წულუკიანი მეტრეველს: ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან?

“აჰ, თქვენ ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან? და, როგორ თუ გაბედე ჩვენ მიერ ჩამოსხმული ყალიბიდან “ბაშკის” ამოყოფაო, ჩაგცხეს თავში?! ნწ, ნწ” – დაუწერა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პალიტრანიუსის ჟურნალისტს, მერაბ მეტრეველს, რომელიც სამხედრო ნეიტრალიტეტზე პოზიციის გამო მიღებულ კრიტიკას Facebook-ზე გამოეხმაურა.

“ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვეყანაში არ შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეს ადამიანს (თუნდაც მცდარი) რაღაც თემაზე ისე, რომ იარლიყი არ მოგაკერონ, ეგრევე ვიღაცის მონად და აგენტად არ გამოგაცხადონ. ხალხის მტრად არ მოგნათლონ. მერე როგორც ხალხის მტერი კედელთან არ მიგაყენონ დასახვრეტად” – დაწერა მეტრეველმა მას შემდეგ, რაც სამხედრო ნეიტრალიტეტზე ჯერ პალიტრანიუსის ეთერში დავით უსუფაშვილს ეკამათა, შემდეგ კი, თავისი პოზიცია, რომ  “ეფემერული ნატოს გამო ომი” არ უღირს, Fb-მომხმარებლებს გააცნო.

სწორედ “განსხვავებული აზრის” FB-სტატუსზე უპასუხა მეტრეველს კულტურის მინისტრმა.

“რა საოცარია, რომ გიკვირთ, ვინაიდან აზრის დაშტამპვას თავადვე ხომ ემსახურეთ ბოლო ათი წელიწადი?! აქვე დავძენ, რომ ახლა, აზრის ყალიბში დიდხანს ნამყოფს, ცოტა ვარჯიში დაგჭირდებათ, რადგან უსუფაშვილს დააჯაბნინეთ თავი ამ ბევრად უფრო უნარიანმა მოსაუბრემ. არა უშავს, თუ ისევ ყალიბში არ ჩაგაბრუნეს, ისევ ძველი მეტრეველი გახდებით! გილოცავთ” – დაწერა წულუკიანმა.

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მიიჩნევს, რომ მისთვის საკითხი ძალიან მარტივად დგას – თუ აქვს არჩევანი ნატოსა და ნეიტრალიტეტს შორის, ირჩევს ნატოს, “მაგრამ თუ ეს არჩევანი არ მაქვს ანუ ნატო ვერ და არ გიღებს, მაშინ ვირჩევ ნეიტრალიტეტს, რადგან ეფემერული ნატოს გამო ომი არ მიღირს”.