„საქართველოში უცხოსავით ვარ, გზებიც კი აღარ ვიცი, მეგობრებიც საბერძნეთში მყავს”

ნონა თანიაშვილმა საქართველო 21 წლის წინ დატოვა და სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა. საქართველოში სამუდამოდ დაბრუნების გადაწყვეტილება წელს, სექტემბერში მიიღო, მაგრამ ახლა ბარგს ალაგებს, რომ უკან დაბრუნდეს.

-ეს არის შოკი, რომ ჩადიხარ და უნდა იყო ვიღაცის მოახლე. აქედან  წარმოგიდგენია, ხო, მერე რა, დავალაგებ სახლს, მაგრამ იქ სულ სხვაა. იქ სხვანაირად გთხოვენ. ვერ ვშოულობდი სამსახურს – უენო არავის სჭირდებოდა…

ჩემი შვილი, შვილიშვილი და დისშვილები ბათუმში ცხოვრობენ. მეც ბათუმში ჩამოვედი.ათენში სასტუმროსა და კაფეში ვმუშაობდი. ვიფიქრე,ამ გამოცდილებას, რაც აქ დავაგროვე,იქ გამოვიყენებდი. მეგონა, სამსახურს ვიპოვიდი, მაგრამ ვერაფერი ვნახე და ახლა ისევ საბერძნეთში უნდა დავბრუნდე.

მთავარი სირთულე ისაა, რომ შენს ქვეყანაში ხარ უცხო. აღარ იცი გზებიც კი. აღარ გყავს ნაცნობები, არ იცი, რა გააკეთო. სად წახვიდე. ხარ უცხოსავით – ყველაფერი ახალია, ყველაფერი უცხოა.

ათენში რომ ჩავალ, ყველა კუთხე-კუნჭული ჩემთვის ნაცნობია. იქ მყავს ნაცნობები, მეგობრები. აქ მომინდა სიტყვაზე ყავაზე გავიდე, კი მყავს დისშვილები, მყავს ჩემი შვილი, მაგრამ ქალები ვართ, დაქალი გვინდა, ჩვენი სამეგობრო წრე გვინდა. არავინ არ გყავს.

ყველაზე დიდი სიმწარე ეგაა, რომ გაუცხოებული ხარ შენს ქვეყანაში. ვთქვათ, წასვლა გინდა. სად უნდა წავიდე? ეგეც აღარ ვიცი. რა არის სანახავი. იქ მთელი კუნძულები მაქვს მოვლილი, უმეტეს კუნძულებზე ნამყოფი ვარ, საქართველოში იმდენი რამ მაქვს სანახავი, არც მინახია და ალბათ ვერც ვნახავ.