როგორ გაიარა მამუკა ღლონტმა ცეცხლმოკიდებული ტყე მოტოთი და რატომ აწერს ის ჯარიმებზე ხელს მარადონასა და კვარაცხელიას სახელით

მოგზაურობა, დიდ სიამოვნებასთან ერთად, სირთულეებთანაც ასოცირდება, თუმცა, გამოცდილება ბევრს გასწავლის. საკუთარ გამოცდილებას და თავს გადახდენილ ისტორიებს ამჯერად მამუკა ღლონტი გაგვიზიარებს.

მამუკა ღლონტი: მე და ჩემმა მეუღლემ რამდენიმე ქვეყანა მოვინახულეთ. გერმანიაში მოტო შევიძინეთ და იქიდან რამდენიმე ქვეყანაში მოტოთი გავაგრძელეთ მოგზაურობა. 5 500 კილომეტრი გავიარეთ და უკან ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. გაგვიმართლა და სულ კარგი ამინდი იყო, ერთხელაც არ უწვიმია, განსხვავებით წინა მოგზაურობისგან, როცა წვიმასა და თქეშში მოგვიწია სიარული.

– შეიძლება ცოტა სტერეოტიპული დამოკიდებულებაა, მაგრამ მოტოთი მოგზაურობა ქალებისთვის უფრო რთულია. მეუღლე როგორ აიყოლიეთ ამ ამბავში?

– მეუღლე კი არ ავიყოლიე, აქეთ დავყავარ. ეს წარმოდგენა ჩვენს ქვეყანაში არის, თორემ უცხოეთში მოტოთი იმდენი ქალი დადის, რამდენიც კაცი.

– რომელი ქვეყნები მოინახულეთ და რა მოგეწონათ?

– გერმანიის რამდენიმე ქალაქი ვნახეთ, ვიყავით იტალიაში, პირველად ვნახეთ რავენა, ათენი და კიდევ რამდენიმე პატარა ქალაქი. ყველა ძალიან მოგვეწონა.

– სახიფათო თავგადასავლები არ გადაგხდათ?

– წელს – არა, მაგრამ წინა მოგზაურობებში – კი. ერთხელ „ჯიპიესმა“ აურია და სადღაც დავიკარგეთ. სამი დღე მოვდიოდით, გადაუღებელ, თქეშ წვიმაში მოტოთი. რამდენიმე დღე ძალიან ძლიერ ქარშიც მოვყევით. როცა მოტოთი მგზავრობ, ძლიერი ქარი წვიმაზე უარესია. ამ დროს მოტო ძალიან ძნელი სამართავია. ერთხელ ისეც მოხდა, რომ ჩვენი გზა ხანძარმოდებულ ტყეში გადიოდა. ჩვენ კი ავტობანზე მივდიოდით, მაგრამ ორივე მხარეს ტყე იწვოდა და ამ კვამლში რომ შევდიოდით, არ ვიცოდით, გავაღწევდით თუ არა მეორე მხარეს.

– არის ქვეყნები, სადაც სამართალდამცველები მექრთამეობით გამოირჩევიან, სოციალურ ქსელში, თურქეთის მაგალითზე ყვებოდით სახალისო ისტორიას…

– თურქეთში ხშირად გაჩერებენ უმიზეზოდ. მაგალითად, ერთხელ გამაჩერეს მოტოთი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 120 კილომეტრია საათში. ისიც უნდა გაწურო, რომ ამ სიჩქარემდე აიყვანო და ესენი მეუბნებიან, 160-ით მოძრაობდიო. მივაწოდე გასაღები და ვუთხარი, მიდი, 120-ს გადააცილე და ეს მოტო შენი იყოს-მეთქი. მერე კიდევ ერთი კაცი მოვიდა, დიდი პაგონებით და მიმტკიცებს, აი, ამ რადარმა დააფიქსირაო. გეუბნებიან, რომ საკმაოდ დიდი ჯარიმა გელოდება, მაგრამ ნახევარს თუ მათ გადაუხდი, მაშინ ჯარიმას აღარ გამოგიწერენ. ამ დროს მე უკვე კარგად ვიცი, რომ მათი ჯარიმის ფურცელი, უბრალო ფარატინა ფურცელია, რომელსაც არანაირი ძალა არ აქვს. ან რა ჯარიმა უნდა გამოგიწერონ, ასეთი აბსურდული მიზეზით?! რა თქმა უნდა, ქრთამს არ ვაძლევ და ვუწერ ხოლმე ჯარიმაზე ხელს, გადავიხდი, ვიმსახურებ-მეთქი. ამჯერადაც მოვუწერე დიეგო მარადონას სახელით და წამოვედი. აქამდე პელეს სახელითაც მომიწერია და ამ ბოლოს, კვარაცხელიას სახელით მოვაწერე.

