“დაგპირდი, მაგრამ ვერ გიშველე… ჩიტი ვარო, ასე თქვა…”

,,მაპატიე, რომ ყველაფერი მოგატყუე… მაპატიე, რომ ვერ გიშველე” – შოთიკოს დედის სტატუსით ასე მძიმედ დაიწყო დილა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც პატარა, მაგრამ გულად ბიჭს ქომაგობდა და სწამდა, რომ მძიმე ავადმყოფობას  მოერეოდა.

,,დაგპირდი, მაგრამ ვერ გიშველე, შოთიკო. ჩიტი ვარო, ასე თქვა… სუულ მაღლა, მაღლა იფრინე, უფრო სამართლიან და ნათელ სამყაროში, სადაც ბავშვებს არ სტკივათ”, – დაწერა ანნა სააკაძემ, რომლისგანაც ბევრი გაიცნო შოთიკო. ის ხშირად წერდა ციცქნა მებრძოლზე, რომელსაც ჯარისკაცობა სურდა…

სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში, ამ პატარა ქვეყანაში ბევრი ბავშვია ონკოპაციენტი. მათი მშობლები კი, გარდა იმისა, რომ ამ უდიდეს ტკივილთან უწევთ გამკლავება, ყოველდღე იბრძვიან იმისთვის, თავიანთ შვილებს ჰქონდეთ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება, წამლები და კიდევ ბევრი რამ, რაც ასეთ დროს აუცილებელია.
,,არ ვიცი, რითი დავიწყო. საშინლად დაიწყო ეს დღე. რა დავაშავეთ ასეთმა პატარა ქვეყანამ, რომ ამდენი ონკოლოგიური ბავშვი გვყავს და ბევრი ბრძოლის და ტანჯვის მერე გვტოვებენ. 9 ივნისიდან ონკოლოგიურთან მაქვს შეხება, ჩემდა სამწუხაროდ და უკვე მერამდენე ბავშვია შოთი. ჩემი შავტუხა, შავთვალება ბიჭი, ონკოლოგიურში ანდრიას საუკეთესო მეგობარი. არ ვიცი, როგორ ავუხსნი  ანდრის, რომ შოთი ზეცაში გაფრინდა. ყოველ ანალიზზე მისვლისას – შოთი ვნახოთ, შოთი ვნახოთო, ეკერა, მოვუფრთხილდეთ, ხალხო, ერთმანეთს. წამიერია ეს ცხოვრება, დღეს ვართ და ხვალ შეიძლება აღარ ვიყოთ”, – წერს შოთის პატარა მეგობრის დედა.