ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიას დამოუკიდებლობის დღე ციხესთან მიულოცეს

“მთავარი არხის” წამყვანები და ჟურნალისტები რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, არხის ხელმძღვანელისთვის დამოუკიდებლობის დღის მისალოცად შეიკრიბნენ. ამ დღეს ნიკა გვარამია ციხეში ხვდება.

“ეს არის დღე, რომელიც დიდი დღესასწაული უნდა იყოს მთელი ქვეყნისთვის და არ მინდა, რომ კიდევ ერთხელ დადგეს 26 მაისი როდესაც საქართველოში იქნება პოლიტპატიმრები – პოლიტპატიმარი პრეზიდენტი, პოლიტპატიმარი კრიტიკული მედიის ხელმძღვანელი …არ იმსახურებს ეს ქვეყანა, რომ 30 წელი ერთსა და იმავე პრობლემებზე ვლაპარაკობდეთ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ; მოდი, მიშათი დავამთავროთ და ნიკათი დავამთავროთ და წინ წავიდეთ, ქვეყანა წინ წავიყვანოთ” ამბობს ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი.

“პირადად მოვედით აქ იმისთვის, რომ მიგველოცა ადამიანისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება თავგანწირვით იბრძვის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, დიდი სიყვარული შენ ჩვენგან. აუცილებლად მოვიპოვებთ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. მე მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც არ იქნებიან პოლიტპატიმრები და არ მომიწევს რუსთავის ციხესთან მისვლა”, – თქვა დიკო ჯოჯუამ.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.