რა რთული გამოცდის ჩაბარება მოუწია თაკო ცქვიტინიძეს მერაბ სეფაშვილთან და რატომ უწევს მას ყოველდღიურად საკუთარი ორგანიზმის კონტროლი

მოზარდ მაყურეებელთა თეატრის მსახიობის და ასევე, ტელეწამყვანის, ულამაზესი თაკო ცქვიტინიძის ცხოვრების გზა ნამდვილად არ იყო მარტივად გასავლელი. თუმცა, დღეს, სარკეში ჩახედვისას, იქიდან ბედნიერი ადამიანი უყურებს. როგორც თავად ამბობს, ძალიან იღლება, თუმცა, გულით უყვარს ის საქმე, რასაც ემსახურება და ყოველი გათენებული და დაღამებული დღისთვის ღმერთის მადლობელია.

– თაკო, რამდენი წლის იყავი, როცა პირველად ტელევიზიაში შედგი ფეხი, დაიწყე მუშაობა და კამერის მტვერი ჩაისუნთქე?

– ტელეკომპანია „პირველ სტრეოზე“ ეძებდნენ წამყვანებს და ოცი წლისა იქ რომ მოვხვდი, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და განსაკუთრებული პერიოდი. სამსახიობოზე ვსწავლობდი, პირველ კურსზე ვიყავი, მანამდე კი ჟურნალისტიკა მქონდა დამთავრებული. „პირველ სტერეოზე“ ჩემი მეგობარი მუშაობდა და მან მითხრა ქასთინგის შესახებ. მივედი და დამხვდა მერაბ სეფაშვილი, ის ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. წამაკითხეს ტექსტი, მათქმევინეს რაღაცები, გამახედეს აქეთ-იქით და უცებ მესმის მერაბ სეფაშვილის ხმა: სმენა გაქვს? კი, მაქვს-მეთქი. ჩართეს „ქუჩის ბიჭების“ სიმღერა „მიყვარხარ“, არ არის მარტივი სამღერი, მაგრამ მაინც ავყევი (იცინის). მოკლედ, გამაჩერა და იმ დღიდან დავიწყე მუშაობა.

– ესე იგი, მერაბ სეფაშვილის მოწყობილი რთული გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მოხვდი ეკრანზე.

– ასე გამოდის, რომ 17 წლის წინ, მერაბ სეფაშვილთან ჩაბარებული რთული გამოცდის მერე გამოვჩნდი ეკრანზე და ის ჩემი სატელევიზიო ნათლიაა. მუსიკალურ-გასართობი გადაცემა უნდა წამეყვანა და სმენაც უნდა მქონოდა, რიტმის შეგრძნებაც და აცეკვებაც შემძლებოდა (იცინის). არ დამავიწყდება, როგორც კი მითხრეს, მიღებული ხარო, იმ დღიდან დავიწყე პრაქტიკებზე სიარული ტელევიზიაში და ერთ დღესაც, სულ რომ არ ველოდი და არც ფსიქოლოგიურად ვიყავი მზად, არც მორალურად და არც ვიზუალურად, მითხრეს: ჩქარა გრიმი გაიკეთე, პირდაპირ ეთერში ჯდებიო. ნიკა კაციასთან ერთად შემაგდეს ეთერში და არასოდეს დამავიწყდება ის ემოცია. ძალიან ვნერვიულობდი. მანამდე რომ ვუყურებდი, სულ ვამბობდი: როგორ შეუძლიათ წამყვანებს რეკლამის დროს ყავის დალევა, მოშვება, ჭამა-მეთქი და ახლა ზუსტად ვიცი, რომ სარეკლამო ჭრაში, ტელეფონზე საუბარიც შეიძლება, მოასწრო, ყავის დალევაც და ჭამაც (იცინის).

– კვირაში ხუთი დღე „ჯორჯიან თაიმსის“ დილის ეთერში სტუმრებს მასპინძლობ. დასვენების დღეებს როგორ ატარებ?

– შაბათ-კვირა განსაკუთრებულად დატვირთული მაქვს და ვერ ვისვენებ, რადგან თეატრში ვარ. ასე რომ, ეს სეზონი საკმაოდ დატვირთულად და ორმაგად აქტიურად დამეწყო როგორც ტელევიზიაში, ისე თეატრში. რომ ამბობენ, ვინც ერთხელ ჩაყლაპა კულისებისა და კამერის მტვერი, ისე „მოიწამლა“ თეატრითა და ტელევიზიით, მთელი ცხოვრება ვეღარ ამოისუნთქაო, ასე მომივიდა მეც (იცინის). მე ორივეს – თეატრის კულისებისა და კამერის – მტვერი დიდი დოზით მაქვს ნაყლაპი და ორივე ძალიან მიყვარს.

