“ჩემი ქმარი მოულოდნელად გარდაიცვალა”

ტელეკომპანია ,,პოსტ ტვ”-ის დღის გადაცემა სამ მშვენიერ ქალს მიჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი თამთა კვარაცხელიაა. რომლის თვალისმომჭრელი გარეგნობის მიღმა არანაკლებ საინტერესო ახალგაზრდა ქალია –  მიზანსწრაფული, განათლებული, ზრდილობიანი, კარგი მეტყველებით. თამთა მარტოხელა დედაა, პატარა ბიჭუნას ზრდის, 10 წლის გეგას… დანარჩენს საქმესა და პირადზე ,,სარკის” ინტერვიუში მოგვითხრობს:

– ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა. მეც ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მსხვერპლი ვარ ოჯახური ტრადიციების ზედმეტად მკაცრად დაცვისა, როცა მშობლები იღებენ შვილების მაგივრად გადაწყვეტილებას. მათ ნებას დავყევი და  იურიდიულზე ჩავაბარე…

ზაფხული იდგა, ჩემები აგარაკზე იყვნენ, ჩავალაგე ჩემოდანი და წავედი ,,მაესტროს” რეალითი შოუ ,,სუპერამტინის” სტუდიაში. ამან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მამაჩემი შეხვდა მამუკა ღლონტს და კამათის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ თუ შოუში რაიმე მიუღებელი იქნებოდა, ჯარიმის გარეშე გამომიშვებდნენ. მამა გახდა ჩემი მხურვალე გულშემატკივარი. ორი თვის შემდეგ, ნახევარფინალიდან გამოვეთიშე შოუს. შემდეგ ვმუშაობდი ,,პირველ სტერეოში”, ინგლისურენოვან საერთაშორისო ჟურნალებში, ვიყავი მთავარი რედაქტორი…

ჩემს ცხოვრებაში მომხდარი სამწუხარო ცვლილების შემდეგ სტაბილური შემოსავლის საჭიროება დადგა, ამიტომ დავიწყე მუშაობა ბანკში. პანდემიისას შემთხვევით მოვხვდი ,,პოსტ ტვ”-ში,ეს ჩემთვის ახალ შესაძლებლობად იქცა.

 – რა სამწუხარო ცვლილება მოხდა თქვენს ცხოვრებაში?

– მე და ვანიკო სადაღაშვილმა სიყვარულით შევქმენით ოჯახი. ბედნიერი ვიყავი, მქონდა საინტერესო საქმე, მყავდა მზრუნველი მეუღლე, პატარა შვილი… 2016 წელს ვანიკო მოულოდნელად გულის შეტევით გადაიცვალა. არაფერი აწუხებდა. შემდეგ გაირკვა, რომ მის პაპას ახალგაზრდა ასაკში გულმა უმტყუნა. არ ვიცი, შეიძლება მასაც ჰქონდა გულის პრობლემა დაფარულად.

ტრაგედიის შემდეგ არ ჩავთვალე გამართლებულად, ეკრანზე გასართობ გადაცემაში დავრჩენილიყავი, ჟურნალებში ,,ყვითელი” ამბები წამეყვანა. დავიწყე მუშაობა ბანკში, სადაც 8 წელი დავყავი…

არ მიყვარს ამაზე საუბარი და ახლა პირველად ვყვები. ურთულესია ასეთი რეალობის წინაშე დადგომა. დაკარგო საყვარელი ადამიანი და გააგრძელო ცხოვრება, მაგრამ შევძელი.მყავს არჩვეულებრივი გეგა, რომელიც, რაც უფრო იზრდება, უფრო ემსგავსება მამას.