“ხორცი არ გვქონდა, ჩემს ადგილზე ყველა გასუქდებოდა”

მუსიკალური შოუ ,,ნიჭიერის” 2016 წლის გამარჯვებულ ბარბარა სამხარაძეს სურდა, ინგლისურ ,,ნიჭიერშიც” მიეღო მონაწილეობა, მონაცემები გაგზავნა, თითქოს იყო კიდეც იმედი პროექტიდან, მაგრამ მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. კოვიდპანდემიის გამო ვეღარსად მღერის და ახლა ამ ნიჭს სხვების დასახმარებლად იყენებს – პატარებს ასწავლის. გარდა ამისა, ახალი ამოცანაც დაისახა – საკმაოდ ჭარბწონიანმა გოგონამ, რომელიც ამბობდა, რომ ზედმეტი კოლოგრამები არ ადარდებდა და სხვებსაც მოუწოდებდა, სიმსუქნის გამო არ ენერვიულათ, გადაწყვიტა, წონა დაიკლოს. ამის შესახებ ,,სარკეს” ესაუბრა:

-ჩემი ენდოკრინოლოგი მყავს, მისი მეთვალყურეობით დავიკელი ყოველგვარი ნერვიულობისა და გაღიზიანების გარეშე. ეს არ არის დიეტა, ეს სწორი კვებაა.  ვისწავლე კალორიების დაბალანსება. დღეს თუ ხინკალს შევჭამ, ხვალ რამე ისეთი უნდა ვჭამო, რაც ამ ხინკალს გაანეიტრალებს და ასე ძალიან ადვილია. დაახლოებით 4 თვეში 15 კილო დავიკელი. დიეტოლოგმა თავიდანვე გამაფრთხილა, ეს არ არის დიეტა, ეს არის ფრანგული კვების სტილიო. თეფშზე ვილაგებთ, რაც გვინდა და მხოლოდ იმას ვჭამთ.

– წონის მატება რა ასაკიდან დაგეწყოთ?

– 3-4 წლის ასაკში ალერგია დამემართა, რასაც გაციება დაერთო და ფილტვები დამიზიანდა. დედას რაღაც ჩანაწერები აქვს და იქ წერს ამაზე, ცხენის დოზა ,,დექსამეტაზონი” გაუკეთეს ბავშვსო.

– გემრიელად ჭამაც გიყვართ ალბათ.

– ვის არ უყვარს ჭამა?! მე ისე ნამდვილად არ ვჭამ, რამხელა ვიზუალიც მაქვს. სიმსუქნე ძირითადად გამოწვეულია იმ მინერალების არმიღებით, რაც ორგანიზმს სჭირდება. პატარა რომ ვიყავი, მუდმივად არ გვქონდა რაციონში, მაგალითად, ხორცი. ჩვენი რაციონი ძირითადად გამომცხვარი რაღაცებისგან შედგებოდა და ცომეულმა გამასუქა. ვისაც უნდა ეცხოვრა ჩემი ცხოვრებით, ყველა მსუქანი იქნებოდა. 3 დღითაც რომ ჩამოდიოდა ვინმე, იმ ტანსაცმელს ვეღარ იცვამდა, რითაც ჩამოსული იყო, ყველა იმატებდა ჩვენთან. ყველა ჩემიანიც ჭარბწონიანია.

– წონის გამო ალბათ ბულინგის მსხვერპლიც იყავით.

არ მაინტერესებდა, ვინ რას იტყოდა.  დედაჩემმა მითხრა ერთხელ, ვინმე ხომ არ გაბრალებს ისეთ რამეს, რაც სინამდვილე არაა, მაშინ გქონდეს პრობლემა, როცა იმას დაგაბრალებენ, რაც არ ხარო. ვიყავი მსუქანი და ელაპარაკათ.