ნინო ქათამაძე ახალი ინიციატივით გამოდის

მომღერალი ნინო ქათამაძე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ აქტიურადაა ჩართული დაზარალებული ადამიანების დახმარების კამპანიაში, ახალი ინიციატივით გამოდის.

„ყველა თქვენგანმა უკვე ბევრი რამ გააკეთა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. გადაირიცხა თანხები, შეგროვდა და გაიგზავნა უამრავი მედიკამენტი, ტანსაცმელი, საკვები, პირველადი მოხმარების საგნები და სხვა. მინდა გაცნობოთ ახალი ინიციატივის შესახებ: დარწმუნებული ვარ, ეს აზრი თქვენც გაგჩენიათ და ზოგიერთს მცირე დოზით გაგიხორციელებიათ კიდეც.

საუბარია დიდი რაოდენობით ჩურჩხელის შეგროვებასა და უკრაინაში გაგზავნაზე. თითოეულმა ჩვანთაგანმა რომ მოახდინოს თუნდაც 1 ჩურჩხელის დონაცია, ათასობით ჩურჩხელა შეგროვდება.

ალბათ არავისთვის არ არის ასახსნელი, თუ რატომ მაინცდამაინც ჩურჩხელა, მაგრამ მაინც ვთქვათ.

– არის უნიკალური ქართული პროდუქტი;

-არის გემრიელი და კალორიული;

– არ საჭიროებს მომზადებას/გაცხელებას;

– არის ადვილად ტრანსპორტაბელური;

– არ არის მალფუჭადი;

– სიამოვნებით მიირთმევს ბავშვიც და ზრდასრულიც.

– არის ადგილიბრივი მეწარმეების/გლეხების საქმიანობის ხელშეწყობა

ჯგუფს, რომელიც გეგმავს აღნიშნულ ინიციატივას, უკვე განხორციელებული აქვს ჰუმანიტარული ტვირთის უკრაინაში მიწოდების პროექტი (1,2 ტ მედიკამენტები და 3 მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაეცა ერთ-ერთ ტერიტორიული თავდაცვის ადმინისტრაციას) და გააჩნია როგორც საორგანიზაციო, ასევე ლოგისტიკური გამოცდილება. ველით თქვენს გამოხმაურებას და ჩართულობას.

დონაცია შესაძლებელია 28 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით 12:00-დან 22:00-მდე შემდეგ ლოკაციებზე: ათონელის 29, Radio Cafe, რადიო კაფე. ჭავჭავაძის 40, Burgerclasico • ბურგერკლასიკო​“, – წერს ქათამაძე სოციალურ ქსელში.