“ასე არხეინად უფსკრულისაკენ მივექანებით”

ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

შავ პარასკევზე” ბევრი დაიწერა, მეც მინდოდა ჩემი დამოკიდებულების დაფიქსირება, მაგრამ სიბრაზის ფონზე ბოლომდე ვეცადე თავი შემეკავებინა. დღეს კი გადავწყვიტე გუშინდელ ფენომენზე იაკობ გოგებაშვილის სიტყვებით მესაუბრა, ჰო ეს სიტყვები„ბუნების კარში” წერია, უბრალოდ მას არც სკოლაში ასწავლიან და როგორც ჩანს არც სახლში კითხულობს ვინმე, მაშ ასე იაკობი წერს: „ქართველები დიდი ზომით არა საქმეს არ აკეთებენ. თითქმის მარტო იმაზე ზრუნავენ, რომ შიმშილისა და სიცივისაგან როგორმე დაფარულნი იყვნენ, არა სცდილობენ ხანგრძლივი შრომით, მხნეობითა და ზომიერი ცხოვრებით ქონება და სიმდიდრე ბლომად შეიძინონ…

აქ თითქმის ვერა დროს ვერა ნახავ ბლომად შენახულს ჭინახულსა, იმდენი მოჰყავთ, რამდენიც ერთს წელიწადს ეყოფათ; შემდეგისთვის ცოტას ზრუნავენ… ჩვენი სამშობლო ქვეყანა აწინდელზედ უფრო შემძლებელი იქნებოდა, ქართველებმა რომ თავისი ქონების დაზოგვა იცოდნენ.. ხშირად ქართველი კაცი ორი სამი წლის სარჩოს ერთს წელიწადს ჰხარჯავს… დაუდევრობასა და დაუზოგველობას გარდა, უცოდინარობაც ბევრს ზარალს აძლევს ქართველობას”- გაიგეთ ხალხო!

ჩვენი უბედურების მიზეზი ჯერ კიდევ საუკუნის წინ ჰარიჰარალოზე ცხოვრება, ზომიერი ყოფის შეუგნებლობა და მომჭირნეობის უნარის არ ქონა ყოფილა! ვაი რომ ქართველობის ეს მძიმე დიაგნოზი დღესაც ქმედითია და სამკურნალო! ვიცი ეს ჩემი ნათქვამი ბევრს გულზე დაესობა, განსაკუთრებით მათ ვინც ყველა უბედურების მიზეზს სხვაში ეძებს! (ეს სხვა კი ხან მთავრობაა, ხან მეზობელი, ხან ოკუპაცია, ხან გლობალური პანდემია და ხანაც ამინდი), უბრალოდ ვინც დავას გადაწყვეტთ იცოდეთ რომ ამ სიტყვების ავტორი მე არა, იაკობ გოგებაშვილია! ის იაკობი ვინც „დედა ენასა“ და „რუსკოე სლოვოს“ გაყიდვების წყალობით თითქმის მილიონებს ფლობდა, თუმცა მაინც მომჭირნე ცხოვრების წესით და დიდ საზოგადო საქმეებში ფულის დაბანდებით გამოირჩეოდა!

საქართველო კი მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული როცა სიმართლეს თვალს გაუსწორებს, როცა ლიტონი სიტყვებისა და სადღეგრძელოების ნაცვლად ერის მამების, ნაციის დამფუძნებლების რჩევებს მოისმენს, როცა იქ მაღლა ხელისუფლებაში მიხვდებიან რომ იაკობ გოგებაშვილის, ილიას, აკაკის მსგავსი შეგონებები სატელევიზიო ეთერში ხშირად უნდა ისმოდეს, სკოლებსა და უნივერსიტეტებში უნდა ისწავლებოდეს, გაზეთებში უნდა იბეჭდებოდეს… თუ არადა ფიზიკური გადაშენების წინაშე დავდეგით, რადგან სარკის მომტანი აღარავინაა, ჩვენც ჩვენს უბედურებას ვერ ვხედავთ და ასე არხეინად უფსკრულისაკენ მივექანებით”, – წერს გიორგი კალანდია.

ასევე იხილეთ