“ისეთ გაჭირვებაში ვარ გაზრდილი, თითოეული თეთრის ფასი ვიცი”

მსოფლიოში აღიარებული მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი და მისი ქმარი, ოთარ მაისურაძე, რამდენიმე თვის წინ გოგონას მშობლები გახდნენ. პატარა ლილეანას დედიკოს შემოქმედებითი ცხოვრება კვლავ ძალიან დატვირთული და საინტერესო როლებითაა სავსე.

გაჭირვებაში გაზრდილმა ქართველმა გოგონამ თავისი ნიჭით გაიკვალა გზა მსოფლიოს ოპერის სცენებისკენ. ბუნებრივია, ეს იოლი არ იყო, მაგრამ მაინც შეძლო. უცხოურ მედიაში წერილი დაიბეჭდა, სათაურით – ,,ანიტა რაჭველიშვილმა ოპერის სამყარო შტურმით აიღო”.

მომღერალი ,,სარკესთან” ამბობდა, რომ ამ წარმატებას სტრესიც ახლდა, რადგან უცხოეთში ცხოვრებისას შინ დაბრუნებულს არავინ ხვდებოდა, ვისაც ამ ემოციებს გაუზიარებდა, ახლა კი შინ ორი უძვირფასესი ადამიანი ელოდება – ქმარი და შვილი.

– ანიტა, თქვენი ყოველი დღე გათვლილია.ნუთუ შესაძლებელია, ასე წინასწარ განისაზღვროს ცხოვრება?

– მართლაც ყოველთვის ვიცი, რამდენიმე წლის შემდეგ სად ვიქნები, რას გავაკეთებ. თუ გადატრიალება არ მოხდა, ჩემი გეგმები არ იცვლება. ერთი მხრივ, ეს ძალიან რთულია, რადგან სულ მოგზაურობაში ვარ, მეორე მხრივ, ადვილია, ზუსტად ვიცი, როდის ვბრუნდები სახლში, სადაც ახლობელი ადამიანები მელოდებიან…

მე და ჩემმა ოჯახმა დიდი გაჭირვების წლები გამოვიარეთ და ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემს ოჯახს, მშობლებს, დას, პატარა დისშვილებს არაფერი უნდა მოაკლდეთ. სულ წინ უნდა ვიარო და იმედიანად ვიყო. და მეორე – მეგობრებთან ურთიერთობა. მათგან ვიღებ დადებით ენერგეტიკას, სიყვარულს.

– სულ ყურადღების ცენტრში ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად ფორმაში უნდა იყოთ. გარეგნობაზე ზრუნვა ბევრ დროს და ძალისხმევას მოითხოვს თქვენგან?

– შოპინგს ძალიან ცოტა დროს ვუთმობ. ყოველთვის ვცდილობ, იქ წავიდე, სადაც ვიცი, რომ აუცილებლად ვიყიდი რამეს. ეს პროცესი თავს მატკივებს.  არანაირი ბრენდი არ მაინტერესებს, რაც მომწონს, მაშინვე ვყიდულობ. სამოსში კატასტროფულად დიდ თანხებს არასოდეს ვიხდი. არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც ,,არმანი” უნდა ვიყიდო. შეიძლება ძალიან ლამაზი 20-ლარიანი კაბა შევიძინო, რომელიც მომიხდება.

სასწაულ გაჭირვებაში ვარ გაზრდილი და ამიტომ თითოეული თეთრის ფასი კარგად ვიცი. დანარჩენ დროს ჯანმრთელობას ვუთმობ – ფიზიკურ ვარჯიშს, იოგას… მაკიაჟს ვხმარობ, თმაც სულ ფორმაში მაქვს. ეს ყველაფერი დამღლელი კი არის, მაგრამ აუცილებელია.