“არასდროს მტოვებს. ზუსტად მაშინ მოდის, როცა ყველაზე მეტად მაკლია”

ნათია ბანძელაძე გარდაცვლილ მეუღლეზე, ცნობილ ტელეწამყვანზე, გიორგი გოგიჩაიშვილზე  სტატუსს აქვეყნებს.

„არასდროს მტოვებს. ზუსტად იქ ჩნდება და მაშინ მოდის, როცა ყველაზე მეტად მაკლია და მიჭირს, როცა მხარდაჭერა და ძალა მჭირდება… როცა მისი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია… და, აი, სულ ახერხებს, მაცვიფრებს, მანებივრებს, არ მტოვებს… ეს ფოტო  ჩვენი ყველა  სხვა სურათივით საყვარელი და ძვირფასია, მაგრამ ეს „ჟესტიკულაცია“ ახლა, რომელსაც გიო მიგზავნის, ზუსტად ის პასუხია, რასაც ეს დღეებია, ვეძებ, ვეკითხები, ველოდი… ორი დღეა, რაც გოგიჩას მანქანას „მივეპარე“ და ვცდილობ, ვისწავლო მართვა, ეს სურვილიც მხოლოდ იმიტომ გამიჩნდა, რომ გიოს „საყვარელი „ნაცრისფერი გოგო“ ისევ ჩვენთან იყოს და არ ვანერვიულოთ… როცა გიო უკვე მანქანას ვერ მართავდა და სამსახურში მაცილებდა, მთხოვდა, ეზოში რომ გაივლი, დაელაპარაკე, რა და მოეფერე, ამდენ ხანს მარტო არასდროს დამიტოვებია და ცოდოაო, რომ დავბრუნდებოდი – აუცილებლად ვეტყოდი, გაეხარდა, გელოდება-მეთქი და თვალები აუციმციმდებოდა… ასეთი იყო მისი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ… ჰოდა, ახლა ისე მაინტერესებდა, რას ფიქრობდა, უხაროდა, მექილიკებოდა, მაქებდა… ყველგან ვეძებდი ნიშნებს, ვეკითხებოდი, ვაკითხავდი და ვეუბნებოდი – „გიო, შენ გეპრანჭები-მეთქი“ მასწავლებელიც ავიყოლიეთ… და, აი, დღეს მოვიდა, მომეფერა, გამიღიმა, გამათბო, არ დამტოვა. დამარწმუნა, როგორც იცოდა, „გრიშ, მაგარიაო“. მადლობა, რომ არ მტოვებ და სულ ხარ და ყველგან ხარ.

P. S. გიოს მანქანა გოგოა, ასე მოინდომა თავად – ,,მე ისეთი მაგარი გოგოები მყავს გარშემო, რომ ყველაფერი გოგო მინდა, მყავდესო და ჩამოთვლიდა დედას, დას, შვილებს, მე და დააყოლებდა, აი, მანქანაც კი გოგოაო. ერთხელ ინტერვიუში ჰყვებოდა ამ ამბავს და ჟურნალისტი ეკითხება უცებ სერიოზულად: რა იცით, რომ გოგოაო? და უცებ გიო: „მეც მაინტერესებდა, ექოზე მყავდა და საკვერცხეები აღმოაჩნდაო, … ეს ისე, გოგიჩას ხასიათში რომ დავამთავრო ისტორია… ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას და ბევრ სიყვარულს“, – წერს ნათია ბანძელაძე.

ასევე იხილეთ