“საკუთარ სახლზე ოცნება დედის გარდაცვალების შემდეგ ავისრულე”

ბოლო რამდენიმე წელიწადში ხატია შამუგიას ცხოვრებაში დიდი რყევები და ცვლილებები მოხდა. სამწუხარო და სასიხარულო მოვლენები ერთმანეთს მიჰყვა – დედის გარდაცვალება, სიყვარულთან შეხვედრა და ქორწინება, საყვარელი სამუშაოს დაკარგვა, კარიერაში ახალი პერსპექტივების გამოჩენა…

ყველა გამოწვევას ავად თუ კარგად გაუძლო და ახლა ის ერთდროულად 5 კომპანიის პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია.

კარიერული ცვლილებების პარალელურად ხატიამ საცხოვრებელიც გამოიცვალა და ახალ ბინაში გადავიდა, რომელიც საკუთარ თარგზე ,,გამოჭრა” და სრული კომფორტი შეიქმნა. თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და ახლანდელ ეტაპზე ხატია „სარკესთან“ საუბრობს.

 ფაქტობრივად, 2021 წელი თქვენთვის დაიწყო კარიერაში დიდი დარტყმით, მაგრამ ეს თქვენს წარმატებად აქციეთ, რადგან 5 ახალი სამსახური გაქვთ.

– ამიტომაც ვამბობ, რომ ეს წელი ჩემთვის კარიერულად მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია. ამ წელს დავუბრუნდი ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ საქმეს – რადიოსაც. ამ წელს ჩემი ორმაგი დაბრუნება მოხდა – როგორც რადიოწამყვანის, ისე პარფიუმერიის ექსპერტის.კარგია, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, რადგან არ ჩავკვდი იქ, სადაც განვითარების პერსპექტივა აღარც იყო.

ბევრ ჩემს ძველ თანამშრომელთან ვაგრძელებ მეგობრობას, მაგრამ იმ კომპანიის სახელის წარმოთქმა და ამ თემაზე ლაპარაკი დახურული მაქვს.

– იმ ფაქტმა, რომლის გახსენებაც არ გინდათ, რა გასწავლათ ცხოვრებაში?

– რომ არასდროს არ უნდა ელოდო იმის საპასუხოს, რასაც გასცემ, როდესაც ბიზნესი სხვისია. მეგობარმა მითხრა, შენი მთავარი შეცდომა ის არის, რომ აკეთებდი იმაზე მეტს, ვიდრე გევალებოდაო. არ შემიძლია, საქმეში ბოლომდე არ დავიხარჯო.

– პირველი წელი გაატარეთ თქვენს ახალ სახლში. როგორი გარემო მოიწყვეთ იქ?

– მართლა ძალიან გარდამტეხი წელი გამოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან კომფორტული სახლი მაქვს. ჩემსავით პატარა სახლია, მართლა მგავს. მისაღებ ოთახში ჩემი სურათი მიკიდია.

– ანუ ცოტა ეგოისტური სახლია?

– პრინციპში, კი. ჩემზე მორგებული სახლია. ამ სახლის მოწყობაში ბევრი რამ გავითვალისწინე, ფენ შუი, ასტროლოგიური მიდგომა, ეზოთერიკა.

– ფენ შუი რა დეტალებში გაითვალისწინეთ?

– ენერგეტიკული კუთხით დავტვირთე, რომ ბროლი აუცილებელია სახლში, რომელსაც მოაქვს სინათლე და დადებითი ენერგია. შემოსასვლელში მაქვს ძალიან ლამაზი პაკო რაბანის გველის გამოსახულება. მე გველის წელში ვარ დაბადებული და ინტერიერსაც ძალიან უხდება.

– ძველ ბინაში დედასთან ერთად ცხოვრობდით წლების განმავლობაში. ალბათ ამის გამო განსაკუთრებული სენტიმენტებიც გექნებათ იმ სახლთან.

– ის სახლი, სადაც აქამდე ვცხოვრობდი, დედას მაგონებს. წინა სახლი, სადაც ბევრი წელი გავატარეთ მე და დედამ, ჩვენი არ იყო. შეგუებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან მოგვიწევდა საკუთარ სახლში გადასვლა. სამწუხაროდ, დედა ვერ მოესწრო ამას. ოცნებად ჰქონდა, რომ საკუთარი ბინა მეყიდა. ეს ოცნება მისი გარდაცვალების შემდეგ ავისრულე.