ერთხელ, ჩეხეთში გამაჩერეს. თურმე, ავტობანზე მოძრაობისთვის ბილეთი ყოფილა საჭირო, რომელიც მე არ მქონდა, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, თუ საჭირო იყო. გამაჩერეს ინსპექტორებმა და მითხრეს, ასე და ასეაო. ვეკითხები იქვე მდებარე მაღაზიაზე, აქ თუ იყიდება ეგ ბილეთი, რომ შევიძინო-მეთქი და კიო. ესე იგი, არაფერი დამირღვევია, შევალ და ვიყიდი-მეთქი და აპ-აპ, არაო. შევატყვე, რომ ქრთამი უნდათ. ჯარიმას არ წერენ. სამასი ევროა ჯარიმა, ნახევარი მოგვეცი და კარგად იყავიო. ბოლო ვუთხარი, კარგი, მაგრამ ფული ტრანსპორტში მაქვს, ავიღებ, თან ტუალეტში მინდა (რომელზედაც მითხრეს მაღაზიაშიოა) და რომ გამოვალ, მოგცემთ-მეთქი. მივედი, ფული ავიღე, მაღაზიაში შევედი, ვითომ ტუალეტისთვის, ვიყიდე ავტობანის ბილეთი და მათ დასანახად მივაკარი ტრანსპორტს. რომ მიხვდნენ ვეღარ დამაჯარიმებდნენ, გაგიჟდნენ და ის ფურცელი დაგლიჯეს, ჩახტნენ მანქანებში და გაიქცნენ.

ერთხელ, თურქეთში მანქანამ გამისვა. დაზღვევის ოფისში რომ მივედი, მივხვდი, რომ არ აპირებდნენ ანაზღაურებას. თურმე, ასეა, შანსი არ არის, აგინაზღაურონ, თეთრს არ გადაგიხდიან, არც უნდა ეცადო, დროს და ნერვებს ტყუილად დახარჯავ. ასეთი რამეები უნდა იცოდე, რომ მდგომარეობა არ გაირთულო.

– სხვა დროს თუ გქონიათ სამართალდამცველებთან ურთიერთობის უსიამოვნო გამოცდილება?

– ევროპაში მთავარი კანონი არის ადამიანის უფლებები. როცა იცი, რომ მართალი ხარ, სამართალდამცველებთან არ უნდა მოიქცე მონასავით და შეშინებულივით. ამ შემთხვევაში, მათგანაც შესაბამისი დამოკიდებულება მოდის. თუ დაგინახეს, რომ ზედმეტად უხრი თავს, აუცილებლად მოგაწვებიან. კი არ ვამბობ, რომ უმიზეზოდ უნდა გაუხურო, მაგრამ თუ მართალი ხარ, შენი სიმართლე უნდა გაიტანო.

– სხვა ქვეყანაში ადგილობრივ მოსახლეობას თუ გაუოცებიხართ, ზოგან ძალიან არაკეთილგანწყობილებიც ხომ არიან ტურისტების მიმართ?

– ქვეყნებში, სადაც მოგზაურების მიმართ კეთილგანწყობილები არ არიან, არ დავდივარ. საერთოდ არ მაინტერესებს ასეთი ქვეყნები. ერთხელ ვიყავი დუბაიში, სადაც არ შეიძლება, მეუღლესთან ერთად ხელგადახვეული სიარული. მეორედ აღარ წავალ ქვეყანაში, სადაც ჩემი უფლებები იზღუდება, სურვილიც კი არ გამიჩნდება. ერთხელ ვიყავი ეგვიპტეში და მეორედ არც იქ წავალ. სადაც პრობლემა მექმნება, იმ ქვეყანას დავგუგლავ და ისე დავათვალიერებ. მე ეგეთი ვარ, ზოგს პირიქით, აინტერესებს ასეთი ქვეყნები. მე მოწესრიგებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში მიყვარს მოგზაურობაც და დასვენებაც. განუვითარებელი ქვეყნები არ მაინტერესებს. ხიფათები, კორუფცია, ყოველ ნახევარ საათში რომ პოლიცია გაჩერებს და იმაზე ფიქრობ, ვისგან რა პრობლემას უნდა ელოდე, ასეთ ადგილას არაფერი მესაქმება. ეგვიპტეში რომ ჩავედი, აეროპორტში რაღაც კითხვარზე მეუბნებიან, არაბულად უნდა შეავსოთო. მერე ვიღაც მოვიდა და გვეუბნება, ორი დოლარი მომეცით და მე შეგივსებთო. ქვეყანა ეგრე რომ დაგხვდება, იქ რატომ უნდა დახარჯო ფული და იმათ რატომ უნდა გაუმართო ხელი?! ერთხელ ჩავედი და მაშინვე ვუთხარი ჩემს მეუღლეს, აქ ჩამოსვლის შესახებ მეორედ არაფერი აღარ მითხრა-მეთქი. ადამიანური კომფორტი მირჩევნია დაძაბულობას და იმაზე ფიქრს, რაზე გამიხურებენ პოლიციელები ან უბრალო მოქალაქეები.

