“ყოველ წამს მარწმუნებს, რომ სასწაულად კარგი ადამიანი ვარ – ეს შეგრძნება ძალიან მჭირდებოდა”

ნანუკა გულუა და კახაბერ კაშია აგვისტოში პირველ შვილს ელოდებიან. როგორია მათი განცდები და როგორ ემზადებიან ყველაზე მნიშვნელოვანი ამპლუისთვის, ამას მათგან შეიტყობთ.

კახა კაშიაკახეთში ვიყავით მეგობრებთან ერთად, როცა გავიგეთ, რომ შვილს ველოდით. ამის გააზრება ძალიან დიდი ბედნიერებაა. არც კი ვიცი, ეს ემოცია სიტყვებით როგორ გადმოვცე. ძალიან სასიამოვნოა, თუმცა მგონია, რომ ბოლომდე კიდევ არ მაქვს გააზრებული. ბავშვის გულისცემას რომ მოვუსმინე, ეს უფრო დამეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ მალე მამა გავხდებოდი.

უკვე იცი, როგორი მამა იქნები?

– ვიცი, რომ ძალიან მზრუნველი მამა ვიქნები. გარშემო ვინც მყავს, ჩემს მეგობრებს ვგულისხმობ, ძალიან აქტიური მამები არიან, ყველაფერში იღებენ მონაწილეობას და ეს ძალიან მომწონს. ჩემი ძმისშვილი მე გავზარდე გერმანიაში. შეიძლება, გაზრდა ცოტა გაზვიადებული ნათქვამია, მაგრამ რამდენიმე დღითაც დაუტოვებიათ, ბავშვს ჩემს მკერდზე ეძინა და ყველაფერს მე ვუკეთებდი. შეიძლება ითქვას, რომ გამოცდილება მაქვს (იცინის).

სახელი თუ შეურჩიეთ?

– თუ ბიჭი იქნება, ვფიქრობდით, რომ ჩემი ძმის სახელი – ირაკლი დაგვერქმია. ნანუკას ვუთხარი, თუ გოგო იქნება, მოდი, შენი დის სახელი – ნინო დავარქვათ-მეთქი. შე თაღლითო, ნინო დედაშენს არ ჰქვიაო? (იცინის) სინამდვილეში, მე არ ჩავერევი ამაში, რაც უნდა, ის დაარქვას. უბრალოდ, მინდა, ქართული სახელი მოიფიქროს.

როგორი ფეხმძიმეა ნანუკა?

– ყველაფერი უპრობლემოდ მიდის, მაგრამ ძალიან გულჩვილი გახდა, ყველაფერზე ეტირება (იცინის). მეც ვდგავარ და ვამშვიდებ. მართლა ყველაფერზე ეტირება. თან, სამწუხაროდ, ახლა ძალიან ცუდი ამბები ხდება მსოფლიოში და ეს ძალიან მოქმედებს.

პრეტენზიული არ არის?

– სხვათა შორის, არა. განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს. ხანდახან რაღაცაზე იტყვის ხოლმე, მინდაო, მაგრამ მეორე წუთას თვითონაც აღარ ახსოვს. ცოტა ხანი სხვა თემაზე ვლაპარაკობთ და ავიწყდება, მეც მეზარება ხოლმე სადღაც წასვლა და იმ რაღაცის ძებნა (იცინის).

ნანუკას არაერთხელ უსაუბრია დიეტებზე და ახლა კილოგრამების მომატებას არ განიცდის?

– არავითარი პრობლემა არ აქვს წონასთან. იცის, რომ ძალიან მალე დაიკლებს.

ნანუკა გულუამე გვერდით ოთახს მალაგებინებს, თვითონ წამოწოლილი ინტერვიუებს იძლევა. ვარსკვლავივით რომ იქცევა, ეგ უკვე გითხრათ?! (იცინის).

ფეხმძიმე ცოლს არაფერში ეხმარება?

– (იცინის) ფეხმძიმე ცოლს არაფერში არ სჭირდება დახმარება, ავად კი არ ვარ. მუცელში მოსავლელი მყავს პატარა და კიდევ ამის მოსავლელად ვარ გაჩენილი (იცინის).

სოციალურ ქსელში და ეკრანზეც იგრძნობა, რომ ძალიან აქტიური ხარ.

– მართლა ასეა. სულ ვაქტიურობ, ვერაფერს ვგრძნობ. ცოტა წონაში მოვიმატე, მაგრამ ამას შეჩვეული ვარ და მგონია, რომ ისევ მსუქანი ვარ – ეგ არის და ეგ. ახლა კარგი მიზეზით ვარ გასუქებული და ეს არ მაწუხებს. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, როგორ დავიკლო ძალიან მალე. რომ გავაჩენ ამ საოცრებას, მალე ჩავდგები ფორმაში, ამიტომ არ მეშინია ზედმეტი კილოგრამების.