– თან, ხარ თუ არა განწყობაზე, ეთერში მხიარული უნდა იჯდე და ყოველთვის ფორმაში იყო.

– ნამდვილად ასეა, გეთანხმებით. ეკრანი მატებს რვა კილოს, ეს ცნობილი ფაქტია, გარდა ამისა, სპექტაკლებისთვის, სადაც ვთამაშობ, შეკერილია კოსტიუმები და ერთი-ორი კილოც თუ მოიმატე, ვეღარ ეტევი. შესაბამისად, სულ კონტროლში მყავს ჩემი თავი და ორგანიზმი. ყოველ დილით ვიწონები. მაგალითად ახლა, ზუსტად ვიცი, ორი კილოს დაკლება მინდა, რადგან ზაფხულში გავანებივრე თავი, ცივი ყავა ნაყინით და ტკბილეულით.

– გარდა წონისა, ეკრანზეც და თეატრშიც აუცილებელია მკვეთრი მაკიაჟი. რისი გაკეთებაც წლებია, ყოველდღიურად გიწევს. ამის გამო სახის კანი ხომ არ გაგიფუჭდა?

– სხვათა შორის, პირველი მაკიაჟი სკოლის ბანკეტზე გავიკეთე. ძირითადად, ტელევიზიაში დავიწყე მაკიაჟის კეთება. თუ არ მაქვს ეთერი ან სპექტაკლი, მხოლოდ ტუშს ვხმარობ, რომლის გარეშეც მაღაზიაშიც კი არ გავალ პურის საყიდლად. ტელევიზიის მეიქაფი ძალიან განსხვავდება სცენის გრიმისგან, ორი სხვადასხვა რამეა. დილით ტელევიზიაში ვიკეთებ „მსუყე“ გრიმს, ისეთს, კანი რომ არ სუნთქავს, რადგან განათებაა და ასეთი გრიმი აუცილებელია. შემდეგ მიწევს თეატრში მისვლა, სადაც შეიძლება, ორი სპექტაკლი ვითამაშო და ასე, მთელი დღის განმავლობაში, ვიშორებ და ვისვამ სახეზე გრიმს. თან, ბევრს წყალს არ ვსვამ და გაუწყლოების გამო მშრალი კანიც მაქვს. ამიტომ ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, სახეზე დამატენიანებელ საცხს ვისვამ. რომ გითხრთ, რაიმე განსაკუთრებულ კოსმეტიკურ პროცედურებს ვიტარებ-მეთქი, მოგატყუებთ. სულ ორჯერ ვარ კოსმეტოლოგთან ნამყოფი, თან, მხოლოდ სახის წმენდაზე. პრობლემური კანი არ მაქვს, უბრალოდ, დამატენიანებელი საცხიც მშველის და დროდადრო თაფლისა და ბოსტნეულის ნიღბებს ვიკეთებ. არ დამავიწყდება, დედაჩემს პატარა სოლარიუმის ნათურა ჰქონდა სახლში და გამაფრთხილა, თუ გამოიყენებ, 3-4 წუთი იხმარე მეტი არაო. ვიფიქრე, რას მეყოფა 3-4 წუთი-მეთქი და ბოლოს, სახიდან ფენა-ფენა კანი ხომ ავიძვრე და თვალებსაც ვერ ვახელდი. ეთერში როგორ დავჯექი დაფუფქული, ვერ გეტყვით. სხვა გზა არ მქონდა.

– თმაზე თუ ჩაგიტარებია ექსპერიმენტი და გადაგიფუფქია არასწორი ღებვისას?

– როგორ არა. გაუბედურებული მაქვს თმა ამდენი ექსპერიმენტებით. ჩემი ბუნებრივი ფერი ღია ყავისფერია და 25-26 წლის ასაკში შევიღებე ქერად, დავიფუფქე. ამას მოჰყვა, მელირება, მერე, მორიჟაო თუ ცოტა კიდე ქერა თუ ცოტა კიდე მელირება, თუ შავი… მერე ქიმიური დახვევა და გასწორება… მართლა დავტანჯე თმა და გავაუბედურე. ახლა გამოჯანსაღების პროცესში ვარ. ღია ყავისფრად მაქვს შეღებილი, ჩემს ბუნებრივ თმასთან მიახლოებულ ფერზე და ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ბუნებრიობა ყველას უხდება.

– ანუ, სარკეში რომ ჩაიხედავ, როგორი თაკო გიყურებს?

– ხშირად – დაღლილი, ხშირად – გახარებული და ძალიან ბედნიერი.

– ამ ბედნიერებამდე სავალი გზა რთული იყო?

– ძალიან. არ იყო მარტივი სარკეში ჩახედვამდე გამოვლილი გზა. მადლიერი ვარ ღმერთის, რაც მაქვს და ყოველი დღის გათენებისთვისა და დაღამებისთვის.