– სადმე რამე დაგიკარგავთ ან გაუქურდიხართ?

– ძალიან გამოცდილი და მოწესრიგებული მოგზაური ვარ. წესებს მკაცრად ვიცავ და რჩევასაც მივცემ ყველას – ფული, ტელეფონი და საბანკო ბარათები, ყოველთვის სხეულზე უნდა ატაროთ, ანუ, შიდა გულის ჯიბით და არა ჩანთით. თუ მაინც ჩანთით ატარებთ, ის აუცილებლად წინ უნდა გეკიდოთ. მაგალითად, პარიზში, ჩანთას თუ 50 სანტიმეტრში დადებ და გვერდზე მიიხედავთ, მას უნდა გამოემშვიდობოთ. განვითარებულ ქალაქებშიც ასეა, ყველგან, სადაც ბევრი ტურისტია. თუმცა, მე არაფერი მსგავსი არ შემმთხვევია, ზუსტად ვიცი, როგორ დავიზღვიო თავი. თუმცა, რამდენჯერმე მომატყუეს. მაგალითად, ერთხელ მეტროში ტალონს რომ ვყიდულობდი, ერთი კდემამოსილი, სათვალიანი ქალბატონი მოვიდა, გამეცნო როგორც მეტროს თანამშრომელ და მეტროს ტალონის ყიდვაში დახმარება შემომთავაზა, რეალურად კი მომყიდა არამოქმედი ტალონები და ჩემი 50 ევრო შეიტყაპუნა. ასეთი აფერისტობებიც ხდება. ყველაფრისგან ვერ დაიზღვევ თავს, თუმცა ნელ-ნელა სწავლობ.

– სადმე წყობიდან გამოსულხართ, თავზე კონტროლი დაგიკარგავთ?

– ყველაზე ცუდია, თუ თავზე კონტროლს კარგავ. კონტროლი არ დამიკარგავს, მაგრამ… ერთ ქვეყანაში, ბენზინგასამართ სადგურზე მივედით და მოტოში 12 ევროს საწვავი ჩავასხი. მხოლოდ ქეშს იღებდნენ და ქაღალდის ათ და რკინის ორევროიანი მივაწოდე. ეს რკინის ორევროიანი ჩააცურა სახელოში და მეუბნება, მხოლოდ ათი მომეციო, ორი არაო. მე და ჩემი მეუღლე ვიყავით. ჩემი მეუღლე გაბრაზდა, რადგან მანაც ყველაფერი დაინახა. მე ვუთხარი, ამასთან ჩხუბი არ ღირს. მოვა პოლიცია და ჩვენ გაგვიხურებენ, ამას არა-მეთქი. ვეკითხები ამ ტიპს, ინგლისური თუ იცი-მეთქი. კი, კარგად ვიციო, მითხრა. დავიწყე ორევროიანის ვითომ ძებნა საფულეში, რომ მიმეცა და თუ კი რამე ნათესავი არსებობს, ყველა ვუგინე ძალიან უშვერი სიტყვებით, არც თანამშრომლები დამვიწყებია. ძალიან წყნარად, მშვიდად ვასმენინე ეს გინება დაახლოებით ხუთი წუთი და მერე მივეცი ეს ორი ევრო. აჰა, შენ დაიმსახურე ეს ფული ამდენი გინების ატანისთვის-მეთქი. იგივე მოხდა პარიზში. მოტო ვიქირავე. ვიღაცამ ღამე რაღაც ნაწილი ჩამიმტვრია, რომლის გამოსწორებაც სულ ორი დოლარი ჯდებოდა. 125 ევრო მომთხოვეს. იმ დღეს მოვფრინავდი. ეტყვი, არ გადავიხდიო და პრობლემას შეგიქმნის. აქაც იგივე გავაკეთე, რადგან დავას აზრი არ ჰქონდა. სანამ ფულს ვიხდიდი, ვინც კი თანამშრომელი იყო, ყველას ყველა ნათესავს ვაგინე უშვერი სიტყვებით და მათაც მშვენივრად შეირგეს.

– საკმაოდ მყარი ნერვები გქონიათ.

– იქ საქართველო არ არის, ვინმეს დავას დაუწყებ თუ არა, ხმას თუ აუწევ, მაშინვე გამოუძახებს პოლიციას და მართალიც რომ აღმოჩნდე, რამდენიმე დღე უნდა არკვიო მდგომარეობა. ამიტომ ჯობს, ფრთხილად იყო, მაგრამ თუ ბევრს მოგზაურობ, ასეთ რამეებს ვერ აიცილებ, ბევრგან შეგხვდება, ისევე, როგორც საქართველოში და ჯობს ემოციებს არ აჰყვე.