რა შეგრძნებაა ამ საოცრების მოლოდინი?

– მართლა ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ჯერ ბოლომდე მეც ვერ ვაცნობიერებ ყველაფერს. მეხუთე თვეში ვარ და ჯერ აქტიურად არ მოძრაობს. რამდენჯერმე ვიგრძენი, რომ ოდნავ გამოძრავდა და აქტიურად რომ დაიწყებს მოძრაობას, მერე უფრო გავიაზრებ, რომ ჩემში პატარა იზრდება.

როგორია თქვენი ურთიერთობა ახლა და ნანუკა როგორი გოგოა ცოლის ამპლუაში?

კახა: რაც დრო გადის, ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდება. ნანუკა ძალიან მზრუნველი მეუღლეა. სამზარეულოს რაც შეეხება, თუ ნანუკა იქ არის, საერთოდ არ შეიძლება იქაურობას მიეკარო. ჰოდა, მეც არ ვეკარები (იცინის). სახლში რამის გადაადგილება, ლოგინზე „ჩიხოლის“ გამოცვლა, რამის გადმოწმენდა, ამ ყველაფერს მე ვაკეთებ. ზოგჯერ – ისიც, მაგრამ უფრო ხშირად მე. ახლა გვერდზე ოთახიდან მესმის ხმა, როგორ წმენდს იატაკს (იცინის). დასუფთავება და სამზარეულო მისი საქმეა, მაგრამ როგორც ვთქვი, დასუფთავებაში ვეხმარები, სამზარეულოში – არა, ეს ბოლომდე მისი საქმეა.

მართლა კარგი მზარეულია?

– ძალიან კარგი მზარეულია. საოცრად გემრიელ კერძებს აკეთებს. კვერცხსაც ისე გემრიელად წვავს, რომ სულ ვთხოვ, შენ შემიწვი-მეთქი. კვერცხის შეწვას ხომ რა უნდა, მაგრამ ხან რას შეურევს, ხან რას და განსაკუთრებული გამოსდის.

როდის ასწრებს ამდენს?

– წარმოიდგინეთ, სამი გადაღებაც ჰქონია დღეში სხვადასხვა ადგილას, მაგრამ სახლში მოსულა და საჭმელი გაუკეთებია.

ნამდვილი მეგრელიაყველაფერს რომ ასწრებს.

– მართლა ყველაფერს ასწრებს და თან, ისეთი აურა აქვს, მასთან დაღლილობას ვერ იგრძნობ. სულ კარგ განწყობაზეა, სულ ენერგიულია და მისი ეს ხასიათი ძალიან გადამდებია. მის გვერდით შენც ასეთი ხარ. ისედაც, ხომ ამბობენ, რომ ცოლი და ქმარი ერთმანეთს ემსგავსებიანო.

რომელი უფრო დამთმობია თქვენ შორის ან რაზე ჩხუბობთ ხოლმე?

– რაზე ვჩხუბობთ, არ მახსოვს, მაგრამ ხანდახან თუ წავიკამათებთ, ნანუკა გაიბუტება და ვიცი, რომ უნდა მივიდე, მოვეფერო და ბოდიში მოვუხადო, ეს არის მისი პირველი წამალი (იცინის). მისი გაბუტვა ხუთწუთიანია. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება, ერთი ბოდიში და ყველაფერი მთავრდება. ვთვლი თუ არა თავს დამნაშავედ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ამის გაკეთება ყველაზე მარტივია. ეს ერთ-ერთი ხრიკია (იცინის).

ნანუკა რას აკეთებს შენს შემოსარიგებლად?

– იმავეს, რასაც მე (იცინის).

ეს რომლის ხრიკი გამოდის?

– მთავარია, მშვიდობა იყოს და რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ხრიკია (იცინის).

ფეხმძიმე მეუღლეს თუ ანებივრებ სიურპრიზებით?

ნანუკა: ეს ფეიერვერკი ბიჭია. უფლებას არ მაძლევს, რომ ვაქო, თორემ დავდგები და დღე და ღამე მარტო ამაზე ვისაუბრებ. სიურპრიზია დაბადებიდან. ყოველ წამს მარწმუნებს, რომ სასწაულად კარგი ადამიანი ვარ. ეს შეგრძნება ძალიან მჭირდებოდა. თუ ძალიან კარგი ადამიანი არ ხარ, ასეთი ადამიანი არ შეგხვდება, ეს გამორიცხულია. ასე რომ, თავიდან ბოლომდე სიურპრიზია ეს ადამიანი ჩემთვის. არ არსებობს სურვილი და ოცნება, რომელსაც ერთად ვერ მივაღწევთ.