამძლე თვითმფრინავები დაიწყებენ ფრენას? მოგზაურები დაჭკვიანდებიან და თუ საჭირო არ არის სადმე წასვლა, სახლში დაეტევიან?
რაიმე ზებრძნული თავდაცვითი პროექტის დასრულების თარიღია, რომლის შემდეგაც ფრენები უსაფრთხოდ აღდგება? თუ … , თუ ….
არცერთი
ამიტომ პასუხად ისმის წყევლა-კრულვა და გინება.
ცხადია, ვერცერთი ვერ დააზიანებს მთავრობას იმდენად, რომ ეტკინოთ; დიდი-დიდი ეწყინოთ
საზოგადოებას პატივი უნდა სცე იმდენად, რომ აუხსნა თუ რამე იცი და თუ არ იცი, პატიოსნად თქვა, რომ არ იცი. ახლა, თუ მაინც გაგდის, რა პრობლემაა, დიდი-დიდი გეწყინოს, ხომ ვერ გატკენენ,”-წერს გურული.

აშშ-ში მოღვაწე ექიმი აღნიშნავს, რომ “უაზრო აკრძალვები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი”. 

გურული ხაზს უსვამს იმ შეცდომებს, რასაც მთავრობა და ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსთან ბრძოლის დროს უშვებს.

ლოგიკურად რომ მივუდგეთ:
1. სკოლების ტოტალური ჩაკეტვა არ არის სწორი მიდგომა. საქართველოში უამრავი კერძო სკოლაა, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ჰიგიენის მაქსიმალურად სწორად დაცვის საშუალება, ამიტომ მათ უნდა განაახლონ სწავლა.
იმ საჯარო სკოლებში, რომელთა საპირფარეშოებში არ შეისვლება, სწავლის განახლება საშიშია. შესაბამის ორგანოებს აქამდე უნდა ეზრუნათ საჯარო სკოლების მაქსიმალურად კეთილმოწყობისათვის და ასეულობით მილიონები სასტუმროებში ჯანმრთელი ადამიანების უაზრო იზოლაციაზე კი არ უნდა დაეხარჯათ, აქეთკენ მიემართათ.
იგივე ეხება უმაღლეს სასწავლებლებს. საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ვირტუალური სწავლება ადექვატურ დონეზე განახორციელოს, ამიტომ ეს ნაბიჯი ადრევე იყო გასათვალისწინებელი.
2. უსიმპტომო და მსუბუქსიმპტომებიანი ადამიანების იზოლაცია სამკურნალო დაწესებულებებში და ახლა უკვე სასტუმროებში, იყო და არის სრული აბსურდი. ეს არის ელემენტარულად ადამიანის უფლებების მასიური უხეში დარღვევა, რადგან ამ იზოლაციის საფუძველი სახელმწიფოს უუნარობაა, შესაბამისად გაუმკლავდეს უდისციპლინო ადამიანების სპექტრის ხუშტურებს და საქმის გასაადვილებლად ამიტომ თავისუფლების მასიური აღკვეთა შემოიღეს.
იმ მილიონების საშუალებით იაფფასიანი ელექტროსამაჯურების ყიდვა და გამოყენება ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა, რომელთა მეშვეობითაც გააკონტროლებდნენ საეჭვო პიროვნებებს. ან უფრო ადვილი, საკუთარი ტელეფონების მეშვეობით შეიძლებოდა იგივე კონტროლის მარტივად განხორციელება.
3. ფრენები დიდი ალბათობით ვერც ნოემბერში განახლდება და ვერც დეკემბერში და ვერც გაზაფხულზე, ასეთი პირი უჩანს მსოფლიოს ჯერჯერობით.
ტურიზმის და მოგზაურობის ტოტალური შეზღუდვებიც სისულელე იყო და არის. ეფექტური ტესტირებითა და ჩამოსულთა ჭკვიანური აღრიცხვის მეშვეობით ადვილად შეიძლებოდა და შეიძლება ვირუსის გავრცელების დაფიქსირება და აღკვეთა. საქართველო პატარა ქვეყანაა და შეიძლება ამის გაკეთება.
4. მასიურ ტესტირებას ვერ ჩაატარებ ეფექტურად, თუ ყველა გამოვლენილს “ციხეში” გააქანებ მინიმუმ მთელი თვით. ხალხი დამალავს სიმპტომებს და დაავადება უფრო გავრცელდება.
5. ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებებთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტები არ უნდა იქნეს დაშვებული, თორემ მერე სიმართლესაც არავინ დაიჯერებს.
6. უაზრო აკრძალვები მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი და უაზრობის გამოვლენისთანავე მომენტალურად გაუქმებული.
7. როდესაც პასუხისმგებელი პირი ხარ და რამე არ იცი, უნდა თქვა რომ არ იცი, თორემ ტყუილებისა და სისულელეების ლოგიკურ ჯაჭვად აწყობას იმაზე მეტი ჭკუა და მოხერხება სჭირდება, ვიდრე სიმართლისა და სიბრძნეების.
8. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც რაიმეს ტოტალურ შეზღუდვას მოითხოვს, არის პოტენციურად მავნე და ბუნებრივად გამოიწვევს ადამიანთა პროტესტს. ამიტომ, შეზღუდვები უნდა იყოს მოქნილი

ასევე იხილეთ