“ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“

ენერგიული, საყვარელი და მუდამ ხალისიანი ბაბი კირკიტაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას ყოველთვის ახერხებს.

 

ბაბი პოპულარული „შალვა რამიშვილის შოუდან“ გახდა, შემდეგ იყო „ილო ბეროშვილის შოუ“ ახლა კი „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“-ში მღერის და იქედან ახალისებს საზოგადოებას.

„იღბლიანი ვარ, რადგან ერთმა ქასთინგმა გადაწყვიტა ჩემი პოპულარობა. აღმოჩნდა, რომ კარგი პროდუქტი ვიყავი. დღეს ეკრანზე ვჩანვარ და ვიცი, ბევრ ადამიანს შევაყვარე თავი.“- ამბობს ბაბი.

ბაბიმ საკუთარ ვიზუალში დიდი ცვლილება შეიტანა მან წონაში 12 კილო დაიკლო.

ჩემში – 12 კილო დავიკელი და სხვანაირად ვუყურებ რაღაც-რაღაცეებს. წონა რომ მქონდა, თან ხმაც მამაკაცური მაქვს – ბოხი, მამალი ქალი ვიყავი. ახლა გავნაზდი და ქალური გავხდი. თუმცა, ნაზი და ფისო გოგო არც ახლა ვარ, იმ მამალი ქალის თვისებები გადმომყვა (იცინის). რომ გავხდი, ისეთი ნაზი ადამიანის შეხედულება მაქვს, სანამ ხმას ამოვიღებ, ნამდვილი ფისო გეგონებით. მაგრამ, სულ ვხუმრობ, რაც არ უნდა შევიცვალო, ნაზი და ფისო გოგო ვერ გავხდები, ჩვეულებრივი მამალი გოგოშკა ვარ-მეთქი“- ამბობს ბაბი.

მომღერალს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს, თუმცა მეგობრებთან ერთად დროის გატარებას მაინც ახერხებს და როგორც თავად ამბობს, სამსახურში საქმესთან ერთად ერთობა კიდეც.

„მეგობრებთან ყოფნა ჩემთვის გართობაც, კარგად ყოფნაც და დასვენებაც. თუმცა, ხშირად ვერ ვახერხებ. სამსახურში კი ისეთი გარემოა, ვერთობი კიდევაც და საქმესაც ვაკეთებ. ფაქტობრივად, ერთი ოჯახი ვართ“– ამბობს ბაბი.

როგორც მომღერალი ამბობს ჯერ საყვარელი ადამიანი არ უპოვნია, თუმცა ფიქრობს, რომ პირადი ცხოვრებისთვის ადამიანი დროს ყოველთვის გამონახავს.

შეყვარებული არ ვარ და ჩემი თანამშრომლები მეხუმრებიან, ბიჭს როგორ შეაყვარებ თავს, შენ ხარ ჩვეულებრივი კაციო. ყველასთან ძმაკაცური მიჭირავს და არ ვიპრანჭები. ძმაკაცური გოგო ვარ, ფლირტის მომენტები და ქალური სინაზეები არ მახასიათებს. ალბათ, მოვა დრო და ეგეც იქნება. თუმცა, გეტყვით რომ, რაც უნდა დაკავებული იყო ადამიანი, პირადი ცხოვრებისთვის დროს ყოველთვის გამონახავ. ადამიანის სიყოჩაღეზეა დამოკიდებული, რამდენად ააწყობს კარიერასაც და პირადსაც“- ამბობს ბაბი კირკიტაძე.

„ათი წლის ასაკში ვიყავი შეყვარებული და ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი შეყვარებული. თან, მთელმა სკოლამ იცოდა. საკმაოდ მორიდებული ვიყავი შეყვარებულთან მიმართებაში. როცა გავწითლდებოდი საშინლად, ყველამ იცოდა, რომ იქ სადღაც ისიც იყო ან გაიარა. ჩამოყალიბებული კრიტერიუმები არ მაქვს, გონიერი, ნიჭიერი ადამიანი უნდა იყოს, დახვეწილი“– ამბობს ბაბი კირკიტაძე.

თუმცა ბაბი 2018 წელს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საყვარელი ადამიანი იპოვა და ამბობს, რომ ეს სიყვარული მისთვის გამორჩეულია.

„არც ჭორების მეშინია, არც ცრურწმენების, უბრალოდ, ჯერ ფიქრის პროცესში ვარ და როცა მივხვდები, ეს სიყვარული ჩემთვის გამორჩეულია, მერე გავასაჯაროებ. დიახ, შეყვარებული ვარ, შესაძლოა, თეთრი საქორწილო კაბითაც მიხილოთ, მაგრამ ჯერ მოსაწვევები ნამდვილად არ დამიწერია“– ამბობს ბაბი.

– შალვა რამიშვილი, საკმაოდ სკანდალურად წავიდა ტელევიზიიდან. ეს სკანდალი შენც შეგეხო?

– რასაკვირველია, ეს ფაქტი ამ შოუში ყველას შეგვეხო. რამდენიმემ დატოვა კიდეც შოუ. სკანდალის ნაწილი მე არ ვყოფილვარ და ვფიქრობ, ეს იყო გაუგებრობა მხოლოდ ორ ადამიანს შორის და მგონი, მოგვარდა. სულ ვხუმრობ, რაც შალვა წავიდა, ვაკაჭის ცოლი და ილოს საყვარელი ვეღარ ვარ-მეთქი. იმ შოუში კარგად მქონდა მორგებული ცოლისა და საყვარლის როლი. ახლა კი მხოლოდ მომღერალი და წამყვანი ვარ. დაიხურა „შალვა რამიშვილის შოუ“ და ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა. იცით, რა მიხარია? ჩემს თავზე ჭორები არ გამიგია – არც პოლიტიკოსის საყვარლობას მაბრალებენ და არც ბიზნესმენისას, ეტყობა, ჩემს ნერვებს უფრთხილდებიან. ისე, იმდენად ვაჟკაცური ტიპი ვარ, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ვერავის საყვარლობას ვერ მაბრალებენ.

ბაბის შემოსავლის ძირიტადი წყარო ტელევიზია და ბენდია, თუმცა ამბობს, რომ ფინანსაური კრიზის წინაშე არაერთხელ დამგდარა.

„ტელევიზია სტაბილური სამსახურია, დამატებითი წყარო კი – კორპორაციული საღამოები, სადაც ბენდთან ერთად ვმღერი. კარგად გამომუშავებასთან ერთად, კარგად დახარჯვა, გაფლანგვაც მიყვარს. დედაჩემი სულ მეუბნება, – ფულის ყადრი არ იცი, ხარჯვასაც ცოდნა უნდაო. ფულს საკმაოდ უდიერად ვეპყრობი. შესაბამისად, ხანდახან აღებული ხელფასი იმ დღესვე დამიხარჯავს. საბედნიეროდ, მხოლოდ ხელფასზე დამოკიდებული არასოდეს ვყოფილვარ. ალბათ, ხელფასის ერთ დღეში დახარჯვის უფლებას ამიტომაც ვაძლევდი თავს, მაგრამ კორონავირუსის გამო შექმნილ კრიზისში, ცოტათი ბიუჯეტის გაფრთხილება ვისწავლე, რადგან ბუნებრივია, კონცერტები აღარ გვაქვს – აკრძალულია. შესაბამისად, ხელფასის იმედად ყოფნა მიწევს. ვცდილობ, ფულის ხარჯვისას ჭკვიანი ვიყო, როგორც დედა მასწავლის, მაგრამ არ ვიცი, როგორ გამომდის.“- ამბობს მომღერალი.

ასევე იხილეთ