რესტორანი “ჩვენი”, შეჭირვებულთ, ცხელი წვნიანით და პურით მასპინძლობს

მზარეულ გურამ ბაღდოშვილს ფართე საზოგადოება კულინარიული შოუებიდან იცნობს. გურამი რესტორატორია, ჰქონდა სამი რესტორანი, რომელთაგან, პანდემიის დროს, მხოლოდ ერთს ამუშავებდა. ლოქდაუნის შემდეგ, ბაღდოშვილმა ეს რესტორანიც დახურა.

სამაგიეროდ, დღეს, 7 დეკემბერს, თვითონ მიიღო კეთილშობილური გადაწყვეტილება და მისი რესტორნიდან – “ჩვენი” (ჭოროხის 8, პლეხანოვზე) სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს და მათ, ვისაც საჭმლის ფული არ აქვს, ცივ ზამთარში ცხელი წვნიანით გაუმასპინძლდება.

გურამი “პრაიმამბებს” უყვება, რომ ამ სოციალურ აქციას – “ჩვენ შეგვიძლია შენი დახმარება” მეგობრებთან ერთად ახორციელებს. ზოგი ფულს ურიცხავს, ზოგიც – პროდუქტით ეხმარება.

გურამ ბაღდოშვილი: – ყოველ დღე, 12 საათიდან 15 საათამდე ცხელ წვნიანს დავარიგებთ პურთან ერთად. ბევრს ინტერნეტთან არ აქვს წვდომა. ამიტომ შეუძლიათ, აქ მოსულებმა მეზობელს წაუღონ საკვები, ახლობელს მიუტანონ. მთავარია მოვიდნენ თავსახურიანი ქილებით და პარკებით.

ამ პროექტის განხორციელებაში მეხმარებიან მეგობრები. სამედიცინო კომპანიამ პირბადე მოგვიტანა და ორ-სამ პირბადეს გავატანთ წვნიანისთვის მოსულებს.

თუ ვინმეს აქვს სურვილი, შეუძლია შემოგვიერთდეს ან პროდუქტით ან სხვა რაიმე საჭირო ნივთებით.

კიდევ არის აქცია სახელწოდებით “ზამთრის მარაგი”, ზამთრის სამოსს აგროვებენ და შემდეგ ურიგებენ მათ, ვისაც არ აქვს თბილი ტანსაცმელი და თბილი აქსესუარები. ჩვენთან გროვდება სამოსი და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ამ აქციასაც შემოუერთდეს.

ვნახოთ, გვინდა მთელი პანდემიის დროს გვქონდეს ეს აქცია, როგორც შევძლებთ. ისევ ხალხი – ხალხისთვის…

 

 

ასევე იხილეთ