საქართველოში რთული პერიოდი იყო, დედაჩემს ფული არ ჰქონდა – თამთა გოდუაძე ოჯახურ სირთულეებზე

თეთრეულის ყველასთვის ცნობილმა ბრენდმა, Triumph-მა საპატიო სტუმრად თამთა გოდუაძე მიიწვია, რადგან ჩათვალეს, რომ მისი ინტერვიუ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იქნებოდა, მომღერლის მიერ გავლილი საინტერესო ცხოვრებიდან გამომდინარე – ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში ემიგრანტთა საინფორმაციო პლატფორმა ავრცელებს.

“თამთამ ისაუბრა საქართველოზე, თავის ბავშვობაზე, ოცნებებზე, რომლებიც აუხდა ისე, რომ ამას ვერც კი წარმოიდგენდა და ხაზი გაუსვა, თუ როგორი მზურნველი დედა ჰყავს.

მომღერალმა აღნიშნა, რომ აქამდე თითქოს სამი ცხოვრებით იცხოვრა, პირველი იყო ბავშვობის პერიოდი, შემდეგ, როდესაც ოჯახი შექმნა და შვილი ეყოლა, საკმაოდ პატარა ასაკში და შემდეგ მესამე, როდესაც საბერძნეთში ჩამოვიდა.

მან თქვა, რომ თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდ ცვლილებად დაასახელებდა იმ მომენტს, როდესაც გავიდა მუსიკალური კონკურსის კასტინგზე, საიდანაც მისი თავბრუდამხვევი კარიერა დაიწყო.

საუბრისას თამთამ ისიც აღნიშნა, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება ტანსაცმლის, აქსესუარების და ზოგადად, სტილისადმი, დედის დამსახურებაა, რომელსაც მუდმივად უნდოდა თამთას გამორჩეულად სცმოდა და როდესაც, რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, თანხა არ ჰქონდა, რომ მისთვის კაბები ეყიდა, თავად უკერავდა.

რაც შეეხება ცვლილებებს, თამთა საკმაოდ სტაბილური ადამიანია, მას არ ჰქონია ბევრი ურთიერთობები ცხოვრებაში, არ იცვლის სტუდიებს, რომლებთანაც თანამშრომლობს, არ იცვლის მეგობრებს და ა.შ. სფერო, სადაც ცვლილებებში თამამია, არის მხოლოდ გარეგნობა და როგორც ამბობს, მოსწონს რომ შეუძლია ყოველდღე სხვა ადამიანი იყოს.” – წერს გამოცემა.