“უადგილოა თქვენი კომენტარები: “რა დროს ვაშლი და მსხალია… გულზე ხელს ხომ ვერ დავიკრეფთ და გავჩერდებით?”

„გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში არსებულ მდგომარეობას საშინლად განიციდის, ფიქრობს, რომ ასეთ დროსაც კი ყველამ საკუთარი საქმე უნდა აკეთოს.

ამ განცხადებით ზურა შევარდნაძე სავარაუდოდ, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.

“დღეს თვითმფრინავის ხმა მესმოდა და მელანდებოდა რომ მოვიდნენ…

რა არ ვცადე, რას არ ვეცი ფიქრს ვერ გავექეცი, საქმეზე უკეთესი თავშესაფარი ვერ ვიპოვნე, ისევ ბაღის მაკრატელი ავიღე და როზმარინის ბიჩქები გადავჭერი. 2008- შიც ასე იყო, ლავანდას ვაკალმებდი, სულ არ მეგონა ნერგამდე მიყვანას თუ მოვესწრებოდი, მაინც ვჭრიდი და ვარჭობდი.

ძნელია, ძალიან ძნელია ამ დროს საქმეს გული დაუდო მაგრამ სხვა რა გზაა? გადაირიე, წაიკითხე, უყურე კიდევ უფრო გადაირიე, მხარდაჭერა გამოხატე, პროტესტის, უსამართლობის საშინელი განცდით იღვიძებ და იძინებ მაგრამ ვერაფერს ცვლი, ლოგინში რომ გძინავს ესეც კი გეუხერხულება, უზიარებ ახლობლებს, მეგობრებს ზღვა ემოციას და კიდევ უფრო მძიმდები, ვერაფერს ცვლი.

მაინც მგონია ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ მანამ სანამ მისი კეთება შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია ისე. ვფიქრობ ვიმუშაო, კიდეც დავთესო, დავრგო, დავამყნა, დავაკალმო მანამ სანამ შესაძლებელია. ვიზრუნო სტუმრებზე თუ მოვლენ, ვიზრუნო ჩემს ორმოც თანამშრომელზე და ვეცადო მათი ხელფასები შევაგროვო, მათ უკან ოჯახები დგანან და ჯამაგირი ძალიან სჭირდებათ. ვიზრუნო ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე რომელთაც ასევე ძალიან ვჭირდები.

ვფიქრობ და სხვა გზას, გამოსავალს ვერ ვხედავ, გულზე ხელს ხომ ვერ დავიკრეფთ და გავჩერდებით?

ამიტომ ჩემო ძვირფასებო, უადგილოა თქვენი კომენტარები: “რა დროს ვაშლი და მსხალია, რადროს პამიდორი და კიტრის ჩითილია, რადროს თესვა და ხვნაა ომია” განა თვითონ ვერ ვხედავ რომ ომია, ვინმეზე ნაკლებათ ვარ შეძრული და შეძრწუნებული? არა მგონია.

მე სხვა გზას და გამოსავალს ვერ ვხედავ, სანამ ამის საშუალება მომეცემა მივხედავ ბაღს, საქმეს და თუ გამაჩერებენ კი დავინახავთ ერთად და გავჩერდები, მანამდე დარდთან და ამ გაუსაძლის უბედურებასთან ერთად ვიშრომებ.

ღმერთო გაძლება და მშვიდობა მოგვეცი!!”, – წერს ზურა შევარდნაძე.