“ახალნაყიდი მანქანა მყავს, მოიხმარე, რამდენ ხანსაც გინდოდესო“

ექიმი-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მას შემდეგ რაც საკუთარი ავტომობილის დაზიანების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, მას გადაადგილებაში დახმარება ბევრმა ადამიანმა შესთავაზა.

ამასთან, ექიმი წერს, რომ დღეს პატრულის თანამშრომელი დაუკავშირდა და უთხრა, თუ სურვილი ჰქონდა, საკუთარ ავტომობილს ათხოვებდა.

„რაც წინა ჯერზე დავწერე, რომ უმანქანოდ ვარ-მეთქი, ალბათ 30-მდე ადამიანი გამომეხმაურა, ზოგმა მე თვითონ მიგიყვან – მოგიყვან უფასოდ, ზოგმა ჩემს მოპედს გათხოვებ, ზოგმაც- ჩემით ტაქსს გიქირავებო. რამდენიმე წუთის წინ, გამიკვირდა, მაგრამ პატრულის თანამშრომელიც დამიკავშირდა, ახალნაყიდი მანქანა მყავს, მაგრამ მოიხმარე, რამდენხანსაც გინდოდესო.

არ ვიცი… რა თქმა უნდა, ვერ ვისარგებლებდი ჩემი ცნობადობით ან იმ ფაქტით, რომ ექიმი ვარ და უარი ვუთხარი ყველას, მაგრამ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

სიკეთე სიკეთეს იწვევს … ჰოდა, როგორც კი ჩემი მანქანა დამიბრუნდება ჯანმრთელად და ბედნიერად, ახალ კამპანიას წამოვიწყებ, ეს იქნება ექიმი სახლში. კვირაში ერთხელ გესტუმრებით, თქვენ დაავადებებს გავეცნობი, სწორ მიმართულებას მოგცემთ და გვერდში დაგიდგებით. ეს სანამ კლინიკა გაიხსნება და მერე, დანარჩენიც“, – წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.