“ყველაფრის დაკეტვა და გაჩერება დაახლოებით იმას ჰგავს, ვაიმე ცხვარი მგელმა არ შემიჭამოსო და საბალახოდ საერთოდ არ გაუშვა…”

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში შეზღუდვების თემას გამოეხმაურა. მისი მოსაზრებით, მთავრობა, პირველ რიგში, უნდა ხვდებოდეს არა მსხვილი, არამედ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს და იმ ადამიანებს, ვინც თვითდასაქმებულია, რეალური სურათის შესაქმნელად.

გთავაზობთ დაჩი გრძელიშვილის სტატუსს სრულად:

“დილას კადრები ვნახე – მთავრობა ბიზნესს შეხვდა და სიტუაცია განიხილაო და აჩვენებენ – ვისოლის, შმისოლის, ისტ პოინტის და ა.შ. მფლობელ ტიპებს, რომლებსაც მაგრად კიდიათ დაკეტვაც და გაღებაც, იმიტომ რომ ასი ათასით ნაკლები მოგება არ გააღარიბებთ. მთავრობა პატარა კაფეების, რესტორნების მფლობელებს, გარემოვაჭრეებს, გამყიდველებს, ტაქსის მძღოლებს უნდა ელაპარაკოს და მათი მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს – ანუ იმ ხალხის, ვის ზურგსა და ოჯახებზეც გადაივლის ეს ლოქდაუნი და ვინც, სამწუხაროდ, საქართველოს აბსოლუტურ უმრავლეობას შეადგენს…

პირადად მე ონლაინ ვმუშაობ კაი ხანია და ხელფასი მაქვს – გული მისკდება იმის გაფიქრებაზეც კი, ლოქდაუნზე რომ ვიყო დამოკიდებული – კრედიტების და ოჯახის შემყურე… ასე რომ ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი თანადამიანობის, მთავრობას კი მენეჯმენტის უნარის გამოჩენა გვმართებს. ყველაფრის დაკეტვა და გაჩერება დაახლოებით იმას ჰგავს, ვაიმე ცხვარი მგელმა არ შემიჭამოსო და საბალახოდ საერთოდ არ გაუშვა (ისე, ეს შედარებაც, სიმბოლურია, სამწუხაროდ…) ასე რომ, ჩემი აზრი ასეთია – დაკეტვების ნაცვლად, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს პირბადეების, დისტანციის და ზოგადად, კოვიდრეგულაციების დაცვა – ხალხის შეგნების იმედად ყოფნა ასეთ სიტუაციაში არ ღირს. ეს კანონი ერთნაირად უნდა მუშაობდეს ყველასთვის – ეკლესია იქნება, სტადიონი თუ პარტია. სხვათა შორის, ასეთ დროს ყველაფერი მუშაობს – სტადიონზე ხალხს რომ არ უშვებ და თვითონ ლოჟაში ხარ წამოჭიმული, ეს მოტივაციას არანაირად არ ზრდის…”

ასევე იხილეთ