“ძალადობის რომანტიზაცია ჯერ არსად გამქრალა, ჩვენ კი ვდუმვართ, სანამ სხვისი სისხლი ჩვენად არ იქცევა”

“ვიცით, რომ ადამიანში ყოველთვის იცხოვრებს მკვლელი, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ადამიანად ყოფნის უმაღლესი ნიშანი ამ და ამგვარი ვნებების დაძლევაა” – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. კეკელიძე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება.

“გუშინ ვაპირებდი რაღაც დამეწერა იმ თაობაზე, იმ ახალგაზრდა ადამიანებზე, ავადმყოფი მეგობრების გადასარჩენად ტრასებზე რომ დგანან უზარმაზარი პოსტერებით. ვფიქრობდი, დავწერ, რომ რაღაც შეიცვალა, რომ მათი სახეები აღარ ჰგავს ჩვენსას, ვისაც ოთხმოცდაათიანები ერთმანეთის ჩაგვრას და გაწირვას გვასწავლიდა, რომ მათი ხმა ასცდა ჩვენს ძალად ჩახრინწულ და ხელოვნურად დაზეპირებულ სიტყვებს. ვაპირებდი და თითქოს ცინიკურად წამომეწია ახალგაზრდა ფეხბურთელის სიკვდილი. წამომეწია, შემძრა და შემახსენა, რომ კიდევ დიდი, დიდი გზაა გასავლელი. ვიცით, რომ ადამიანში ყოველთვის იცხოვრებს მკვლელი, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ადამიანად ყოფნის უმაღლესი ნიშანი ამ და ამგვარი ვნებების დაძლევაა. რაც უნდა პათეტიკურად ჟღერდეს ახლა ეს სიტყვები, სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა არც გამოუცდია კაცობრიობას. ჩვენ ბაძვის არსებები ვართ, ოთხმოცდაათიანები წლები ამ ბაძვამ შვა და ეს ,,საქმის გამრჩევი” ადამიანებიც ალბათ ვინმეს ბაძავდნენ. სიკვდილი გვახსენებს ამას. ეს საშინელი და დიდი ურდული ჩვენსას და წასულს შორის. ურდულია, მაგრამ ცოტა ხნით გასაღებადაც იქცევა. ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, უფრო ხმამაღლა: ძალადობის პრიმიტიული რომანტიზაციის ინერცია, რამაც თაობები შეჭამა, ჯერ არსად გამქრალა და მას ყოველდღე უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ვდუმვართ. ვდუმვართ ასე, სანამ სხვისი სისხლი ჩვენად არ იქცევა. აბა, ორი თავი ხომ არ გვაქვს? არადა – დიახ! ორი თავი უნდა გვქონდეს, ორი და ხუთიც და ათასი თვალი, რომ ერთამენთი და ეს ქვეყანა ამ ბეწვის ხიდზე გადავატაროთ. ორი თავია საჭირო. აქ და ახლა”, – წერს გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ, ახალგარზადა ფეხბურთელს პოლიცია და სამაშველო ჯგუფები 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. გუშინ, 22 ივნისს მყვინთავებმა ბიჭის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.