“მიხეილ სააკაშვილი ბუნაგიდან გამომძვრალი გიორგი არველაძის პირით რევოლუციისკენ მოუწოდებს მომხრეებს”

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

„გასული კვირა მოვლენებით საკმაოდ დახუნძლული გამოდგა.

„მე თვითონვე ვეღარ ვცნობ ჩვენს ტელევიზიას” განაცხადა ტვ1-ს მფლობელმა ვატო წერეთელმა და ამაში ნამდვილად შეიძლება დაეთანხმო, მას შემდეგ რაც „გვარამვიზიიდან“ (იკითხე „ნაცმოძრაობიდან“) ნოდარ მელაძის და მისი „ურნალისტების“ სახით შევსება მიიღო. მოკლედ, „ნაცმოძრაობა“ კიდევ ერთი ტელევიზიით „გამდიდრდა“ და გასული კვირაც საზოგადოებისთვის ამის დემონსტრირებას მოანდომა.

პოლიტიკურ ველზე კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი მოძრაობები დაიწყო. ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პარტიების დაბადების ბუმია და ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზია ის 1%- ბარიერი, რომლის პირობებშიც ახალ პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შანსი გაუჩნდათ. თუმცა ესაა მხოლოდ შანსი, რომელსაც გამოყენება უნდა. უკვე დავწმუნდით, რომ ქართულ პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, მაგრამ არსებობენ ინტერესები, რომლებიც ხშირად ღირებულებებზე და სინდისზე მეტია. ამიტომ ელოდეთ მოულოდნელს! პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ბოლო განცხადებებმა გააჩინა ვარაუდი, რომ „ლელო“ ცდილობს „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტებისგან დისტანცირებას, რადგანაც სხვაგვარად გაუჭირდება ამომრჩეველი დააჯეროს, რომ „ალტერნატიულ მესამე ძალას“ წარმოადგენს. ამას გარდა „ლელოს“ ლიდერი როგორც ჩანს მიხვდა, რომ საარჩევნოდ ეკლესიის და ტრადიციული კულტურის მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ულტრალიბერალების თვალში ქულების დაწერა.

გასულ კვირას „ლეიბორისტების საფიხვნოში“ შეკრებილ ოპოზიციურ ბანაკში ატეხილი აურზაური და მოუკლავი დათვის ტყავის გადანაწილება იმდენად ტრაგიკომიკური იყო, რომ ბევრმა მოქალაქემ, რომელსაც შეიძლება არ მოსწონდეს ხელისუფლება, ალბათ საკუთარ თავს ჰკითხა: „აი ამათ როგორ უნდა მივცე ხმა?“ თუმცა, ოპოზიციის ეს კლასტერი უკვე თავს არჩევნებში გამარჯვებულად აცხადებს, ხოლო მათი ფაქტობრივი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ბუნაგიდან გამომძვრალი გიორგი არველაძის პირით რევოლუციისკენ მოუწოდებს მომხრეებს. წინასამზადისი უკვე დაწყებულია: არასასურველი პოლიტიკოსების, ექიმების, ექსპერტების, ელჩების და სხვების წინააღმდეგ ბულინგ-ტროლინგის მასობრივი კამპანია, პროვოკაციები ე.წ. „აქტივისტების“ მონაწილეობით და მოსახლეობის ტვინების გამორეცხვა მომსახურე ტელევიზიებით და ორგანიზაციებით.

ხომ გახსოვთ, „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო.“ აქ ოქროს შუალედის დაცვა ნამდვილი ხელოვნებაა და ყველა მას ვერ ფლობს. დღეს როდესაც „ნაცმოძრაობის“ მმართველობისგან განსხვავებით, საჯარო ინფორმაციის მიღება შეუდარებლად ადვილია, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მისი წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებები შეიძლება ფართო საზოგადოების ყურამდეც მივიდეს, მითუმეტეს როდესაც ამდენი ჩასაფრებული მტერი ჰყავს. შესაბამისად, როდესაც შენგან განმარტებას ელოდებიან, ეს განმარტება დაუყონებლივ უნდა გაკეთდეს, რომ უკმაყოფილების ტალღას აგორების საშუალება არ მიეცეს.

და ბოლოს, როგორც ჩინური ანდაზა ამბობს, „ის ვინც ნაკლოვანებებზე მიგანიშნებს, ყოველთვის არაა შენი მტერი, ხოლო ის ვინც მუდმივად შენს ღირსებებზე გესაუბრება, ყოველთვის არაა შენი მეგობარი.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.