“ჩვენ მოგვიწია ძალიან რთული პერიოდის გავლა და წინ კიდევ მეტი სირთულეები გველის”

მარგო ლუჩკო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგესალმებით!
დღეს საღამოს ინგა გრიგოლია -ს “რეაქცია”-ში უნდა მიმეღო მონაწილეობა სკოლებში სწავლის გადადებასთან დაკავშირებით, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებ ეთერში მისვლას. ამიტომ გადავწყვიტე აქ დავწერო ჩემი მოსაზრება.

შეზღუდვები, რომლებიც გავრცელდა სკოლებსა თუ სხვა სასწავლო დაწესებულებებზე ძალიან დიდ ზიანს აყენებს როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს. იმ გაგებით, რომ დღეს ქართველი მოსწავლეების უზარმაზარი ნაწილი მოუმზადებელია ონლაინ სწავლებისთვის, როგორც ტექნიკურად, ასევე გამოუცდელობის გამო.

ნუ გვავიწყდება რეგიონებში მცხოვრები ბავშვები, რომელთა პოტენციალს დიდ ზიანს ვაყენებთ. მათ რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც მომავალში იმუშავებენ ვაქცინების შექმნასა თუ სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალია და მათ უნდა მიეცეთ სრულყოფილი განათლების მიღების საშუალება. და ეს განათლება უნდა იყოს უფასო. რეგიონებში მცხოვრები ბავშვების დიდ ნაწილს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, არ აქვთ სმარტფონები და კომპიუტერები.
უამრავი მიზეზი არსებობს თუ რატომ არის ამ შემთხვევაში ონლაინ განათლება მიუღებელი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ პანდემიამ ჩვენი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ კონკრეტულ შეზღუდვებზე და მათ შემოღება არშემოღებაზე მეცნიერებმა უნდა იზრუნონ და არა პოლიტიკოსებმა.

იმ დროს, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს ამ ვირუსთან თანაცხოვრება ისწავლოს, მანამ სანამ მეცნიერები ვაქცინაზე მუშაობენ, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. და არა პირიქით.
ევროპის ისეთ ქვეყნებში სადაც ჩვენზე ბევრად უარესი მაჩვენებლები აქვთ კოვიდ-19-თან დაკავშირებით, განათლების სისტემა ახერხებს სასწავლო პროცესის განახლებას კონკრეტული რეკომენდაციების დაცვით.
ვთვლი, რომ სწორედ ევროპის მაგალითით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

ჩვენ მოგვიწია ძალიან რთული პერიოდის გავლა და წინ კიდევ მეტი სირთულეები გველის ამ მიმართულებით, მთავარი არის ის, რომ ვისწავლოთ ამ პირობებში თავის გატანა და შევეცადოთ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, რაც შეიძლება სწრაფად. ამ ტვირთის უდიდესი ნაწილი დღეს სწორედ მეცნიერებზე მოდის. ამიტომ ვაცადოთ მეცნიერებას აკეთოს თავისი საქმე. პოლიტიკოსებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იმუშაონ და შესაბამისად ჩვენ- საზოგადოებამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები.

პირადად მე და ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის ვიცავთ ყველა რეგულაციებსა თუ წესებს, რომლებიც აუცილებელია დღევანდელ პირობებში. რეკომენდაციების დაცვა არ გულისხმობს სრულ დამორჩილებას და უპირობო კონტროლს ზემდგომი ორგანოების მხრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ ფსიქოლოგიური და ნერვული მხარეებიც ძალიან საყურადღებოა. შეიძლება კორონავირუსი გადავიტანოთ, მაგრამ ამხელა ფსიქოლოგიურ ზიანს ჩვენი ორგანიზმები წლების განმავლობაში ვერ გაუმკლავდება.
მითუმეტეს საფრთხეშია ჩვენი შვილების ფსიქიკა.
განათლების სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს, რომ იმ შემთხვევაში თუ პანდემია არ მოგვცემს სასწავლო პროცესის სრულად აღდგენის საშუალებას, ზუსტი მეცნიერებების საგნები მაინც იყოს ხელმისაწვდომი მოსწავლეებისთვის გაკვეთილებზე ფიზიკურად დასწრების სახით.

ამიტომ, მომხრე ვარ, რომ სასწავლო პროცესი შეძლებისდაგვარად ნაწილობრივ მაინც იქნეს აღდგენილი.
არავის დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოებაში უამრავი მარტოხელა დედა გვყავს, რომლებსაც აღნიშნული შეზღუდვები უმძიმეს ტვირთვად აწვება. მათ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება არ უწყობს ხელს. შესაბამისად ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა აღდგეს სასწავლო პროცესი. ნაწილობრივ მაინც!

გისურვებთ ჯანმრთელობას!”

ასევე იხილეთ